კი არავის ეხალისება მოსმენა, კანონიერ მოსმენას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ინსტრუმენტია იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა თავისი სამუშაო შეასრულონ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ე.წ. მოსმენების შესახებ პრეზიდენტის ვეტოზე და პარლამენტის მიერ მის დაძლევაზე. ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი იყენებს იმ ინსტრუმენტს, რაც მის ხელშია კანონით და მის უფლებამოსილებას შეესაბამება, ხოლო მეორე საკითხი არის მოტივაცია.
"ალბათ უფრო მოტივაციაზე და პოლიტიკურ შეფასებაზე შეიძლება საუბარი, როდესაც განვიხილავთ, რა გახდა მამოძრავებელი ამა თუ იმ საკითხზე ვეტოს დადების. დღეს ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობდი, პრეზიდენტის რამდენიმე ვეტო იყო გაანალიზებული და აშკარად არის შემთხვევები, როდესაც მართლა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება კონსულტაციები და დაინახავთ, რომ ამოწურულია ყველა რესურსი. ერთ-ერთი მაგალითი იყო, როდესაც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ეს განხილვა, თუ არ ვცდები ეროვნული ბანკის შესახებ კანონს შეეხებოდა. მე მაშინ მომეჩვენა და ახლაც მეჩვენება მაშინდელ შემთხვევაში, რომ ძალიან ლოგიკური შეიძლებოდა ყოფილიყო ვეტოს გამოყენება. ახლა, "მოსმენების" კანონს რაც შეეხება, აქ მეჩვენება, რომ ასეთი სიტუაცია არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს სრული უფლება თვითონ გადაწყვიტოს, როდის გამოიყენოს ვეტო და როდის არა.
ასევე მას, როგორც პოლიტიკოსს აქვს უფლება, თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და საკუთარი მიზნებისთვისაც გააკეთოს. მთავარია, რომ პირადი პოლიტიკური ან რაღაც პოლიტიკური ჯგუფის ინტერსები არ დადგეს უფრო წინ, ვიდრე საქმის ინტერესი", - განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე შეფასებით, "მოსმენების კანონი" არ არის სიტყვები ქაღალდზე, არამედ ეს არის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი, მაგალითად ტერორიზმთან ბრძოლაში. "კი არავის ეხალისება მოსმენა, კანონიერ მოსმენას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეს ინსტრუმენტია იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურებმა თავისი სამუშაო შეასრულონ.
მე მეჩევენება, რომ ის მოდელი, რომელიც შეთავაზებულია, საკმარისად დაბალანსებულია ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობის შესაბამისად და ამიტომ ვთვლი, რომ ეს ვეტო არ არის გამართლებული", - განაცხადა ჯეჯელავამ.