ისტორიკოსები ლაშა ბაქრაძე და გრიგოლ გეგელია ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სოციალურ ქსელში პოსტებით ეხმაურებიან:
ლაშა ბაქრაძე:
"არაფერი არ არის ისე ბუნებრივი როგორც გადაადგილების თავისუფლება. უვიზოდ მგზავრობა ჩვეულებრივი რამაა ნორმალურ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანისთვის, მაგრამ არა საბჭოთა წარსულის მქონესთვის, იმათთვისაც კი ვინც არ მოესწრო ქვეყანას, რომელიც ბოქლომით იყო ჩაკეტილი და ეს ეამაყებოდა კიდეც - Граница на замке!
სოციალურ ქსელებში ამ დღეებში ბევრი წერდა, რატომ გიხარიათ ეს ვიზალიბერალიზაციო, რა გეზეიმებათო, ცუდად რომ მოიქცნენ ჩვენები იქ, მერე რა გვეშველებაო...
თავისუფლების ეს შიში დამახასიათებელია მონობაში გაზრდილი ადამიანისთვის.
ხშირად მეკითხებიან - სად ჩანს საბჭოთა წარსულის გავლენა დღესო? თავისუფალ მიმოსვლაზე ჭმუნვა არის საბჭოთა აზროვნების ნათელი მაგალითი.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის პირველ მუხლში წერია, რომ ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით, საბჭოთა კავშირმა 1948 წელს ხმა არ მისცა გაეროში.
გადაადგილების თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და ღირსების საკითხიც. ხოლო, ვინ როგორ გამოიყენებს ამ თავისუფლებას დადარდიანებულთა განსასჯელი არაა.
საბჭოეთია ქვეყანა სადაც კოლექტიურ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ და სჯიდნენ ადამიანთა ჯგუფებს, "ხალხის მტრის ოჯახის წევრებს", მთელ ეთნიკურ ჯგუფებს, გამოგონილი კოლექტიური დანაშაულებისთვის - ჩეჩნებს, ინგუშებს, ყირიმელ თათრებს, კორეელებს, მუსულმან მესხებს, პონტოელ ბერძნებს და სხვ.
წინასწარ ნუ დარდობთ იმაზე, რომ თქვენმა თანამემამულემ თავისუფლება ბოროტად შეიძლება გამოიყენოს. ამიტომ თქვენ არ გახდებით თანადამნაშავე ბოროტმოქმედებისა ცივილიზირებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და არავინ არ მოგთხოვთ ამაზე პასუხს. დამნაშავეთათვის არსებობს სახელმწიფო სადამსჯელო უწყებები და ეს მათი კომპეტენციაა.
ამოისუნთქეთ, მოეშვით და გაიხარეთ სხვებთან ერთად".
გრიგოლ გეგელია:
"მიხარია, რომ დადგა ეს მომენტი, როცა საქართველო იღებს ვიზა-ლიბერალიზაციას. არაერთხელ დავუთმე დრო მითების გაქარწყლებას, არაერთხელ დავიცავი გასაჭირში მყოფი ევროპული კავშირი, რომელსაც სულსწრაფად ლანძღავდა ბევრი პირობის გატეხვისათვის. ევროპულ იდეას ვიცავ წლებია, თქვენთან ერთად.
პირველ რიგში, ჩემთვის ეს არის ქართული იდეა. ჩემი ევროპა, სადაც 10 წელია ვცხოვრობ და ვსწავლობ, სინამდვილეში საქართველოში იწყება. იყალთოსა და გელათის აკადემიებით, ვანის ოქროს ფონდით, უძველესი ღვინით, ქრისტიანული არქიტექტურით, ვახტანგ გორგალის ანდერძით, მეხუთე საუკუნეში თარგმნილი ბიბლიით, ვეფხისტყაოსნით, დავით აღმაშენებლის ინსტიტუციური რეფორმებით, ვახტანგის კანონებით, 1832 წლის შეთქმულებით, მე-19 საუკუნის ბრძოლებით დემოკრატიისა და ლიბერალური რესპუბლიკისათვის და საუკუნის მიწურულის ბრძოლით სოციალური რესპუბლიკისათვის. ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ნოე ჟორდანიას და არჩილ ჯორჯაძის სწრაფვით, შრომით და ოცნებით.
ჩემი ევროპის უპირველესი და უმთავრესი ქართული გამოხატულებაა იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე პროგრესული რესპუბლიკა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მის მეთაურს, ნოე ჟორდანიას, ევროპა იმაზე უკეთ ესმოდა, ვიდრე ქართველ პოლიტიკოსთა 90%-ს ერთად აღებულს. მან იცოდა, რომ ევროპა ეს იყო პიროვნული პასუხისმგებლობა და კოლექტიური პასუხისმგებლობა ერთად; მან იცოდა, რომ ევროპა ეს იყო სოციალური სამართლიანობა და პოლიტიკური თავისუფლება ერთად. მან იცოდა, რომ ევროპა იყო დემოკრატია, თვითმმართველობა, ერთისა და ბევრის სივრცე და სოლიდარული პოლიტიკის სივრცე.
ჟორდანიამ და მისმა გუნდმა შექმნეს თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული რესპუბლიკა, რომელსაც აქებდა მთელი მსოფლიო: მათ შორის მომავალი ბრიტანელი პრემიერი, რამზი მაკდონალდი, მომავალი ბელგიელი პრემიერი, კამილ ჰუიზმენსი, დიდი კარლ კაუცკი და სხვანი. მათ შექმნეს უფრო პროგრესული საქართველო, ვიდრე 2017 წლის საქართველოა, რომელიც მიდის "ევროპისკენ", მაგრამ ის გააზრებული სავსებით არ აქვს.
საქართველო მიდის ევროპისკენ, რომელიც თანაბრად დგას სოციალურ დაცულობაზე, პიროვნულ თავისუფლებაზე და კოლექტიურ და სოლიდარულ პოლიტიკაზე, მაგრამ აქედან არცერთი მახასიათებელი არ არის ჩვენი შინაგანი ცხოვრების ნაწილი. საქართველო, სადაც იღუპებიან მშრომელები, "მიდის" ევროპისაკენ, სადაც დაცულია შრომა, როგორც ღირებულება და როგორც უფლება; "მიდის" ევროპისაკენ, სადაც დაწესებულია ადეკვატური ინსპექციები, სადაც არსებობს მინიმალური გარანტიები, რათა მოქალაქე ვინმემ მონად არ აქციოს!
ჩემი ევროპა იწყება საქართველოში. და ასეა სულ. არასდროს, ევროპაში ცხოვრების ამდენი წლის მანძილზე არ მიფიქრია, რომ ვიყავი უცხო. არასდროს, არცერთი წამით, არ შემრცხვენია ჩემი ქართველობის, არამედ პირიქით, ვიყავი და ვარ ამაყი ქართველი, ბედნიერი ჩემი ქვეყნის იდენტობით, თუგინდ უბედური მისთვის მახასიათებელი პოლიტიკური წრიულობით და სოციალური კრახით.
დღეს, როდესაც ევროპას ვუახლოვდებით გინდ ჯერ კიდევ მხოლოდ ზოგადად, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ევროპულობისა და ევროპული პოლიტიკის ნამდვილ შინარსზე და საქართველოზე, რომელიც დგას ამ ჩვენს ძველ და ტრადიციულ იდეალებზე, რომლებიც იმავე დროს ნამდვილი ევროპის ნამდვილი იდეალებია.
დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ მეტი ევროპა მეტ რეალურ შესაძლებლობად ქართველი ხალხის უმრავლესობისათვის. და უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ უფრო თანასწორი და პოლიტიკურად უფრო დაცული სივრცე, რომელიც ევროპის რეალური წევრი გახდება".