"არა მხოლოდ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ერევა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში და პირადად იღებს გადაწყვეტილებებს, სხვადასხვა პოსტზე ადამიანების დანიშვნასთან დაკავშირებით, არამედ ახლა უკვე - მისი ოჯახის წევრებიც" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით, შარდენზე კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ინცინდენტის გამო პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.
"4 თებერვალს შარდენზე, კლუბ "ელ ცენტროში" ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერის განყოფილების უფროსის მოადგილე, თორნიკე ზურიაშვილი, კლუბის ბარმენი და დაცვის წევრები. როდესაც ჩხუბი დაიწყო, პოლიციელმა სხვა პოლიციელები გამოიძახა იმისთვის, რომ დაემყარებინათ წესრიგი. მართლაც, მივიდნენ მთაწმინდა კრწანისის სამმართველოს უფროსი რამაზ თათარაშვილი, პოლიციის თანამშრომლები და ოპერები. თანამშრომლებმა კლუბის დაცვის წევრი, ვინმე ალეკო დააკავეს. დაკავების შემდეგ შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ პოლიციელებთან და უთხრეს, რომ დაკავებული აუცილებლად უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ეს იყო ბერა ივანიშვილის პირადი ინტერესი.
პასუხად პოლიციელმა უთხრა, რომ მას თავადაც ჰქონდა ე.წ. "ხოდი" ბერა ივანიშვილთან და არ შეასრულებდა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების უკანონო მოთხოვნას.
დაკავებული პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. შემდეგ განხორციელდა ზარი, პოლიციელები გენერალურ ისნპექციაში დაიბარეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი დახვდათ, რომელიც გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ არ შეასრულეს ბერას დავალება. მინისტრმა პოლიციელს იქვე ჩამოართვა პირადი ნივთები და უთხრა, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. ამავე დღეს, შს მინისტრმა გაათავისუფლა - რამაზ თათარაშვილი, რომელმაც განახორციელა დაკავება; მთაწმინდის პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი კახა გალდავა; პირველი განყოფილების უფროსი კობა ნარმანია, ვერის განყოფილების უფროსი ზაზა იოსეფაშვილი, განყოფილების უფროსის მოადგილე თორნიკე ძულიაშვილი და მათთან ერთად ოთხი ოპერატიული თანამშრომელი. ცხრა ადამიანის გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ მათ არ შესრულეს ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა.
"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ის ფაქტები, რაც შეეხება პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ აბუჩად აგდებას (შეგახსენებთ რა სიტყვები იქნა გამოყენებული შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან პოლიციელების მიმართ, როდესაც მან თავის თანამშრომლებს უწოდა "ბალასტი"), ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის და ყველგან დაიცავს ქართული პოლიციის ღირსებას, ქართველი პოლიციელების უფლებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, ფუნდამენტი არის პოლიცია", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.