რუსული პროპაგანდისტული მანქანის მცდელობის მიუხედავად, როგორმე შეფუთოს სომხეთში მიმდინარე საპროტესტო ტალღა, ის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იჩენს თავს... რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკის, კერძოდ, სარაკეტო დანადგარის შეტანის თემამ ყველაფერი კიდევ ერთხელ თავდაყირა დააყენა, - ადგილობრივი მედიის თქმით, 2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება და პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ქვეყანაში დუღილის ტემპერატურა აწიონ...
საქართველოს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ტექნიკა, რომელიც ბოლნისში შენიშნეს, სამხედრო კი არა, სამოქალაქო დანიშნულების იყო და რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების დროს გამოიყენება.
განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა სომხურმა მხარემ - მათი თქმით, საქართველოდან სომხეთში საბრძოლო იარაღი, სარაკეტო დანადგარი შეჰქონდათ... მოგვიანებით, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ იარაღის შემოტანის ბრალდებით, სომხეთის ოპოზიციური ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი და მთიანი ყარაბაღის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამველ ბაბაიანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, "არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსის დავალებით, საქართველოდან სომხეთში საბრძოლო იარაღი - სარაკეტო დანადგარი შეჰქონდათ".
ოპოზიციური ბლოკის, "ოგანიანი-რაფი-ოსკანიანი" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბაბაიანის დაკავება წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად მოტივირებული იყო... რუსული IGLA სომხეთის სუს-მა ერევანში, ერთ-ერთი ავტოფარეხიდან ამოიღო... ერთ-ერთი სომხური გაზეთის მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია აუდიო მტკიცებულებები, რომ იარაღი სამთავრობო ვერტმფრენის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ. მისი სამინიზნე სომხეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები იყვნენ. შესაძლოა, მათ შორის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც ყოფილიყო.
გენერალი ბაბაიანი ერთხელ, 2000 წელს გაასამათლეს. მაშინ მას ყარაბაღის მაშინდელ "პრეზიდენტ" არკადი გუკასიანზე თავდასხმა ბრალდებოდა, რის გამოც 14 წელი ჰონდა მისჯილი, თუმცა ციხე შეწყალების საფუძველზე, 4 წლისა და 5 თვის შემდეგ დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. რუსეთიდან ერევანში ბაბაიანი შარშან დაბრუნდა.
ბაბაიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მომხდარს წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დაშინების მცდელობად აფასებს... სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს არის დანიშნული. დაკავებული ბაბაიანი კი ოპოზიციურ ალიანს "ოგანიან-რაფი-ოსკანიანს" წარმოადგენს. ამ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი გენერალ-პოლკოვნიკი სეირან ოგანიანია.
ბოლო დროს, სომხეთის მმართველი პარტიისთვის "ოგანიან-რაფი-ოსკანიანის" ბლოკი თავისტკივილად იქცა... ბლოკის ლიდერი გენერალ-პოლკოვნიკი ოგანიანი 2016 წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის უახლოესი მოკავშირე იყო. ისიც ყარაბაღის ომის აქტიური მონაწილეა, სადაც ცალი ფეხი დაკარგა. ასევე იყო სომხეთის არმიის გენერეალური შტაბის უფროსი. 2008-2016 წლებში კი სომხეთის თავდაცვის მინისტრი...
ოპოზიციირი ბლოკის კიდევ ერთი ლიდერი ამერიკაში დაბადებული რაფი ოვანისიანია, რომელიც დამოუკიდებელი სომხეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი (1991-92) იყო. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის მეორე ადგილზე გავიდა... ასევე ერთ-ერთი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურაა, სირიაში დაბადებული ვარდან ოსკანიანი, რომელსაც 10 წელი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა...
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში რუსული პროპაგანდისტული მანქანები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მათი თქმით, განწყობა ასეთია, - ზემოთ ნახსენები ბლოკის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა ასევე არსებობს შიში, რომ ისინი შეიარაღებულ დაპირისპირებაზეც (ეს განწყობა ისევ და ისევ რუსული იდეოლოგიის ნაწილად აღიქმება) წავლენ, რაც შესაძლოა, ქვეყნის ისედაც დასუსტებული ეკონომიკისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. სხვა საკითხია, რა შანსები აქვთ შეიარაღებული კონფლიქტის წამოსაწყებად, მაშინ როდესაც რუსეთის სამხედრო ბაზები ასე ფართოდ არის სომხეთში წარმოდგენილი და ისინი აუცილებლად ხელისუფლებას დაუჭერენ მხარს... თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია - "ქვეყანა ვერ ვითარდება და ჩვენ ერთი პროსაბჭოური ქვეყანა ვართ, მაღალი დონის კორუფციით და დაბალი დონის სამოქალაქო განათლებით... თუმცა, დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს. ახლა აქ ისეთი დაძაბული სიჩუმეა, როგორც დიდი ბრძოლის წინ", - ამბობს ადგილობრივი რობერტ აბრამიანი.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სარგისიანს თავისი თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ, - შარშან ზაფხულში, ყარაბაღის ომის კიდევ ერთი მონაწილის, ვიცე-პოლკოვნიკ ჟერაირ სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით, მისი მომხრეები ერევნის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ...
2 აპრილს სომხეთის ახალ პარლამენტში 101 დეპუტატი უნდა აირჩიონ. ის პარტია, რომელიც ხმების 54%-ზე მეტს მიიღებს, პრემიერ-მინისტრად საკუთარ კანდიდატურას მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს წარუდგენს. სხვა შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, სადაც პირველ ტურში პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები იბრძოლებენ.
ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE