უკვე სამი წელია, რაც ქართველი მომღერალი იტალიაში, ქალაქ სალერნოში ცხოვრობს და ადგილობრივ კონსერვატორიაში კლასიკურ მუსიკას ეუფლება. ირაკლი ნუცუბიძე სწავლის პარალელურად ცდილობს, სასცენო გამოცდილება მიიღოს და მუდმივად მონაწილეობს მასტერკლასებსა და კონცერტებში. ადგილობრივ და მეზობელ ქალაქებში უკვე გამართა რამდენიმე სოლო კონცერტი. 32 წლის ირაკლი იმითაც არის გამორჩეული, რომ უსინათლოა, მაგრამ ეს ბარიერად სულაც არ მიაჩნია, მას ნოტების ათვისების საკუთარი მეთოდი აქვს.
- პირველად 10 წლის ვიყავი, სცენაზე რომ გავედი. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ კონცერტს უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ. ახლაც მახსოვს, როგორ ვღელავდი კულისებში, მაგრამ მერე, როგორღაც დავძლიე ნერვიულობა და ვიმღერე. ქუთაისში საბავშვო სტუდია - "ამადეუსში~ ვმღეროდი. აქტიურად გამოვდიოდით ოპერის თეატრსა და სხვადასხვა სცენაზე. იმ წლებმა ძალიან ბევრი რამ შემძინა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საესტრადო ჟანრს ვმღეროდი... როდესაც გარდატეხის ასაკი გავიარე, საოპერო ხმა ჩამომიყალიბდა. ისედაც ყოველთვის ვოცნებობდი ოპერის მომღერლობაზე და რადგან ჩემი ხმა კლასიკური მუსიკისკენ "წავიდა~, გადავწყვიტე, საკუთარ თავზე უფრო მეტი მემუშავა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლის კონსერვატორიაში გაგრძელება ვისურვე. თუმცა, სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერისთვის იტალიური სკოლა ყველაზე კარგი იქნებოდა... გარკვეული დროის შემდეგ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თანადგომით, სწავლა იტალიაში გავაგრძელე...
- ეს ადვილი არ იქნებოდა. ალბათ იყო ენობრივი ბარიერიც...
- არა, ნამდვილად არ იყო იოლი, მაგრამ გადავწყვიტე, თავი მუსიკისთვის მიმეძღვნა. იტალიურს ქუთაისშიც ვსწავლობდი, რადგან კლასიკური მუსიკის შესწავლის მსურველთათვის ამ ენის ცოდნა აუცილებელია. თუმცა, ეს საკმარისი არ იყო. იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ, სწავლა გავაგრძელე, ვცდილობ, ცოდნა გავიღრმავო, ამავდროულად, კონცერტებსაც ვმართავ. სალერმოსთან ახლოს ქალაქი მაიორია, საკურორტო ზონაა და ზაფხულობით მასტერკლასები და კონცერტები იმართება, რომელშიც აქტიურად ვმონაწილეობ... ასევე, სისტემატურად იმართება კონკურსები, მასშიც მუდმივად ჩართული ვარ. ეს მუსიკალური ქვეყანაა და შესაბამისად, კონკურენციაც დიდია, ამიტომ ბოლომდე უნდა დაიხარჯო... მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობის, წინსვლის მოტივი მუდმივად მაქვს, რაშიც ჩემს პედაგოგსაც დიდი წვლილი მიუძღვის.
- იტალიურ ენასა და მუსიკას სპეციალური პროგრამით სწავლობთ?
- დიახ... ჩემი უსინათლობა თანდაყოლილია. სამშობიარო ტრავმა მაქვს... თუმცა, ამას ტრაგიკულ ფაქტად არ მივიჩნევ. საზოგადოებამაც ჩვეულებრივად მიმიღო. აქ საერთოდ არ იგრძნობა ასეთი განსხვავებები. რაც შეეხება სწავლას, ყოველთვის ყველაფერს სმენით ვსწავლობდი. რამდენჯერმე ვუსმენდი და შემდეგ გონებაში ვამუშავებდი. როდესაც კონცერტმაისტერთან მიწევს მუშაობა და პარტიის შესრულება, იქაც სმენის წყალობით გავდივარ ფონს. ჩამწერიც მაქვს, სადაც ვწერ მუსიკას და ჩემს პარტიას, შემდეგ კი მას სახლში გავარჩევ. ჩანაწერი არის ჩემი ნოტიც და პარტიტურაც... განაგრძეთ კითხვა