ახალი დეტალები კონგოში ტყვედ მყოფ ქართველ სამხედრო მფრინავზე

ახალი დეტალები კონგოში ტყვედ მყოფ ქართველ სამხედრო მფრინავზე

ორი თვე გავიდა, რაც ქართველი სამხედრო მფრინავი იოსებ ოსურაული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდა. კდრ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ვირუნგას მთების თავზე ჩამქრალი ვულკანების - კარისიმბსა და მიკენოს შორის ერთბაშად ორი საბრძოლო MI-24 დაკარგეს.

ერთ-ერთ საფრენ აპარატს საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავები: თადარიგის პოლკოვნიკი, 41 წლის იოსებ ოსურაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ. მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი კი ბელორუსის მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული...

ჯერ კიდევ უცნობია, რამ გამოიწვია ერთმანეთისგან 500 მეტრის მოშორებით მფრინავი საფრენი აპარატების ჩამოვარდნა. კონგოდან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდებოდა. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ერთი ვერსიით, ორივე MI-24-მა ძლიერი ქარის გამო განიცადა კატასტროფა, მეორე ვერსიით კი ვერტმფრენები გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლესს "სტრელა-2M"-ით ჩამოაგდეს.

უკვე დადასტურებულია, რომ კონგოელმა სამხედროებმა, ბელორუსებთან ერთად, დაშავებული ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მალევე აღმოაჩინეს და ქალაქ გომის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე... პოლკოვნიკი სოსო ოსურაული კი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ამ დრომდე "23 მარტის მოძრაობის" (M23) მეამბოხეების ტყვეობაში რჩება. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება.

თავდაპირველად ითქვა, რომ მეამბოხეები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა, მოგვიანებით, რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც ამბოხისთვის სასჯელს იხდიან.

ამ დღეებში სამხედრო ბლოგერმა და ანალიტიკოსმა, დავით ნემსაძემ კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოსო ოსურაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს.

"თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ოსურაულის ვიდეომიმართვა გადმოაგზავნეს საქართველოში, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს ინფორმაციას. გარდა ამისა, არსებობს მისი წერილები, რომელსაც ასევე ფლობს საგარეო უწყება. ვიდეომიმართვას არ ავრცელებენ, რადგან საზოგადოება გულგრილი არ დარჩება იმ კადრების მიმართ, რასაც ნახავს. საგარეო უწყების დუმილი კითხვებს იწვევს. მე ვნახე კადრები. ოსურაული ფშაურ დიალექტზე საუბრობს, მოტეხილად გამოიყურება, მარჯვენა თვალთან იარაც აღენიშნება. ის არის აპოლიტიკური და ესაუბრება მხოლოდ ოჯახის წევრებს. მას არ აქვს იმედი, რომ მის სიცოცხლეში 1 მილიონს გადაიხდის ვინმე. ასევე, ბოდიშს უხდის საკუთარ დედას და ითხოვს ოჯახის წევრებისაგან, რომ მისი შვილები პატრიოტებად აღზარდონ", - განაცხადა ნემსაძემ პრესკონფერენციაზე.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩვენ სოსოს ოსურაულის მეგობრებს დავუკავშირდით. როგორც გაირკვა, არსებობს უფრო საიმედო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართველი სამხედრო მფრინავის გადმოცემაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამბოხებულებთან - "თანხასაც დააკლებს და ასევე, საუბარია, პატიმრების გაცვლაზე... ვიდეომიმართვა, ჩემი ინფორმაციით, ადრინდელია. ახლა სოსო თავს კარგად გრძნობს და მას რუანდაში გადაადგილებაზე შეზღუდვაც არ აქვს...", – აცხადებს მისი მეგობარი.

ოსურაულიც და პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან. 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ განახორციელა პირველი საბრძოლო გაფრენა ცხინვალი-ჯავის მიმართულებით. 11 აგვისტოს კი ოსორაულმა რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი, ღამის დაბომბვით უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჯარის II ქვეით ბრიგადას...

პოლკოვნიკი ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა. 2010 წლის ოქტომბერში ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კიდევ ხუთ ქართველ მფრინავთან ერთად "ენვერის" გახმაურებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს და "რუსეთის ჯაშუშობაში" დაადანაშაულეს. მაშინ ერთი მფრინავი "აღიარების სანაცვლოდ" საპროცესო შეთანხმებით გაუშვეს, დანარჩენენ ოთხ მფრინავს კი, ვინც ბრალი არ აღიარა, - 11 წელი, პლუჟნიკოვს კი 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

ყველა მფრინავი, მათ შორის პლუჟნიკოვი, 2013 წლის 13 იანვარს, ამნისტიის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. მალევე ისიც სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა... დემოკრატიული კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში საქართველოს კიდევ 30-მდე მოქალაქე მსახურობს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი