გასული წლის 21 ივლისი მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი ცოლის, ნუცა გუნცაძისთვის, ცხოვრების ხელახლა ათვლის წერტილად იქცა. ეს თარიღი ახლა უკვე მათი დიდი ტრაგედიისა და ამავე დროს, მეორედ დაბადების დღეა. იმ დღეს მეგობრებთან, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილთან და მის მეუღლე ანანო ბუაძესთან ერთად ბათუმში მიემგზავრებოდნენ. ქუთაისი-სამტრედიის გზაზე საშინელ ავტოავარიაში მოყვნენ. "იქს 5", რომელსაც მერაბ კვირიკაშვილი მართავდა, და "ჰონდა ფიტი" ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა: ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე და გიორგი ლომინაძის და ნუცა გუნცაძის ჯერ დაუბადებელი შვილი. თავად გიორგი და ნუცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ... ავარიის მძიმე დღეებს და შემდგომ პერიოდს წყვილი "სარკესთან" ინტერვიუში იხსენებს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
"ღმერთმა გადაგვარჩინა. ქუთაისის ექიმებმაც სასწაულები გააკეთეს, ხალხმა კი - საერთოდ! ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, ხალხი სიცოცხლის გადასარჩენად ასე რომ ერთიანდება. სამწუხაროდ, ამ ავარიას დიდი უბედურება მოჰყვა, 5 ადამიანი გარდაიცვალა.
- მეორე მანქანაში მყოფი 3 ადამიანიც თქვენი მეგობრები იყვნენ, არა?
- ჩვენი მეგობრების ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, უცხოები არ ყოფილან. ეს მთელი ცხოვრება ჩვენი გულისტკივილი იქნება. ისე დაემთხვა, რომ გიო, ნუცა და ანა გარდაიცვალნენ და აქეთ მანქანაშიც გიო, ნუცა, ანა და მეკო ვისხედით. გიორგი პაპასკირთან საქმიანი ურთიერთობაც მქონდა, უნიჭიერესი ადამიანი იყო, არქიტექტურაში თავისი ხედვები ჰქონდა. ნუცას ავარიიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგი პერიოდი ახსოვს, მანამდე არაფერი...
- გიორგი, საავადმყოფოში თქვენც უგონო მდგომარეობაში მიგიყვანეს?
გიორგი: როგორც მეუბნებიან, საავადმყოფოში მიყვანილს გული გამიჩერდა, კომაში ვიყავი. თუ სწორად მახსოვს, გონს მეათე დღეს მოვედი, კომიდან რომ გამოვედი, 2-3 დღეში ნუცაც გამოვიდა კომიდან და თურქეთში წავედით. საავადმყოფოში დაახლოებით 2 თვე ვიყავით.
ნუცა: გიორგიმ არც იცოდა, რა მჭირდა, ფეხი აქვს მოტეხილიო თუ რაღაც ასეთს ეუბნებოდნენ. მე ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ფურცელზე გამუდმებით ვწერდი: "კიდევ ვარ ორსულად? ბავშვი ისევ არის?" - მხოლოდ ამ კითხვებს ვსვამდი. მე და გიორგი თურქეთში რომ მივდიოდით, აეროპორტში შეგვახვედრეს ერთმანეთს.
გიორგი: ეს ძალიან მძიმე შეხვედრა იყო, ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
ნუცა: მე ესეც არ მახსოვს.
- გიორგი, შეგიძლიათ ავარიის მომენტი გაიხსენოთ, რა მოხდა გზაზე?
გიორგი: ამაზე საუბარი არ მინდა... 1 საათი და 45 წუთი მანქანიდან ვერ ამოვყავდით, გაჭედილი ვიყავი, მანქანა გაჭრეს და ისე ამომიყვანეს. იმ მომენტში მხოლოდ ნუცაზე ვფიქრობდი, მეტზე ვერაფერზე, მანქანიდან იყო გადავარდნილი და ვხედავდი, რა მდგომარეობაში იყო.
- როგორია თქვენი ახლანდელი ყოველდღიური ცხოვრება?
ნუცა: მე და გიორგი ჩვეულებრივად ვერ ვცხოვრობთ, რადგან რეაბილიტაციისთვის საჭირო ძალიან ბევრ პროცედურაზე დავდივართ.
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"