"სიცოცხლით სავსე თვალები ჰქონდა, მას ცხოვრება უყვარდა, მარიამს ახლაც ველოდებით, გვგონია რომ ნანასთან ერთად სკოლიდან დაბრუნდება", - ასე იწყებენ საუბარს გუშინ, დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 11 წლის გოგონას ახლობლები. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეზობლები ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბრებში ემოციებს ვერ იკავებენ.
11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი. ახლობლები AMBEBI.GE -სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ 56 წლის ქალი შვილს ყოველ დილით აცილებდა სკოლაში, სულ მის გვერდით იყო, რომ ბავშვს რამე არ მოსვლოდა.
"სკოლის ერთ-ერთ მშობელს მიჰყავს ბავშვები სკოლაში, ნანა კი მარიამს არ ატანდა, ამბობდა, ჩემს გვერდით იყოს, რამე რომ მოხდეს ვუშველიო, ხელს არ უშვებდა ყველგან თან დაჰყავდა. ეს იყო ბრწყინვალე ოჯახი, ბრწყინვალე ბავშვი, ყველაფრით მოწესრიგებული. ასეთი ოჯახი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს გადაწონის, იმდენად კეთილშობილები და კარგები არიან", - ამბობს AMBEBI.GE -სთან საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახის ახლობლებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა ყველა მათგანი აცხადებს, რომ დამნაშავე მძღოლი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
"შემთხვევები ხდება, მაგრამ ასეთი სისწრაფით მოძრაობა შუა ქუჩაში, მე არ ვიცი... დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, თუმცა მას გასამართლებაც არ უნდა. მან გააუბედურა არა მხოლოდ ეს ოჯახი, არამედ ყველა, ვინც კი მათ იცნობს", - აცხადებენ ახლობლები.
აღმაშენებლის ხეივანში, გუშინ 22 მარტს 56 წლის ქალს და მის 11 წლის ქალიშვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ნინო ხოზრევანიძე, ნიკა საჯაია
AMBEBI.GE