"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის საჯარიმო სანქციები 50 ლარიდან, ხოლო იურიდიული პირებისთვის 500 ლარიდან დაიწყება.
როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, კანონის ადმინისტრირებას ფიზიკურ პირებთან მიმართებაში შსს, ხოლო იურიდიულ პირებთან ფინანსთა სამინისტრო მოახდენს. თუმცა პროცესში ჩაერთვება სხვა უწყებებიც, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის ობიექტებზე, ტრანსპორტზე პასუხისმგებელი ტრანსპორტის შესაბამისი სამსახურები იქნებიან, ხოლო რეკლამის კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრირების ორგანო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაა.
"თუ ფიზიკური პირი, მაგალითად, კაფეში ან რესტორანში ეწევა თამბაქოს, მას შსს დააჯარიმებს, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაციას ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციამ მოქალაქის ნეიტრალიზება თავისი ძალებით ვერ მოახერხა, ვერ აუკრძალა მას მოწევა და პატრული გამოიძახა, ფიზიკურ პირს შსს დააჯარიმებს და ადმინისტრაცია აღარ დაჯარიმდება. ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 50 ლარიდან დაიწყება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. იურიდიულ პირებზე მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით ჯარიმა 500 ლარიდან დაიწყება. განმეორების შემთხვევაში ეს თანხაც ორმაგდება. იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო სანქცია 2000 ლარს აცდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო შემოდის. მაქსიმალური საჯარიმო სანქცია 10 000 ლარია დიზაინის დარღვევის შემთხვევაში", - განმარტა გიორგი ბახტურიძემ.
"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას მაისის ბოლომდე ვარაუდობს.
მისივე ინფორმაციით, კანონის ძირითადი მუხლები 2018 წლიდან შევა ძალაში. ნაწარმის ხილვადობის აკრძალვა ორი წლის შემდეგ, სტადიონზე მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვა კი, სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე - ე.წ. დრაივი.
ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.