საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი ყველაზე ახალგაზრდაა.
ეპისკოპოსი სვიმეონი, ერისკაცობაში თეიმურაზ ცაკაშვილი, 1982 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში, თამაზ ცაკაშვილისა და ლალი მარტყოფლიშვილის ოჯახში დაიბადა. 1999 წელს თბილისის მე-100 საჯარო სკოლა დაამთავრა. იმავე წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად გადიოდა თეოლოგიურ სწავლებას.
"2000 წლიდან სათავეში ჩავუდექი მშობლიურ მხარეში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის ორი წმინდა გიორგისა და ერთი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრების აღდგენა-რესტავრაციას. ამ ტაძრებიდან არცერთი არ იყო მოქმედი. ზოგი პირუტყვის სადგომად იყო ქცეული, ზოგიც ბანქოს, კარტის სათამაშოდ. იმ დროისათვის ძნელი წარმოსადგენი იყო ზოგადად მოძღვრის ფუნქცია, ეკლესიების აღდგენა და ფუნქციონირება, რადგან უფროსი თაობის კომუნისტური აზროვნება გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა, თუმცა სოფლის დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ოთხი წლის განმავლობაში სიკეთით დასრულდა სამივე ტაძრის რესტავრაცია, სადაც დღესაც აღევლინება საღმრთისმსახურო წირვა-ლოცვები", - ამბობს მეუფე ერთ-ერთ ინტერვიუში.
1999-2003 წლებში ეპისკოპოსი სვიმეონი სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობისა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე. რამდენიმე წელი ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 1999 წლიდან კი თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მრევლი და მგალობელია. ასევე პერიოდულად გალობდა სვეტიცხოვლისა და სიონის საპატრიარქო ტაძრებში. ამავე წლებში ბოდბის ეპარქიაში რამდენიმე ტაძრის რესტავრაციას ხელმძღვანელობდა.
2004 წლიდან რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) პირად მორჩილებაშია.
2005 წელს, 23 წლის ასაკში ბერად აღვიკვეცა. 2006 წლის 4 დეკემბერს, 24 წლის ასაკში, ქოზიფის მამათა მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად დაასხა ხელი.
2006 წლის 1 მარტს, ასევე მიტროპოლიტმა იობმა ბერთუბნის მონასტერში, წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის ტაძარში მღვდლად აკურთხა და საჭიროებისამებრ ამ მონასტრის კეთილმოწესედ დაადგინა. მალევე დაადგინეს დაბა სურამის წმიდა იობმრავალვნებულის სახელობის რეზიდენციასთან არსებული მონასტრის წინამძღვრად. ერთი წლის მსახურების შემდგომ, აღდგომას, ბრწყინვალე შვიდეულში მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ლოცვა-კურთხევით დაადგინეს ურბნისის საკათედრო ტაძართან არსებული რეზიდენციის მონასტრის წინამძღვრად. აქ მსახურების დროს, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ხელმძღვანელობდა და აწარმოებდა ძამის ხეობის ბერმუხის მამათა მონასტრის აღდგენა-რესტავრაციას.
"ურბნისში 1 წლისა და 2 თვის მოღვაწეობის შემდეგ გადამიყვანეს და დამადგინეს ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვრად, სადაც 22 მაისს იღუმენის ხარისხში ამიყვანეს და ოქროს ჯვრით დამაჯილდოვეს. საკმაოდ დიდი ტვირთი იყო არსებული ისტორიული მონასტრის წინამძღვრობა და მსახურება. ამას თან დაერთო 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც ასობით ჯარისკაცისა და მოსახლეობის შეფარება, მათი უზრუნველყოფა მოგვიხდა. მონასტერში ბერთა სიმრავლისა და სივიწროვის მიზეზიდან გამომდინარე, მონასტრის გაფართოვება გადაწყდა, რომელიც ამავე წლის ზამთრის დადგომამდე დასრულდა", - იხსენებს მეუფე.
მეუფე სვიმეონი მალევე გადადის სოფელ ხცისის თავზე მდებარე წმინდა გიორგის VIII საუკუნის მიტოვებულ ნამონასტრალში. მრევლის თანადგომით, განახლდა ტაძარი და მის გვერდით შეიქმნა და აშენდა ახალი მამათა საცხოვრებელი მონასტერი. მონასტერს ყორანქედი ეწოდა (სოფლის უხუცესებთან გამოკითხვის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ის მთა, სადაც მდებარეობდა ზემოთ აღნიშნული ტაძარი და ნამონასტრალი, ცნობილი იყო "ყურაქედის" სახელით. ნამონასტრალი კი წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელს ატარებდა. იმის გამო, რომ მონასტერში და მთის მწვერვალზე ხშირად ბუდობდნენ ყორნები, ეს უკანასკნელნი კი გადმოცემის თანახმად, კვებავდნენ წმინდა ილია წინასწარმეტყველს, მონასტერს "ყორანქედი" ეწოდა). ამ მონასტერში მსახურობის პერიოდში მონასტრის საჭიროებისამებრ, წმინდა გიორგის ტაძრის სივიწროვის და მრევლის სიმრავლის გამო გადაწყდა დიდი ზომის ტაძრის აშენება. მართლაც აშენდა ღვთისმშობლის ჯვარგუმბათოვანი, ორსართულიანი ტაძარი. სართულქვეშ წმიდა ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრებია.
ამავე პერიოდში უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და მეუფე იობის დავალებით, მეუფე სვიმეონი ხელმძღვანელობს დავით გარეჯში არსებული წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის უძველესი სენაკებისა და მონასტრის აღდგენას, ასევე დაევალა ბერთა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. მეუფე სვიმეონის ორგანიზებით, აღნიშნული სამუშაოები დროულად დასრულდა. ამის შემდეგ მეუფე იობმა აკურთხა და განაახლა მონასტრის შერყეული ტრაპეზი, რამაც საფუძველი დაუდო სამონასტრო ცხოვრების აღდგენასა და მის წინამძღვრად იღუმენი სერაპიონი დაინიშნა. პარალელურად მიმდინარეობდა ყორანქედის საცხოვრებლებისა და მეურნეობის განვითარება. იმ დროისთვის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით, მეუფე სვიმეონი ხელმძღვანელობს სოფელ ხცისის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს, სოფელ კრისხევის ყოვლადწმიდა სამების დედათა მონასტერსა და წმიდა ნიკოლოზის ტაძარს.
მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს.
2014 წლის სექტემბრიდან ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი) ხაშურში საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს უძღვება.
2015 წლის 25 აპრილს მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მკვლევარები და სტუდენტები.
2016 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით, ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ამ ახალი ეკლესიის აშენება იგეგმება ხაშურში და მიზნად ისახავს ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ისტორიული (შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ 20 პროცენტი) ტაძრის მსგავსის აგებას.
2013 წლიდან ახლად შექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით დაბა სურამში განთავსდა, ხოლო 2017 წლისთვის სრულდება სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების ყოფილი სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდება სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.
ეპარქიის მრევლი მეუფეს მხოლოდ დადებითად ახასიათებს. მეუფე სვიმეონს თითქმის ყოველდღიურად აქვს შეხვედრები მრევლთან, რაც მრევლისა და ეპისკოპოსისის კარგ ურთიერთობაზე მიუთითებს.
სტატია მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით
ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE