"დილით სამსახურში მივდიოდი. ოთახში რომ შევედი, ჩემი მარიამი საწოლზე იდგა და დამიძახა, - მამიკო, მოდი ჩემთან, ძალიან მაგრად უნდა გაკოცოო. ბავშვი გულში ჩავიკარი. მთელი სახე დამიკოცნა და მეუბნებოდა, - მამა, ძალიან, ძალიან მიყვარხარო. - მეც ძალიან მიყვარხარ მამიკო, ხომ იცი-მეთქი, ვუთხარი და მოვეფერე, მოვესიყვარულე ჩემს პატარა გოგოს. მერე დავარიგე, - აბა, შენ იცი მამიკო, დედას დაუჯერე, მე ახლა სამსახურში წავალ-მეთქი და წავედი. მერე ეს საშინელება გავიგე, ჩემი მარიამი აღარ მყავს, ჩემი გონიერი, ჭკვიანი გოგო. ისეთ კითხვებს მისვამდა, ზოგჯერ ვფიქრობდი, ამ პატარა გოგომ ამდენი რამ საიდან იცის-მეთქი?" - მითხრა 8 წლის მარიამის თვალცრემლიანმა მამამ, რომელსაც დიდი სიჩქარით მიმავალმა მძღოლმა ცხოვრება ერთ წამში დაუნგრია.
...მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა და აღმაშენებლის ხეივანზე, გაჩერებასთან მდგარ დედა-შვილს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ პატარა გოგონა საკმაო მანძილზე მოისროლა და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მარიამის დედა, 45 წლის ნანა ოჩიგავა კი ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
ჯიქურაძეების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და წლებია, ვაშლიჯვარში, დევნილთა დასახლებაში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. ოთახის კედლები მარიამის ხელით არის მოხატული, დღეს მის სამეცადინო მაგიდაზე მისი ნახატები, ნაძერწი ნივთები, ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერები, წერილი და ანთებული კანდელი დევს. მისი ოთახი ფოტოებითაა სავსე, კედელზე კი ხატებია, რომლის წინაც პატარა გოგონა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ლოცულობდა.
მარიამი ოჯახის ნაბოლარა შვილი იყო. მას 21 წლის ძმა ჰყავს და ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ძმას უთქვამს, - 13 წელი ვნატრობდი, რომ და მყოლოდა, 8 წელი ერთად ბედნიერად ვიცხოვრეთ და როგორ ერთ წამში მომიკლესო. სწორედ ის ჩავიდა ტრაგედიის ადგილას პირველი. ძმამ ნათესავებთან ტრაგედიის წინა დღეც გაიხსენა: წინა დღეს თურმე ილოცა, ლოცვის დროს სახე ფანჯრისკენ ჰქონდა მიტრიალებული, ლოცვას რომ მორჩა და მობრუნდა, საშინლად ტიროდა, მაგრამ მაშინ მე მისთვის არ მიკითხავს, რატომ ტიროდაო.
სვეტლანა ბერულავა, მარიამის ბებია: აფხაზეთიდან დევნილები ვართ და წლებია, აქ ვცხოვრობთ. ნანა ოჯახთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობდა, ჩემი მეორე ქალიშვილი, ნინო კი თავის შვილებთან ერთად - გვერდით ოთახში. ყოველ დილით ყველანი ერთად გადიოდნენ სახლიდან. ნანას არასოდეს გაუშვია მარიამი მარტო. 140-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. აქ ტრანსპორტი არ ამოდის, ამიტომ აღმაშენებლის ხეივნამდე ფეხით ჩადიოდნენ და იქიდან ტრანსპორტით მიდიოდნენ. იმ დილით ბავშვმა ოთახში შემოირბინა და დეიდამისს უთხრა, არ მოდიხარო? ნინომ უპასუხა, - წადით თქვენ და მე დაგეწევითო. ცუდი ამინდი იყო და ტანსაცმლის გამოცვლა დასჭირდა, ამიტომ შეყოვნდა, თორემ ერთად იქნებოდნენ სამივე. ბავშვი რატომღაც ცოტა მოწყენილი მოგვეჩვენა, მაგრამ მალე გავიგონეთ, ჩვენი ლამაზი მარიამი სიმღერ-სიმღერით როგორ გავიდა სახლიდან, დედამისთან ერთად. 9 საათი დაწყებული იყო, სახლიდან რომ გავიდნენ. 9-ის 15 წუთზე კი ეს საშინელება მოხდა. ჩემი მეორე ქალიშვილი, ნინოც მალე გავიდა, მაგრამ სანამ გაჩერებამდე მივიდოდა, სამარშრუტო ავტობუსი შეხვდა და წავიდა, მან ტრანსპორტში გაიგო, რომ გაჩერებაზე ავარია იყო მომხდარი... წაიკითხეთ სრულად