ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებების რაოდენობამ მოიმატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დიღომში, "გუდვილთან" ერთ-ერთ ავტომობილს ხე დაეცა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერები ჩამოაგდო.
ყველაზე მეტი გამოძახება დიდი დიღმიდან და გლდანიდანაა. გამოძახებების ძირითადი მიზეზი ხის ტოტების მოტეხვაა. მათივე ინფორმაციით, გამოძახებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც. სპორტის ქუჩის #2-თან ქარმა ორი ხე მოგლიჯა. ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, რუსთავის მერიის "ცხელი ხაზის" ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად სახურავის დაზიანების თაობაზე მოსახლეობის მიერ რამდენიმე შეტყობინება შევიდა.
სიტუაციის შესწავლის მიზნით, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომლები შეტყობინების ადგილზე არიან გასული. რაც შეეხება სპორტის #2-თან წაქცეულ ხეებს, გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად აღნიშნულ ქუჩაზე ა(ა)იპ "უზრუნველყოფის" სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
იხილეთ: ძლიერი ქარი საქართველოში - ფოტოები თბილისიდან და რეგიონებიდან
ძლიერი ქარია გორშიც. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ტატიანა კვერნაძის განცხადებით, ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ თავად შეაკეთოს დაზიანებული სახურავი. ნალექის შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.
ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე გორის მერიის წარმომადგენლები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა. შემთხვევის შედეგების შესწავლამდე კონკრეტული განცხადებები სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა ქარმა დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სახურავის მასალები კორპუსებიდან არ გადმოცვენილა.
წაიკითხეთ: როგორი ამინდი იქნება 21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით