რატომ ვერ აგნებთ მისამართებს თბილისში? - ქუჩისთვის სახელის მინიჭების პროცედურა და სიახლეები, რომელიც დედაქალაქში იგეგმება

რატომ ვერ აგნებთ მისამართებს თბილისში? - ქუჩისთვის სახელის მინიჭების პროცედურა და სიახლეები, რომელიც დედაქალაქში იგეგმება

ალბათ ხშირად აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა ამა თუ იმ მისამართისთვის ვერ მიგიგნიათ, ან უსახელო ქუჩაზე მოხვედრილხართ. ამის მიზეზი ის გამუდმებული მშენებლობის ბუმია, რომელიც უკვე რამდენი წელია ჩვენს ქალაქშია გაჩაღებული. წინსვლის და განვითარების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ასე ქაოსურად მშენებლობის დაწყება კი არა, არანაირი საქმის წამოწყება არ შეიძლება. ქალაქის გაზრდა დაერთო კომუნისტებისდროინდელი ქუჩების სახელდების სისტემით გამოწვეულ უამრავ ხარვეზს, საბოლოოდ კი ხელში შეგვრჩა მძიმე შედეგი...

"ტექნოლოგიების არქონა, კუსტარულად კეთდებოდა ყველაფერი, არა ნახაზი, არა რუკა. მოკლედ, ნახაზმა ბევრი რამ დახვეწა და ახლა ხარვეზებს თანდათან ვასწორებთ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, უამრავი რამ შეიცვალა, ახალი პიროვნებების ბიოგრაფიები გახდა საჭირო, თან, ქალაქიც გაიზარდა, უსახელო ქუჩები გაჩნდა. მოკლედ, ბევრი ნიუანსია, ვცდილობთ, საზოგადოების, მოქალაქეების აზრი გავითვალისწინოთ", - გვეუბნება ლია ჯახველაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, "სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის" თავმჯდომარე.

"ის, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ მისამართის მისაგნებად დროს და ენერგიას ვკარგავთ, ეს მაინც იმ არქიტექტურული თუ მშენებლობის ბუმით გამოწვეული პრობლემაა, რომელიც წლებია ქალაქში გრძელდება. ჩაემატა კორპუსები და რიგითობა თავისთავად დაირღვა. ამასთან, პრობლემაა ისიც, როდესაც ერთი ქუჩის პარალელურად, მიმდებარედ მიმდინარეობს განაშენიანება, მაგალითისთვის თენგიზ აბულაძის ქუჩა რომ ავიღოთ, იმ დასახლებაში ყველაფერი თენგიზ აბულაძეთი გადაინომრა. თან, რიგითობა და ნუმერაცია იმის მიხედვით მიენიჭა, როდის რომელი კორპუსი აშენდა. ამან გადანომვრის თვალსაზრისით, სერიოზული გაუგებრობა წარმოქმნა, სხვა რომ არაფერი, ახალი ქუჩა გაჩნდა. ქუჩა ჩიხით, ჩიხის შესასვლელით და გასასვლელით. ეს კატეგორიულად დაუშვებელია!

ქუჩა არის ერთი არტერია და უნდა ჰქონდეს ან შესასვლელი, ან გასავლელი, ან ჩიხი. თუ შესასვლელი უკეთდება და კიდევ რაღაც ქვედანაყოფი, უკვე ცალკე ქუჩად უნდა გამოიყოს და კორპუსებს მისამართი შეეცვალოს", - გვიხსნის ქალბატონი ლია.

- ისე, დასახლებებში კორპუსები უმეტესად არა ქუჩებით, არამედ, მიკრორაიონებითა და კვარტლებით არის დამისამართებული...

- კვარტალიც არ არის სწორი და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახელწოდება, ის მშენებლობის პროცესში მინიჭებული მისამართია, რომელიც უბრალოდ შემორჩა. მათ შეცვლას მოქალაქეები ჯერჯერობით მტკივნეულად უდგებიან, ამიტომ, შეცვლისგან თავს ვიკავებთ.

ასე რომ, სადაც ასე თუ ისე დამჯდარი მისამართია, ჯერ არ ვეხებით.

მაგალითისთვის ავიღოთ, "ჭავჭავაძის 5". ეს მისამართი დეველოპერულმა კომპანიამ მიანიჭა და ამით ხალხი მიიზიდა, მაგრამ სად აშენდა ეს კორპუსები? ჭავჭავაძის გამზირიდან აბსოლუტურად მოცილებულად, ახალ გზაზე.

- ვიღაც ხომ უნდა აკონტროლებდეს ამას?

- ამიტომაც დავიწყეთ კონტროლი, - მივანიჭეთ მას ქუჩის სახელი, მაგრამ მოსახლეობა მოვიდა და ითხოვა, "ჭავჭავაძის 5" დაგვიბრუნეთო. ეგონათ, რომ მათ ეს მისამართი წავართვით, არადა, არასდროს ჰქონიათ ასეთი სახელი, ის დეველოპერული კომპანიის სახელწოდება გახლდათ. რეალურად, ჭავჭავაძის 5 უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარედაა. ბევრია ასეთი დარღვევა.

- ზოგადად როგორ ხდება მონაკვეთისთვის ამა თუ იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელის მინიჭება. რა ეტაპებია ამისთვის გასავლელი?

- გვაქვს შესაბამისი ბაზა და ამავე დროს, მომართვებიც - ხან საინიციატივო ჯგუფი მოგვმართავს, ხან - სამთავრობო. არის დამეგობრებული ქალაქების ნუსხა, გვყავს უამრავი გმირი აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომებიდან, თანამედროვე ისტორიიდან, ღირსეული პიროვნებები, საიდანაც ხდება სახელების მოძიება, შერჩევა, კომისიისთვის ბიოგრაფიის წარდგენა. გარდა ამისა, ოჯახსაც ვუთანხმებთ, აქვს თუ არა სურვილი, მათი ოჯახის წევრის სახელი ამა თუ იმ ქუჩას მიენიჭოს... ხანდახან არის, როცა პიროვნება რაღაცით (სკოლით, ბაღით, უბნით) უკავშირდება კიდეც იმ ადგილს...

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ თემაზე მუშაობისას გამოკითხვა ჩავატერე, - რა ინფორმაცია აქვთ მოქალაქეებს იმ პიროვნებაზე, ვისი სახელობის ქუჩაზეც ცხოვრობენ და ძალიან ცოტას თუ აქვს ინფორმაცია.

- ამისთვის ქუჩის პირველ ნომერთან კეთდება სპეციალური აბრა, სადაც იმ პიროვნების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობებია დატანილი... ეს ხარვეზიც თანდათან სწორდება...

- ვთქვათ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა შეთანხმდა, მხარი დაუჭირა, რომ ამა და ამ პიროვნების სახელი მიენიჭოს ქუჩას, მერე რა ხდება?

- ახალი წესის მიხედვით, ინფორმაცია საკრებულოს ვებ-გვერდზე იტვირთება, სადაც 20 დღეა განთავსებული იმისთვის, რომ საზოგადოება გაეცნოს და ამ პერიოდში თუ ვინმეს რაიმე აზრი გაუჩნდება, დააფიქსიროს. შემდეგ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირებს განმცხადებლებთან ერთად ვიწვევთ და საჯარო განხილვას ვაწყობთ, გაგვაქვს სახელდების კომისიაზე, ხოლო კომისიის რეკომენდაცია უკვე ბიუროსა და სხდომაზე გადის.

მიღებულ განკარგულებას კი საჯარო რეესტრსა და სამისამართო სამსახურში ვაგზავნით, - ვთხოვთ, რუკაზე ქუჩა დაიტანოს და გააკეთოს სისტემური ნუმერაცია, ანუ ყველა ბინას და საკადასტრო კოდს უნიკალური ნომერი მიანიჭოს, რომელიც აბრაზე უნდა იქნას დატანილი. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, უკვე მერიის კეთილმოწყობის სამსახურს მივმართავთ, რომლიც აბრების დამზადებს იწყებს. წელს აბრებისთვის საკმაოდ გვაქვს თანხები (600.000 ლარი) გამოყოფილი. ამასთან, განსხვავებული აბრების გაკეთებაც გვინდა...

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ამა თუ იმ კვარტალში (გლდანი, ვარკეთილი) დაიდგმება კვარტალური რუკა, რომელზეც ყველაფერი დაიტანება. ეს ორიენტაციისთვის დაეხმარება ადამიანებს, თუნდაც, სასწრაფო დახმარებას, სახანძროს, უცხო სტუმარს, ტურისტებს.

- კეთილმოწყობის სამსახურში, კერძოდ, რომელი კომპანია მუშაობს აბრების დამზადებაზე?

- ტენდერში გამარჯვებული კომპანია. მასთან ხელშეკრულება როგორც კი გაფორმდება, ვიბარებთ გამარჯვებულ კომპანიას იმისთვის, თუ რა ხარვეზია გამოსასწორებელი, რომ აბრების დამზადებისას გაითვალისწინოს.

- არსებული ხარვეზების გამოსწორება როდის დასრულდება?

- ძალიან ბევრი სამუშაოა, დედაქალაქის გარდა, 21 ქალაქს შემოერთებული სოფელია, სადაც არანაკლები სამუშაოა ჩასატარებელი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ სიტუაცია გაამარტივა, თუმცა ზოგადად სკურპულოზური სამუშაოა. ამიტომ, ეს ყველაფერი ისეთივე დინამიკაში იქნება სულ, სანამ ქალაქის მშენებლობით გამოწვეული მავნებლობა არ შეჩერდება. თუმცა, ჩვენი სამსახური ამ საქმეში 2006 წლიდან ჩაერთო. მანამდე მომხდარი ცვლილებები ჩვენთან არ ინახება, რადგანაც, როგორც ვამბობ, საკრებულოს ეს ინფორმაცია 2006 წლიდან აქვს...

- ამ ქალაქში უსახელო ქუჩებიც დაგროვდა. რას გვეტყვით ამაზე?

- დიახ, უამრავი უსახელო ქუჩაა, რასაც მივყვებით და ნელ-ნელა ვაკეთებთ... ყველაფერი მშენებლობის ბუმის ბრალია... გაჩერებების სახელდებაც გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამასთან ახალი მეტროს გახსნა, სკვერები, გამზირები, პარკები ჩვენი კომპეტენციაა. მოკლედ, არ ვჩერდებით, თუმცა საქმე ძალიან ბევრია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი