პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უბრალო ნათქვამს არ გასცილებია. აზარტული ონლაინ თამაშების ბიზნესი კვლავ უშფოთველად განაგრძობს მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩათრევას, არადა, გიორგი კვირიკაშვილი 1 წლისა და 4 თვის წინ პირობას იძლეოდა, რომ ამ განუკითხაობას წერტილს დაუსვამდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა, ამასობაში პრობლემა უფრო და უფრო მწვავდება.
2015 წლის დეკემბერში ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ონლაინ კაზინოებისა და ტოტალიზატორების მკაცრი რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან. ამ განცხადებიდან წელიწადი და ოთხი თვე გავიდა, თუმცა არავითარ რეგულაციაზე მუშაობა არ დაწყებულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში არასრულწლოვნებიც თამაშობენ. ოფიციალური სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თუმცა სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ აკრძალვა -არასრულწლოვნები ონლაინ კაზინოში არ დაიშვებიან - მხოლოდ ფორმალურია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ონლაინ კაზინოები და ტოტალიზატორები დიდი საფრთხეა ქვეყნისათვის და მის დასარეგულირებლად არ არსებობს არავითარი ბარიერი, თუკი მთავრობა არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას.
"პოლიტიკოსები ძალიან ბევრ დაპირებას გასცემენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე შემდეგ, რომელიც არ სრულდება. ზუსტად ასეთი იყო ონლაინ თამაშების რეგულირების შესახებ დაპირება. ჩვენს ქვეყანაში უფრო მაღალ დონეზე რომ იყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საზოგადოება აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს მთავრობას შეუსრულებელი დაპირებებისათვის.
წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ნარკომანიად იქცა
რაც შეეხება ონლაინ კაზინოებს, ფაქტია, რომ რეგულაციების დაწესება აუცილებელია. პრობლემა საკმაოდ მწვავეა და დღითიდღე რთულდება ვითარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესი ყველაზე მზარდი და შემოსავლიანია. ამ ფონზე ჩვენ არაერთი ფაქტი გაგვიგია, რომ კონკრეტულად ონლაინ თამაშების გამო ადამიანმა დაკარგა მთელი ქონება, მოიკლა თავი და ა. შ. როცა მოქალაქე მიდის ამ მდგომარეობამდე და კარგავს ყველაფერს, ის ისევ სახელმწიფოს პრობლემა ხდება. შესაბამისად, პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა სურდეს ამ სფეროს რეგულირება.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არასრულწლოვნების საკითხია. სოციალური კვლევების მიხედვით, მოზარდთა 14-16% ჩართულია ონლაინ თამაშებში. ასაკი დაახლოებით 12 წლიდან იწყება.
პირადად მე არ ვეთანხმები სრულად აკრძალვას, თუმცა უნდა მოხდეს უმკაცრესი რეგულაცია. არასრულწლოვნებს არ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ინტერნეტში აზარტულ თამაშებზე. ასევე კაზინოები არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრში და უნდა გადაიტანონ ქალაქგარეთ. ეს მხოლოდ ხელისუფლების ნების საკითხია. ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და მწვავდება. თუ ეს რეგულაციები აამოქმედეს, მათ საზოგადოების სრული მხარდაჭერა ექნებათ", - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული
პედაგოგი ინგა მათეშვილი ამბობს, რომ მისი მოსწავლეების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩართულია ონლაინ თამაშებში და ამ პრობლემის მოგვარება სკოლას და ოჯახს არ შეუძლიათ, თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა მკაცრი სანქციები სათამაშო ბიზნესის მიმართ.
"12 წელია, პედაგოგი ვარ და ვხედავ, როგორ მძაფრდება წლიდან წლამდე თამაშების მიმართ ცხოველი ინტერესი მოსწავლეებში. მე-9 კლასის დამრიგებელი ვარ და საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ბავშვებთან ერთად. ასაკი ძირითადად 14-15 წელია. როგორც ბიჭები, თითქმის იმავე ოდენობით გოგონები ჩართულნი არიან ონლაინ თამაშებში... განაგრძეთ კითხვა