მსახიობ დუდუხანა წეროძეს თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მხატვრულ ფილმ "მაგდანას ლურჯამდე" და მას შემდეგაც არაერთ ფილმში უთამაშია, მაგრამ ის ყველას მაინც, სამი ობლის დედის, ქვრივ მაგდანას როლით ახსოვს. მისი სერიოზული კინოდებიუტი 1934 წელს, მიხეილ ჭიაურელის ფილმში - "უკანასკნელი მასკარადი" შედგა, რომლის შემდეგაც დაახლოებით 35 ფილმში გადაიღეს. მათ შორის იყო: "დაკარგული სამოთხე", "მამლუქი", "უდიპლომო სასიძო", "თოჯინები იცინიან", "ჩვენი ეზო" და სხვა.
მომავალი მსახიობი 1918 წლის 8 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. მოგვიანებით, ხუთშვილიანი ოჯახი თბილისიდან ბათუმში გადასახლდა. პატარაობისას დუდუხანა მამას კინოში წაუყვანია, სადაც "ვინ არის დამნაშავე?" ნახეს. ბავშვმა ისე ემოციურად აღიქვა ფილმი, კერძოდ, ის სცენა, რომელშიც ნატო ვაჩნაძის გმირი თავს იხრჩობს, რომ ტირილი დაიწყო. მამა იძულებული გამხდარა, აღელვებული შვილი დარბაზიდან გამოეყვანა. პლატონი შეეცადა, უფროსი შვილისთვის აეხსნა, რომ ეს მხოლოდ კინო იყო და სინამდვილეში, მსახიობი არ მომკვდარა. წლების შემდეგ, დუდუხანას საშუალება მიეცა, ნატო ვაჩნაძის გვერდით ეთამაშა და ის აღმოჩნდა პირველი მსახიობი, ვისაც 1996 წელს ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემია - "ნატო" მიენიჭა.
სამწუხაროდ, სხვების მსგავსად, წეროძეები 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. მამის დაჭერის შემდეგ დუდუხანა საცხოვრებლად გურიაში, სოფელ სამებაში გადავიდა. ქმრის გარეშე დარჩენილ დუდუხანას დედას დახმარების ხელი მისმა დამ, მსახიობმა და მწერალმა მარიამ გარიყულმა გაუწოდა: მან პეპელა და დისშვილები თავის სახლში შეიფარა. უჭირდათ, რადგან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს ყოველმხრივ ავიწროებდნენ და მათთვის სამსახურის შოვნა ძალიან რთული იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დუდუხანა კინოში გამოჩნდა, ის ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მარჩენალი გახდა.
სკოლის დასრულების შემდეგ, დუდუხანა კონსერვატორიის სტუდენტი გახდა და სწავლა ვოკალურ ფაკულტეტზე დაიწყო. ამ დროს მარიამ გარიყულის ოჯახში სტუმრად კინოსტუდიიდან, ჟორა დაფქვიაშვილი მივიდა. მისი ყურადღება დუდუხანას გარეგნობამ მიიქცია და კინოსტუდიაში დაიბარა. გოგონა ორჭოფობდა, მაგრამ დეიდამ ურჩია, ბედი ეცადა. კინოსტუდიაში მისულს, ეპიზოდი მისცეს. ფილმში ნატო ვაჩნაძე მონაწილეობდა და ახალბედა მსახიობი ამით ორმაგად ბედნიერი გახდა. სწორედ იმ დროს იღებდნენ ისტორიული ჟანრის ფილმს - "უკანასკნელი მასკარადი" და მიხეილ ჭიაურელმა მასში ერთ-ერთი მთავარი როლი შესთავაზა.