რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის საბავშვო ბაღებიდან აღებული ხორცის ნიმუშების კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით.
სამინისტროს ცნობით, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო.
"ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს "ბადა" დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დაბინძურებული საკვები, რუსთავის ბაღების ერთადერთი პრობლემა არაა. AMBEBI.GE-ს რედაქციას დაუკავშირდა რუსთავის მაცხოვრებელი, რომლის ინფორმაციითაც, რუსთავის 36-ე ბაღში გაუსაძლისი პირობებია. ქალბატონის თქმით, მისი ორი შვილი ბოლო რამდენიმე წელია დაჰყავს აღნიშნულ ბაღში და აქ სიტუაცია წლების მანძილზე არ იცვლება. შენობა დაზიანებულია, ბავშვებს არ აქვთ სათამაშო ეზო, ოთახში კი კედლიდან წყალი ჩამოდის - ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებიც მოგვაწოდა.
ვითარების გასარკვევად, რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ეკა ხუციშვილს დავუკავშირდით. მისი თქმით, ჩვენი რესპონდენტის შეფასებები გადაჭარბებულია:
"36-ე ბაღში ნამდვილად არ არის სავალალო სიტუაცია და ქალბატონის განცხადება იმის შესახებ, რომ მათი შვილები საფრთხის ქვეშ არიან, ტყუილია. ბაღში წყალი აღარ ჩამოდის იმიტომ, რომ სახურავი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია. ამ შენობის ერთ ნაწილში სკოლა იყო განთავსებული, ნაწილში დევნილები ცხოვრობდნენ და მათ მიერ არის ეს ყველაფერი დაზიანებული, თუმცა მერიამ ყველაფერი შეაკეთა. ამ ბაღში ჯგუფების ნაწილი გარემონტებულია და ეტაპობრივად ყველა ჯგუფი გარემონტდება, არა მარტო 36-ე ბაღში, არამედ ყველა ბაღში, სადაც კი ამის საჭიროებაა. მით უმეტეს, კანონი ამას გვავალდებულებს. ვადა მოგვცა მთავრობამ, 2020 წლამდე აბსოლუტურად ყველა ბაღი უნდა იყოს კეთილმოწყობილი და გარემონტებული" - აღნიშნა რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
თუმცა, ეკა ხუციშვილმა არ უარყო, რომ ბაღის აღსაზრდელებს სათამაშო, კეთილმოწყობილი ეზო არ აქვთ:
"შეიძლება ეზოში ახალი ტიპის სათამაშოები დამონტაჟებული არ არის, სამაგიეროდ სააღმზრდელო პროცესი ძალიან მაღალ დონეზეა, რასაც მთელი საქართველო აღიარებს, რომ რუსთავის ბაღებში ძალიან მაღალ დონეზეა სააღმზრდელო პროცესი. ბავშვებს არც სათამაშოების ნაკლებობა აქვთ. სხვა ყველაფერი, რომ დამაკმაყოფილებელია, ამას რატომ არ აღნიშნავს მშობელი? რა ფოტოც გაავრცელა ამ ქალბატონმა, კი, ოთახი არის ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ნამდვილად არ არის საშიშროების შემცველი. ოთახში საფრთხე რომ იყოს, ბავშვებს ხომ არ გავაჩერებდით? ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება, მაგრამ ბავშვებს გარეთ ხომ არ გავიყვანთ? რა ვუთხრა სხვა მშობლებს, ერთ მშობელს უნდა, რომ ოთახში კედელი გავაკეთო და ამიტომ სასწავლო პროცესი ჩავშალოთ? ზაფხულში, როდესაც არდადაგები დაიწყება, ყველაფერს გავაკეთებთ. ის ფოტოები რატომ არ გაავრცელეს, იმავე ჯგუფის ოთახში როგორი სამზარეულო აქვთ, როგორი აბაზანები აქვთ?" - აღნიშნა საუბრისას რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ეკა ხუციშვილმა.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE