ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საავიაციო სფერო ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგება. აპრილიდან სპეციალისტები მგზავრთა ნაკადის გაზრდას ელოდებიან. ავიაკომპანიების წარმომადგენლებისა და ექსპერტების თქმით, ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოში ავიაციის ინდუსტრია უკეთესად განვითარდება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები მგზავრთა გაზრდილი რაოდენობისთვის მზად არ არის.
იასე ზაუტაშვილი, ავიაციის დარგის ექსპერტი: "ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, მთავრობის წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები განვიხილავთ იმ გამოწვევებსა და სიახლეებს, რომელთა წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. ეკონომიკის სამინისტროცა და აეროპორტების გაერთიანებაც ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 48-50%-ით გაიზრდება.
მხოლოდ სამი რეისი ერთდროულად შარშან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტრაფიკმა 2 მილიონს გადააჭარბა, წლეულს კი ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი 3-დან 4 მილიონამდე გაიზრდება. შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც, შესაძლოა, 28 მარტის შემდეგ აღმოვჩნდეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი ოპერატორი თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია" ვერ პასუხობენ დღეს არსებულ სტანდარტებსა თუ მოთხოვნებს და მით უფრო, შესაძლოა, ვერ შეძლონ ეს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. მაგალითად, როცა თურქული კომპანია საქართველოს აეროპორტების მართვაში შემოდიოდა, ქართული მხარის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 1 საათში 1 500 მგზავრის მომსახურებამდე გაზრდილიყო, მაგრამ ეს არ შესრულებულა. დღეს თბილისის აეროპორტს ერთდროულად მხოლოდ სამი რეისის მომსახურება შეუძლია - როგორც ჩამომსვლელის, ისე გამფრენის. პიკის საათები ევროპაში გამფრენი რეისებისთვის კონცენტრირდება ღამის 5-დან დილის 9 საათამდე. ახლაც კი, დღევანდელი მგზავრთა ნაკადის პირობებში, დღე-ღამის ამ მონაკვეთში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება აეროპორტის ავტოსადგომებზე, რეგისტრაციის დროს ხალხის ტევა არ არის.