შსს-სთან აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილემაც პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერა

შსს-სთან აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილემაც პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას ის ადამიანები იღებენ, ვინც თავისი ახლობლების დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

აქციაში მონაწილეობს პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილიც, რომლის თქმითაც, ასევე უკანონოდ არის დაკავებული მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი.

”დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს”, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი მეგობრის დაკავება უკავშირდებოდეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ანა მარგველაშვილის თქმით, ”განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ახლობლები რადგან ასე იდევნებიან, ალბათ ამ ყველაფერში არის რაღაც კავშირი”.

აქციაზე იმყოფება დაკავებული მიხეილ თათარიშვილის მამაც. მისი თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ შსს, პროკურატურა და სასამართლო ორკესტირირებულად მოქმედებენ.

”ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ჩადება კი არ იყო, უბრალოდ უთხრეს მეორე დღეს, რომ ეს წამლები მას ეკუთვნოდა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს”,- აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.

ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით კი, რომელიც მისი შვილის დაკავებას აპროტესტებს, ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია.

”სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამ სპეცოპერაციას არაოფიციალურად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე. ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება”, - განაცხადა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ მისი შვილის საქმეზე აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ შსს-სთან მიმდინარე საპროტესო აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ჯიბეები ამოიკერა. მათ შორის არიან: ორგანიზაციის „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი“ ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის დაკავებული მეგობრის მიხეილ თათარიშვილის მამა და სხვები.

”ეს აქცია არის სამოქალაქო პროტესტი იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს შსს-ს ხელით. ეს უკანონობა ხორციელდება ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ პროტესტის ნიშნად ამოვიკერეთ ჯიბეები. ასე ჯიბეამოკერილები ვივლით იქამდე, ვიდრე შსს არ შეწყვეტს „ჩადებებს“ თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ”, - განაცხადა კუპრავამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი