საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოქმედ პროგრამაში, რომელიც რამდენიმე წელია ხორციელდება, სიახლეა - საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის დისტანციური სწავლების მეთოდი დაინერგა.
ამის შესახებ "ამბები.გე-სთან" საუბარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება" მენეჯერმა თამარ კეკელიძემ განაცხადა.
"აღნიშნული პროგრამა 2016 წლიდან ამ სახელწოდებით ხორცილდება, თუმცა აერთიანებს წარსულში ცენტრის მიერ განხორციელებულ 2 პროგრამას, რომლებიც მუშაობდნენ ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით. 2017 წლიდან პროგრამაში გვაქვს მნიშვნელოვანი და სასიხარულო ცვლილება, ეს გახლავთ ქართული ენის დისტანციური სწავლება საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით დისტანციური სწავლება საპილოტე რეჟიმში 2016 წელს განხორციელდა და ჩართული იყვნენ მოსწავლეები დიდი ბრიტანეთიდან. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნიდან დისტანციურ სწავლებაში ჩართვის მსურველი მოსწავლეების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, გადაწყდა პროგრამის მასშტაბების გაზრდა. ქართული ენის დისტანციური სწავლების ქვეპროგრამის ფარგლებში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან და Microsoft საქართველოსთან. ამ ეტაპზე, უკვე რეგისტრირდებიან მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საბერძნეთიდან", - განაცხადა თამარ კეკელიძემ.
მისივე ინფორმაციით, სამიზნე ჯგუფში დისტანციური სწავლების რეჟიმში 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები მოიაზრებიან. ამ ეტაპზე 300-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული და აქტიურად მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება ასაკის და ენის ფლობის დონის გათვალისწინებით.
ასევე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მასწავლებლების შერჩევისა და მომზადების ეტაპიც.
"პირველ ეტაპზე უკვე შერჩეულია და გადამზადებულია 15 მასწავლებელი და უახლოეს მომავალში მასწავლებლების უკვე მეორე ნაკადის მომზადება იგეგმება", - აღნიშნა თამარ კეკელიძემ.
რაც შეეხება პროგრამის სხვა მიმართულებებს, რომელიც უშუალოდ ეთნიკური უმცირესობებისთვის ხორციელდება, კეკელიძის განმარტებით, ეს გახლავთ სამიზნე სკოლების ადგილობრივი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების შეთავაზება. აღნიშნულ კურსს უძღვებიან პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები.
"2016 წელს ერთ ნაკადთან საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ სახელმწიფო ენის კურსი. გასული წლის ოქტომბერში ქართული ენის კურსი დავიწყეთ არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი მასწავლებლების მეორე ნაკადთან, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის აპრილის პირველ ნახევარში. უახლოეს მომავალში საბოლოო შეფასებას განვახორციელებთ და ამის შემდეგ მსმენელებს ენის ფლობის დონის დამადასტურებელ სერთიფიკატებს გადავცემთ. პროგრამა "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება" ასევე ითვალისწინებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ტრენინგის შეთავაზებას ქართულ ენაზე. კერძოდ, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც დაადასტურეს ქართული ენის ფლობა ა2+ დონეზე, ვთავაზობთ პროფესიული უნარების ტრენინგს. ამ დროისთვის დაახლოებით 100-მდე მასწავლებელმა გაიარა პროფესიული უნარების ტრენინგი და უახლოეს მომავალში ამდენივე მასწავლებლის ტრენინგი იგეგმება" – თქვა კეკელიძემ.
"პროგრამის მნიშვნელოვანი მიმართულებაა არაქართულენოვანი სკოლების საკადრო დეფიციტის ნაწილობრივი შევსება, რაც გულისხმობს ამ სკოლებში, როგორც ქართულის, როგორც მეორე ენის კვალიფიციური კონსულტანტ-მასწავლებლების, ასევე დამხმარე მასწავლებლების, მათ შორის, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების მივლენას. ამ ეტაპზე 197 სკოლაში ვართ წარმოდგენილები 114 კონსულტანტ მასწავლებლით და 161 დამხმარე მასწავლებლით", - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება" მენეჯერმა.