"იმედის დროს" სამი ჟურნალისტი და პროდიუსერი გადაცემიდან გაუშვეს

"იმედის დროს" სამი ჟურნალისტი და პროდიუსერი გადაცემიდან გაუშვეს

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის დროს" შემადგენლობაში ცვლილებებია. გადაცემიდან ერთი პროდიუსერი და სამი ჟურნალისტი გაუშვეს.

აღნიშნული ინფორმაცია პირველად გადაცემის პროდიუსერმა სოფო ნიკოლაიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გააჟღერა: "ვემშვიდობები "იმედის დროს", წარმატებებს ვუსურვებ იქ დარჩენილ ჟურნალისტებს, თქვენ კი წინ! ახალი აღმოჩენებისკენ!" - წერს პროდიუსერი და პოსტში გადაცემის წამყვან ჟურნალისტებს - სოფო მთივლიშვილს, ხათუნა გაგნიძესა და მარიკა ბაკურაძეს მოიხსენიებს, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, ასევე გაუშვეს გადაცემიდან.

მოგვიანებით, ინფორმაცია აღნიშნულმა ჟურნალისტებმაც დაადასტურეს ფეისბუქის პირად გვერდებზე:

სოფო მთივლიშვილი: "ასეც ხდება, "იმედის დროში" აღარ ვარ. მჯერა ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება!"

ხათუნა გაგნიძე: "არც მე აღარ ვმუშაობ "იმედის დროში", რომელიც სატელევიზიო ჟურნალისტიკაში ჩემი პირველი ნაბიჯი იყო. სოფო ნიკოლაიშვილი კი ადამიანი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ძალიან დიდი გამოცდილება გამიზიარა. მიყვარს როგორც პროდიუსერი და მიყვარს, როგორც ადამიანი. ახლა ასე ერთად, სხვა გეგმები გვაქვს და მჯერა, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, თქვენს სამსახურში მიგულეთ. წარმატებები "იმედის დროს", რომელიც ყოველ კვირას, 8-ზე აუცილებლად უნდა ნახოთ".

რა გახდა გადაცემიდან ჟურნალისტების გაშვების მიზეზი და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ "იმედის დრო" იხურება? - ამის გასარკვევად "იმედის დროს" უკვე ყოფილ პროდიუსერს სოფო ნიკოლაიშვილს დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ საღამოს ანალიტიკური გადაცემის ჟურნალისტები დილის გადაცემაში გადაინაცვლებენ:

"მე და სამი ჟურნალისტი გადაგვიყვანეს "იმედის" ახალ პროექტში. ახალი გადაცემა უფრო საინფორმაციოს სტილის იქნება, სადაც უფრო მეტი საქმე მექნება. ამჟამად დეტალებს ვერ გაგაცნობთ, რადგან ყველა ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებით მეც არ მაქვს, მაგრამ გადაცემა დაახლოებით CBS-ის გადაცემის სტილის იქნება. ჩვენს მაყურებელს მეტად უფრო ინფორმაციულ და დინამიურ დილის გადაცემას შევთავაზებთ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გადაცემა "იმედის დრო" დაიხუროს, სიმართლეს არ შესაბამება. გადაცემა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ჩვენს ადგილს სხვა ჟურნალისტები დაიკავებენ, ჩვენ კი ახალ პროექტზე ვიმუშავებთ", - განაცხადა ჩვენთან საუბარში "იმედის დროს" ყოფილმა პროდიუსერმა.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი