ქათმის ხორცი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი საკვებია. ეს არის ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყარო, რომელსაც ორგანიზმი იოლად ითვისებს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქათმის კანი დიდი რაოდენობით ცხიმს და ქოლესტერინს შეიცავს, ამიტომ აჯობებს მოვაცილოთ. მოხარშული ქათმის ხორცი, კანის გარეშე, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლო საკვებია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ამ პროდუქტის ხარისხზე არაფერი ვიცით? - ამ შეკითხვაზე საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი - ზურაბ უჩუმბეგაშვილი გვპასუხობს:
- ბატონო ზურაბ, რამდენად ხარისხიანია ქართულ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ფრინველის ხორცი?
- ჩვენი, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხი სისტემატურად მოწმდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენს ქვეყანაში არ გამოიყენება ზრდის ჰორმონები და სხვა საკვები დანამატები, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ნაწარმი საიმედოცაა და ჯანსაღიც. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას: დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია თურქული, უკრაინული და ბრაზილიური ფრინველის ხორცი, შედარებით მცირე რაოდენობით არის ფრანგული და რუმინული. მათი ხარისხი სხვადასხვაა: არის ძალიან კარგი ხარისხის და საშუალო ხარისხის ნაწარმიც. სამწუხაროდ, ჩვენთან შემოსული საქონლის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა ვერ ტარდება, რადგან კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას. ხშირად ლაბორატორიისთვისაც ძნელია ჰორმონების, ან კარცენოგენური ნივთიერებების დადგენა. ამიტომ, დანამდვილებით ვერ ვამბობთ, რომ რომელიმე პროდუქტი ან ძალიან კარგი ხარისხისაა, ან უხარისხოა. თუმცა, უნდა გამოვყო უკრაინული ქათმის ხორცი, რომელიც სერიოზულად შესამოწმებელი და მისახედია, რადგან მათი ნაწარმი ჰორმონებით არის გაჯერებული. ჰორმონები გამოიყენება საკვებ დანამატებშიც.
- რომელ ქვეყნებში იყენებენ ზრდის ჰორმონებს?
- ქვეყანა ექსპორტზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ზრდის ჰორმონი გამოიყენოს. ასეთ ჰორმონებს იყენებენ ბრაზილია, ამერიკა, თურქეთი და უკრაინა. ზრდის ჰორმონი ხელს უწყობს, რომ ფრინველმა შედარებით მცირე პერიოდში მაქსიმალურ წონას მიაღწიოს. სხვათა შორის, ბრაზილიის მეზობელ ქვეყანაში - არგენტინაში მკაცრად არის აკრძალული ამ ჰორმონის გამოყენება. ბრაზილიის კანონმდებლობა არ კრძალავს ამ ჰორმონის გამოყენებას, ამიტომაც არის, რომ ბრაზილიური ხორცის შეტანა ევროპაში აკრძალულია. ზრდის ჰორმონების გამოყენება რუსეთშიც აკრძალულია და თურქეთშიც, უკრაინაში - ნებადართულია, საფრანგეთში კი - აკრძალული. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქვეყნიდან შემოსული პროდუქცია ცუდია, მთავარია, განვსაზღვროთ, საიდან გვირჩევნია პროდუქციის შემოტანა და საიდან - არა. ამიტომაც არის საჭირო რეგულაციების შემოღება, რადგან რეგულაცია ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა ხარისხის ნიშანი, რომელსაც მართლა ხარისხიან პროდუქციას ანიჭებდნენ. ევროპა უკვე მუშაობს, რომ პრემიუმ-კლასის პროდუქციას თავისი ხარისხის ნიშანი ექნება. არ იქნება ცუდი, თუ რაღაც ჩარჩოებს საქართველოც შემოიღებს. დღეს ჩვენს სავაჭრო ქსელში იყიდება ფრინველის ხორცი, რომელიც მართლა კარგი ხარისხისაა, მაგრამ მის გვერდით არის საეჭვო ხარისხის პროდუქცია, რომელზეც მომხმარებელმა თითქმის არაფერი იცის. ყველანაირ ხორცს უნდა ჰქონდეს პრემიუმ-კლასის ნიშანი, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ის ხარისხიანი და საიმედო.