რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი

რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი

PALITRAVIDEO-მ და AMBEBI.GE-მ მოიპოვეს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიაა ასახული. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების მიხედვით შესაძლებელია მაქსიმალურად აღვადგინოთ მომხდარი ავარიის სურათი.

ავარიის სურათი

22 მარტი. დილის 08:15 საათი. დედა-შვილი გაჩერებაზე მიდის, ისინი იქვე ცხოვრობენ, ე.წ ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში. ქალს მცირეწლოვანი შვილი სკოლაში მიჰყავს. "ემბავუდისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" მიმდებარედ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი - "გაჩერება მოთხოვნით" დგას, სადაც არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ისე როგორც სხვა გაჩერებებზე. დედა-შვილი სწორედ ამ გაჩერების ბოძთან, ტროტუარზე ჩერდება. მალევე ვითარდება საბედისწერო მოვლენები...

იხილეთ ვიდეო, რომელშიც გუშინდელი საზარელი ავარიის მომენტი ჩანს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი (+18)

კადრები სათვალთვალო კამერიდან

თვითმხილველების ნაამბობით ირკვევა, რომ აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა, სავარაუდოდ BMW E60 მარკის ავტომობილი მძღოლის მხრიდან ეჯახება მის წინ მიმავალ BMW E36-ის მარკის მანქანას. ეს უკანასკნელი დაჯახების შედეგად კარგავს მოძრაობის მიმართულებას, გადადის გზის სავალი ნაწილიდან, ინერციით ადის ტროტუარზე, ეჯახება გაჩერების ბოძს და დედა-შვილს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შედეგად, ბოძი მოწყდა ადგილიდან და გოგონას დაეცა თავზე.

დაღუპული გოგონა და დაშავებული ქალი

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 9 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, მას თავში სავარაუდოდ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი მოხვდა.

ავარიის დროს დაშავებული 45 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ "პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება". დედა ამ დრომდე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ავარიაში მონაწილე მძღოლები

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე BMW-ს ახალგაზრდა მამაკაცები მართავდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, როცა მანქანიდან გადმოვიდნენ, ორივე მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. თვითმხილველების თქმით, მძღოლებს დაზიანებები არ ჰქონიათ:

"ვცდილობდით მანქანიდან ამოგვეყვანა ერთ-ერთი მძღოლი, რომლის BMW-ც შეეჯახა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი. მეორე მძღოლი დაშავებული არ იყო. პოლიცია რომ მოვიდა, ორივე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს" - გვიყვება თვითმხილველი, რომელიც ავარიის მომენტს შეესწრო.

თვითმხილველები

როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა. მისივე თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა.

"შეჯახების ხმაზე მოვტრიალდი და დავინახე ქალი დავარდა. გავიქეცი გაჩერებისკენ. 4 წელი "ემბავუდში" ვმუშაობ და ყველას ვიცნობ ვინ დგება გაჩერებასთან. ვიცანი ეს ბავშვი და დედამისი, გოგონას ხან დედა ატარებდა, ხან ძმა, ხან მამა, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. შოკში ჩავვარდი. ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. შევხედე, რომ ბოძის დეტალი მოხვდა ბავშვს თავში. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო... 9-10 წუთში სასწრაფო მოვიდა, ქალი იწვა გაუნძრევლად და გარდაცვლილი გვეგონა, რომ მივუახლოვდი, დავინახე, კაბას ისწორებდა. ქალი გადარჩა... გოგონას ჩანთა, მობილური ავიღე, მტვერში მოსვრილი იყო და ყველაფერი პატრულს მივეცი", - აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა.

კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ავარიის შემდგომ დეტალებს იხსენებს:

"ადგილზე რომ მივედი, დედა-შვილი სისხლში და მტვერში იყო ამოსვრილი. ისეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, არც მიფიქრია თუ რომელიმე ცოცხალი იქნებოდა. ამ მომენტში დავინახეთ, რომ ქალმა ხელი აწია და მივხვდით, რომ გადარჩა. მომენტალურად გაჩერდა მოძრაობა ირგვლივ, ყველა სასწრაფოში რეკავდა და ცდილობდა დაშავებულებისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა. ასევე ვცდილობდით მანქანიდან ამოგვეყვანა ერთ-ერთი მძღოლი, რომლის BMW-ც შეეჯახა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი. მეორე მძღოლი დაშავებული არ იყო. პოლიცია რომ მოვიდა, ორივე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სასწრაფო მალევე მოვიდა. მაშინვე დაადასტურეს, რომ გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ქალი სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში", - ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნინო ხოზრევანიძე, ნიკა საჯაია

AMBEBI.GE;  PALITRAVIDEO.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი