სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. "ინტერფაქსის" ცნობით, ერთ-ერთი მათგანი 23 წლის მამაკაცი იყო, რომელიც სავარაუდოდ, შუა აზიიდან იყო. პარალელურად რუსეთის მეხუთე არხმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" კიდევ ერთი ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მეტროსადგურში Площадь Восстания ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა - ბომბი 1 კილოგრამ ტროტილს შეიცავდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ორივე მათგანს კავშირი ისლამისტებთან ჰქონდა.
ბოლო მონაცემებით, სისხლიან თავდასხმას 11 ადამიანი ემხვერპლა, 51 კი დაშავდა. მედიკოსები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან საავადმყოფოში მოთავსებული რამდენიმე მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულია.
4 აპრილიდან სანკტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. რუსეთის პატრიარქი კირილი გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გადაიხდის.