თბილისის საქალაქო სასამართლო სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფის" წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია მ.-სა და რუსუდან კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ბრალდებული რუსუდან კ. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.
მათ ბრალად ედებოდათ თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (5 ეპიზოდი), მათვე ბარალდ ედებოდათ მითვისება, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (2 ეპიზოდი), ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ჯგუფურად უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონების შეძენა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (შპს მზიური ველის ეპიზოდი).
ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი მხრიდან თაღლითობისა ("ცენტრ-პოინტი ინვესტის", "ცენტრ-პოინტი კრწანისის", "ცენტრ-პოინტ სიტის" და შპს "მზიური ველის", შპს "ცენტრ-პოინტ სიტის" ეპიზოდები, ასევე მიწების და გაწერის ეპიზოდი - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და მითვისების (ე.წ. "წილების" და შპს "მზიური ველის" ეპიზოდები) ჩადენის ფაქტი ყველა ეპიზოდში, ხოლო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების ნაწილში. 2012 წლის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, რუსუდან კ.-სა და მაია რ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.