20 მარტამდე საქართველოში პერიოდულად წვიმიანი და არამდგრადი ამინდი იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, დღეს და ხვალ საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი.
ხვალ საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსი, მთაში - 7-12 გრადუსი, მაღალ მთაში- 1-6 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კი ღამით წვიმა იქნება, მაღალ მთაში - თოვლი. დღისით გამოიდარებს, საღამოს საათებში კი კვლავ გაწვიმდება. მაღალ მთაში მოთოვს.
16 მარტს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 11-16 გრადუსი; მთაში 5-10 გრადუსი; მაღალ მთაში 2-7 გრადუსი იქნება.
თბილისში დღეს ღამით იწვიმებს, ხვალ დღის ბოლოს ასევე წვიმაა მოსალოდნელი.
თბილისში 16 მარტს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება. 17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღისით გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი წვიმა შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური 14-19 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 12-17 გრადუსი იქნება.
18-19 მარტს საქართველოში კვლავ იწვიმებს. 18 მარტს საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.
20 მარტს კი საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს.