როგორ ალაგებდნენ ქართველი დიასახლისები სახლს 20-30 წლის წინ: "კრახმალი", "მასტიკა", ლილა... - ის, რაც დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება

როგორ ალაგებდნენ ქართველი დიასახლისები სახლს 20-30 წლის წინ: "კრახმალი", "მასტიკა", ლილა... - ის, რაც დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება

თანამედროვე ტექნოლოგიებმა დიასახლისებს სახლის საქმე გაუიოლა. ამიტომაც ხშირად გაიგებთ დედების თაობის ქალებისგან, როგორ ლოცავენ ტანსაცმლისა და ჭურჭის სარეცხი მანქანის გამომგონებლებს, რომლებიც ერთი ქალის საქმეს უპრობლემოდ ითავსებენ და ადამიანურ რესურსს ზოგავენ...

დიასახლისებს შრომას ასევე უმსუბუქებს თანამედროვე და ნაირ-ნაირი ქიმიური საშუალებებიც, რომლებსაც კონკრეტული ადგილიდან ნებისმიერი ჭუჭყი, ლაქა თუ ცხიმი უპრობლემოდ ამოაქვთ. ლამინირებულმა იატაკმა ხმარებიდან განდევნა იატაკის მოსაპრიალებელი საშუალება ე.წ. მასტიკა და შესაბამისად, პარკეტის მოხეხვაც ავტომატურად მოიხსნა დიასახლისის დღის წესრიგიდან.

დღეს ალბათ იშვიათად თუ შეხვდებით, გენერალური დალაგების დროს ვინმე მინებს გაზეთით აპრიალებდეს, არადა, უწინ ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი იყო...

როგორც უკვე მიხვდით, ამჯერად ჩვენი საუბრის თემა 80-90-იანი წლებში სახლის დალაგების მეთოდებია - 50-დან 60 წლამდე ქალებს ვკითხეთ, როგორ ინარჩუნებდნენ ისინი და მათი მშობლები სისუფთავეს სახლში რამდენიმე ათეული წლის წინ...

აი, რას გვიყვება ერთ-ერთი ჩვენი რესპონდენტი - 50 წლის მაიკო თავის დედაზე, რომლისთვისაც სახლის დალაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა საქართველოში ჭურჭლის სარეცხი მანქანა საოცნებო ნივთი გახლდათ:

- რაც თავი მახსოვს, დედაჩემი სულ სახლს ალაგებდა და ასეთი ფრაზა ჰქონდა, - არავისი არაფერი შემშურდება გარდა დაწკრიალებული სახლისა... კუთხე-კუნჭულს წმენდდა, ფხეკდა და ხეხავდა... თეთრეულის გარეცხვა მისთვის მთელი რიტუალი იყო. ისეთი გახამებული თეთრეული ჰქონდა, ბაბუაჩემი და მამაჩემი საყვედურობდნენ, - ვერ ვიძინებთო. იმ გამოხარშული, გახამებული, გალილავებული თეთრეულის სუნი ახლაც მახსოვს. თან, რაღაც სხვანაირი ფერი ჰქონდა, რადგანაც ლილაში იყო ამოვლებული... თბილისის ძველ იტალიურ ეზოში გავიზარდე, სადაც ერთი ადგილი სპეციალურად სარეცხისთვის იყო გამოყოფილი, იქ შაბათ-კვირას ეზოს მაცხოვრებლები თეთრეულს გასაშრობად გამოკიდებდნენ ხოლმე. ბავშვები ამას ვაპროტესტებდით, მოფრიალე სარეცხი თამაშში ხელს გვიშლიდა. ახლა ამ ტკბილი მოგონებების საოცარი ნოსტალგია მაქვს...

სახლის დალაგებაზე ვლაპარაკობთ და იმასაც გეტყვით, თუ როგორ უსვამდა დედა იატაკზე მასტიკას, რომელიც სანამ კარგად არ გაშრებოდა, ოთახში გავლას გვიკრძალავდა, მერე კი იქაურობას სპეციალური ქეჩებით მოაპრიალებდა, ანუ მხოლოდ ე.წ. "პალატიორს" (იატაკის მოსაპრიალებელს) არ სჯერდებოდა. ახალ მოპრიალებულ ოთახში ბავშვები ქეჩებით უნდა შევსულიყავით, რაც ძალიან გვიხაროდა, იმ საპრიალოებით იატაკზე "ფიგურალ სრიალს" ვაწყობდით... ბროლის ჭაღი გვქონდა, რომელსაც სათითაოდ, ბურთულა-ბურთულა ვშლიდით და ისე ვწმენდდით. ესეც რიტუალის დონეზე აყვანილი საქმე იყო. ფანჯრის მინებიც სხვანაირად იწმინდებოდა. აქაფებული წყლის შემდეგ, გაზეთით უნდა გაპრიალებულიყო... ჭურჭლის სახეხი საშუალებებიდან მახსოვს, არაჩვეულებრივი საშუალება "ნედე" იყო ხოლმე, ქვაბებს კარგად ასუფთავებდა...

ლია, დიასახლისი:

- ჩემს შვილებს რომ ვუყვები, თეთრეულს ვახამებდი და ლილაში ვავლებდი-მეთქი, მეუბნებიან, - მეტი საქმე არ გქონდაო? საქმე როგორ არ მქონდა, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი არ არსებობდა, სად იყო ჟატის თეთრეული? აღარ ახსოვთ, რომ ზოგჯერ ცოტა მეტად გაჭუჭყიანებული თეთრეული გამოსახარშად გაზქურაზე შემომიდგამს, რადგანაც სარეცხის მანქანა იმ ჭუჭყს ისე კარგად ვერ აცლიდა. თან, მანქანაც რომ გვქონდა, მერე რა? მხოლოდ რეცხავდა, გავლება ხომ ხელით გვიწევდა. სამ პირ წყალს მაინც ვუცვლიდი, სანამ საპონი მთლიანად არ გასცილდებოდა, ცივი წყლით ხელი მეყინებოდა, მაგრამ რა მექნა?! წარმოგიდგენიათ, რა ენერგია და დრო გვაქვს ამ ყველაფერში ჩვენი თაობის ქალებს დახარჯული... 

მარიკა დარჩია, "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი:

- ოჯახის მოვლა დამოუკიდებლად 80-იან წლებში დავიწყე, მაგრამ არ მქონდა სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე საერთოდ ხომ არ არის ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, სარეცხიც და ჭურჭელიც კლასიკურად ირეცხებოდა... ამასთან, ჭურჭლის სარეცხი საშუალებებიც არ იყო, ამიტომ, ბებიაჩემი სპეციალურ სითხეს მიმზადებდა: საპონს ხეხავდა, შემდეგ იმ მასას ადუღებდა, რომლისგანაც სქელი სითხე გამოდიოდა, რითაც შემდეგ ჭურჭელს ვრეცხავდი. ბებია კარგი დიასახლისი იყო და ხელსაქმე და საერთოდ, ბევრი რამ მისგან ვისწავლე...

ძალიან ცხიმიანი ჭურჭლისთვის მდოგვის ფხვნილს ვიყენებდი, დამიჯერეთ, უნიკალური საშუალებაა, მასე ვერც ერთი თანამედროვე საშუალება ვერ ასუფთავებს. რადგან სარეცხის მანქანა არ მქონდა, სპეციალური ტაშტი ვიყიდე, ერთ მხარეს გასახეხი მხარე ჰქონდა, რომელზეც სარეცხის ჭუჭყიანი ნაწილის მოჭყლეტა, ამორეცხვა ხდებოდა. მერე უკვე წყალში ვავლებდი და ცხადია, ხელით ვწურავდი...

ნუ, ახალი შექმნილი ოჯახი მქონდა და ამიტომ, არც მტვერსასრუტით ვიყავი განებივრებული, შესაბამისად, სახლიდან მტვერის გასაქრობად მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა... იატაკს მასტიკით ვაპრიალებდი, თუმცა მანადე ვხეხავდი სპეციალური იატაკის გასაპრიალებელით, "პალატიორით", ოღონც, ცოტა საპნიანი წყალი უნდა მომესხა ჯერ, მერე მომესვა ის, რაც ჭუჭყს მშვენივრად იღებდა. მერე კი სუფთა წყალში დასველებული ჩვრით ვწმენდდი. იატაკი რომ გაშრებოდა, მასტიკას ხელით ვუსვამდი. ის ყველაფერი ერთგვარი ვარჯიშიც იყო და ამიტომაც ამ ქალბატონებს სახსრები ნაკლებად სტკიოდათ. ახლა ეს ყველაფერი თითქოს დაუჯერებელია...

თეთრეულს უწინ უმეტესად ვხარშავდით პერსოლსა და სოდაში. ჩვილების თეთრეული, განსაკუთრებით მათი საფენები (სად იყო პამპერსი) აუცილებლად უნდა გაუთავებულიყო, უთო ბაქტერიებს ანადგურებდა. პატარისთვის ლეიბზე მუშამბასავით რაღაც უნდა დაგეფინა, რომ ლოგინი არ დაესველებინა... მოგვიანებით მაქმანებიანი თეთრეული შემოვიდა, მისი დაუთოება საშინელება იყო, უთო მაქმანებზე ცალ-ცალკე უნდა გაგესვა. ის თეთრეული ძალიან ცოტა ხანს ვიხმარე და დედაჩემს გადავულოცე. ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ ორგანიზებულები ვიყავით. არადა, ვმუშაობდი, თან, ასპირანტურაში ვსწავლობდი. ახლა ბევი რამ ტექნიკის ხარჯზე გამარტივდა, წარმოიდგინეთ, რომ დღესდრეობით ლობიოს ბლენდერში ვლესავ და და საცივს ბლენდერით ვაკეთებ. არადა, ბებიაჩემი საცივის ნიგოზს ხელითადენდა ზეთს... ზოგადად ცხოვრების რიტმი გახდა სხვანაირი...

ლეილა, მასწავლებელი:

- თეთრეულის გარეცხვა - მთელი პროცესი იყო. მე უმეტესად ვხარშავდი, რადგანაც სოდასა და პერსოლში უკეთ სუფთავდებოდა. მერე კი, ცხადია, ხელით და ცივ წყალში ვავლებდი, მანამდე მოდუღებული მქონდა ''კრახმალი'' და ბოლოს "კრახმალიან" ლილიან წყალში უნდა ამომევლო ზეწრები, ჩიხოლები და ბალიშის პირები. მოცისფრო თეთრი უნდა გამოსულიყო გასაფენად გამზადებული სარეცხი. რომ გაშრებოდა, მის დასაჭიმად ერთი ადამიანი (ოჯახის წევრი) მჭირდებოდა. ამის შემდეგ თეთრეულს ვნამავდი, მერე ვკეცავდი და მრგვლად ვახვევდი, გარკვეული დროის მანძილზე ასე ვტოვებდი. მოგვიანებით დაუთოვებას ვიწყებდი ისე, რომ გამეტკიცინებინა. ვისაც მეტად გატკიცინებული თეთერული ჰქონდა, ის უკეთეს დიასახლისად მიიჩნეოდა... დღეს ამდენი ტანჯვა აღარ მიწევს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა... 

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"გთხოვთ მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს, რომ სულმთლად გაგიჟდა" - მიხეილ გრემელაშვილი მარიამ კუკუნაშვილის სკანდალურ ბრალდებას "ფეისბუქზე" პასუხობს

"განგაშის ზარია შემოსაკრავი... თბილისში ძაღლებში ცოფის შემთხვევები გამოჩნდა" - ამირან გამყრელიძე

"კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს... ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით" - ამირან გამყრელიძე