ტრამპის "საბრძოლო ნათლობა" და აშშ-სა და რუსეთის მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები

ტრამპის "საბრძოლო ნათლობა" და აშშ-სა და რუსეთის მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები

7 აპრილს გამთენიისას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აშშ-მა სირიის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა. ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი საესკადრო ნაღმოსნიდან (USS Ross და USS Porter) სირიის მიმართულებით BGM-109 Tomahawk-ის ტიპის 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ამერიკელების სამიზნეს შარიათის სამხედრო ავიაბაზა წარმოადგენდა. რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის ბრძანება პირადად გასცა. ტრამპის განმარტებით რამდენიმე დღის წინ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება სწორედ შარიათის ავიაბაზიდან მოხდა.

იერიშის შედეგად ბაზამ მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. აშშ-ის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ყველა გაშვებული რაკეტა მიზანს მოხვდა. შარიათის ავიაბაზაზე, სადაც სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების 4 ესკადრილია ბაზირებს, განადგურდა სამხედრო თვითმფრინავები, ანგარები, იარაღისა და საწვავის საწყობები, შენობა-ნაგებობები. ვაშინგტონის განმარტებით, მათ მიზანს მხოლოდ სამხედო აეროდრომი და მისი მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. 2016 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში ამ აეროდრომზე რუსებს თავიანთი საბრძოლო შვეულმფრენები ჰყავდათ განთავსებული.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია. ჰომსის პროვინციის გუბერნატორის ცნობით, დაიღუპა 5 ადამიანი.

ოფიციალური ვაშინგტონის განმარტებით, საზღვაო დარტყმა, 4 აპრილს ქალაქ ჰან-შეიჰუნში სირიის სამთავრობო ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ განხორციელდა. მაშინ მომწამვლელმა აირმა (სავარაუდოდ ზარინი) 74 ადამიანი შეიწირა. 550-ზე მეტმა ინტოკსიკაცია მიიღო.

დადასტურებული ცნობები ამ დრომდე არ არსებობს. ისევე როგორც არ არსებობს დადასტურებული ცნობები იმისა, რომ ეს ქიმიური იარაღი სამთავრობო ჯარებმა გამოიყენეს. სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. BBC-ის ვერსიით, საჰაერო იერიში სირიის არმიამ მართლაც განახორციელა, თუმცა არა ქიმიური იარაღის გამოყენებით. თვითმფრინავებმა "ისლამური სახელმწიფოს" იარაღის საცავი დაბომბეს, სადაც როგორც შემდგომ გაირკვა ტერორისტების ქიმიური საბრძოლო საშუალებები ინახებოდა.

სირიის სამოქალაქო ომში, ეს ქიმიური იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. 2013 წლის 21 აგვისტოს, დამასკოს შემოგარენში ზარინის გამოყენებამ 281-დან 1729 ადამიანამდე იმსხვერპლა.

სირიის საკითხთან მიმართებაში მოსკოვსა და ვაშინგტონს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები უჭირავთ.

2015 წილის 30 სექტმბერს აქტიურ მოქმედებაზე გადასულმა მოსკოვმა სირიაში საჰაერო ოპერაცია წამოიწყო. ჰეიმიმის ავიაბაზაზე გამანადგურებლები, მოიერიშეები და ბომბდამშენები გადაისროლეს. რუსული სამხედრო ავიაცია სირიის სამთავრობო ჯარებს მხარდაჭერას უწევდა და ისლამური სახელმწიფოს ობიექტებს ანადგურებდა. საბრძოლო ოპერაციაში კრემლმა სტრატეგიული ბომბდამშენებიც ჩართო, რომლებიც მიზნებს ფრთოსანი რაკეტებით უტევდნენ. 2015 წლის 15 ნოემბერს განხორციელებული მასშტაბურ ავიაიერიშში შორი ავიაციის 25-მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა.

აქტიურად მოქმედებდნენ რუსული თვითმფრინავები გასული წლის აგვისტოშიც. 21-25 რიცხვებში ყოველდღიურად რუსეთის ტერიტორიიდან აფრენილი თვითმფრინავები სირიის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზნებს ბომბავდნენ.

ოფიციალური მონაცამებით, საჰაერო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სირიაში რუსულმა თვითმფრინავებმა 18 ათასზე მეტი საბრძოლო გაფრენა შეასრულეს. ხშირად ამ ავიადარტყმებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება.

სანამ რუსები სირიას ბომბავენ, ამერიკელები მეზობელ ერაყში მოქმედებენ. მათი თვითმფრინავები ისლამური სახელმწიფოს 2014 წლის აგვისტოდან ებრძვიან. ერაყის არმიისთვის საჰაერო მხარდაჭერასთან ერთად, ამერიკული ავიაცია ტერორისტების მიერ კონტროლირებად ერაყის ტერიტორიაზე პერიოდულად სხვადასხვა ობიექტს ბომბავს. ამავე პროცესშია ჩართული დიდი ბრიტანეთის სამხედრო ავიაციაც.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე