"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილმა თბილისის საკრებულოს შენობა დატოვა. მათი ნაწილი აქციის გამართვას მთავრობის ადმინისტრაციასთან გეგმავს.
როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელთან. მათი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზეც ვერ მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულებს თბილისის მერიის რეზერვიდან გამოეყოთ გარკვეული თანხა, ასევე, მოხდეს მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ხელისუფლებას ორ დღეს აძლევენ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლოს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.