რუსულმა საიტმა Championat.com-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდ გიორგი დემეტრაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ რუსული საიტის ვერსიით, დემეტრაძე საუკეთესო ქართველი ლეგიონერია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე რუსეთის ჩემპიონატში უთამაშია. შეკითხვები არა მხოლოდ სპორტს, დემეტრაძის ციხეში გატარებულ რამდენიმე წელსაც შეეხო. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც ციხიდან გაგათავისუფლეს. ახლა რითი ხარ დაკავებული?
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერად ვმუშაობ. რასაც დამავალებენ, იმას ვაკეთებ. წელს ჩვენს ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობს და 4 წრე იქნება. სახელმწიფო კლუბებს თანხას აძლევს - რაც უფრო მაღლა იქნები სატურნირო ცხრილში, მით უფრო დიდი შემოსავალი გექნება. ვნახოთ, რა გამოვა....
- ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში გადანაშაულებდნენ. ეს რას ნიშნავს?
- იგივეს ვეკითხებოდი მოსამართლეს. "ქალბატონო, ექვსი წლიდან ფეხბურთს ვთამაშობ, რა ქურდული ტრადიციები შეიძლება მქონდეს?" მისთვის კი სულერთი იყო. საქმეებს პერანგივით კერავდნენ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.
- თქვენ ხომ თანხით დაკავეს, თითქოს კოლექტორის ფუქციას ასრულებდით და კლიენტი-ბუკმეკერებისთვის ფულის ამოღებაზე მუშაობდით.
- მითხრეს, თითქოს თანხა "ქურდულ ობშიაკში" შემქონდა. კუპიურებზე კი თითების ანაბეჭდებიც არ აღმოჩნდა. ფული ჩამიდეს. ამის შესახებ მოსამართლესაც ვუთხარი: "შეხედეთ ჩემ ჯიბეებს - ამხელა ფული როგორ ჩაეტეოდა?" მან მიპასუხა: "ხელში გეჭირა". რა ხელში?
- აბა, რას გერჩოდნენ?
- გვარები დამისახელეს, რომელთა წინააღმდეგ გამზადებული ჩვენება უნდა მიმეცა. მაგრამ 30 წელი ვიცხოვრე პატიოსნად და დამბეზღებელი ვერაფრით გავხდებოდი.
- ზეწოლა როგორი იყო?
- ცემა და წამება ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. ციხეში პოლიციელები პატივისცემით მეპყრობოდნენ. მეკითხებოდნენ: "ეს როგორ მოგივიდა?" მაგრამ მე ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი, აი, სხვებს კი უბრალოდ, სულს ხდიდნენ. აი, მიყავხარ დასაკითხად და ხედავ, როგორ სცემენ გისოსზე ხელბორკილით მიბმულ ადამიანს, სულ გასისხლიანებულს. საქართველოში უკანონობა მეფობდა, ქვეყანა წამების ადგილად იქცა. მაშინ მივხვდი, რომ ჯობს შენ გცემონ, ვიდრე ამ საშინელებას გვერდიდან უყურო.
- მაშინ კახა კალაძე გამოგესარჩლათ...
- ჩვენ მეგობრევი ვიყავით და ვართ. მაშინ ის პოლიტიკოსი გახდა და მიშას დაუპირისპირდა. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი დაკავება კახას საქმიანობისთვის ხელის შეშლასაც უკავშირდებოდა. მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ არ დავნებდებოდი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტეს. პრეზიდენტისგან სამი წინადადება მოვიდა შეწყალებაზე. უბრალოდ, საჭირო იყო თქმა: "დიახ, ვაღიარებ" და ციხის კარი გაიღებოდა.
- უარი რატომ თქვით?
- იმიტომ, რომ დამნაშავე არ ვიყავი. ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აგრძელებდნენ. ექვსი წელი მომისაჯეს, კამერიდან კამერაში დავყავდი, სამუდამო პატიმრებთანაც მამყოფეს. ეს მართლა საშინელი დრო იყო... მაგრამ 2,5 წლის შემდეგ სააკაშვილმა თავად შემიმცირა ვადა.
- მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ეს გადარეული, ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც მთელი ერი, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, ციხეში ჩასვა. იმხანად მთელ ევროპაში ყველაზე ბევრი პატიმარი ჩვენთან იყო. უბრალოდ, დააკვირდით მიშას: როგორ ლაპარაკობს, ჭამს, დადის - იმედი მაქვს, უკრაინაში კარგ ექიმს გამოუძებნიან. საქართველოში კი ალბათ ვერასდროს დაბრუნდება, რადგან სერიოზული მუხლითაა გასამართლებული... განაგრძეთ კითხვა