პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შსს-ს ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ვერტმფრენმა პირველი მგზავრები, 17 ადგილობრივი მოსახლე, სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში გადაიყვანა.
"მათთან ერთად შს მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმაც იმგზავრა. საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, შსს-ს ვერტმფრენი თუშეთში, მაღალმთიან სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, იქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება. ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.