გაიცანით, აჭარელი უხუცესები - 100 წელს გადაცილებული სამი ქალის მოგონებები წინა საუკუნიდან...

გაიცანით, აჭარელი უხუცესები - 100 წელს გადაცილებული სამი ქალის მოგონებები წინა საუკუნიდან...

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალი ცხოვრობს, კიდევ რვას კი 100 წელი მიმდინარე წელს შეუსრულდება. 8 მარტთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და "დემოკრატიის ინსტიტუტმა" ინტერნეტსაზოგადოებას 17 უხუცესი აჭარელი ქალი გააცნეს. უხუცესთა ფოტოები ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ გადაიღო. ფოტოპროექტ - "100 წლის შემდეგ" ფარგლებში გადაღებულმა პორტრეტებმა ათასობით მოწონება და კომენტარი დააგროვა "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, რას იხსენებენ წინა საუკუნიდან და როგორია მათი თვალით დანახული "ტექნოლოგიების სამყარო" - 112 წლის ფიქრიე ირემაძე, 103 წლის ზექიე დავითაძე და 100 წლის თინა თაფლაძე, რომლებიც დღეს ჩვენი რესპონდენტები არიან, ბადიშის ბადიშებს ანუ შვილთაშვილის შვილებს, ანუ მეოთხე თაობას მოესწრნენ.

1905 წელს დაბადებულ ფიქრიე ირემაძეს 10 ბადიში (მეოთხე თაობა) ჰყავს

"29 წლის დავოჯახდი, რაც იმ დროს "გვიან ქორწინებად" ითვლებოდა. 112 წლის ვარ, მყავს 3 შვილი, 16 შვილიშვილი, შვილთა შვილები ძალიან ბევრნი არიან და ვეღარ ვითვლი, მაგრამ 10 ბადიში რომ იზრდება ამით ვამაყობ.

კოლექტივმა არ იცოდა არც პატარა ბავშვი და არც ავადმყოფობა. 9 საათზე ზარი რომ დაირეკებოდა, უკვე ადგილზე უნდა ვყოფილიყავით. მთელი დღე ხომ გვამუშავებდნენ, საღამოს გაგვჩხრეკდნენ - ჯიბით ერთი ცალი კარტოფილი რომ არ "გაგვყოლოდა". ზუსტი წელი არ მახსოვს, მაგრამ ომამდე პერიოდი იყო, რაიონში გზები გაიყვანეს და სოფელში გავარდა ხმა, მანქანა ამოვაო. არ ვიცოდით რა იყო მანქანა, ტელევიზორი არ იყო და ფოტოებზე არ გვქონდა ნანახი. წარმოდგენა შეგვექმნა, რომ რაღაც ცხოველის მაგვარი მოდიოდა. მთელი სოფელი შეიკრიბა ცენტრში, ველოდებოდით სულმოუთქმელად. როგორც იქნა, მოსახვევში გამოჩნდა დიდთვალებიანი "ცხოველი", რომელიც ხმაურობდა და მოექანებოდა ჩვენსკენ, შეგვეშინდა და მიმოვიფანტეთ, შენობებს ამოვეფარეთ და რამდენიმე წუთი შორიდან ვუთვალთვალებდით თუ რას გააკეთებდა "ეს ცხოველი". მერე ნელ-ნელა მივუახლოვდით, ხელიც შევახეთ და გავისეირნეთ კიდეც.

ომამდე პერიოდი იყო, თქვეს პომიდორი შემოვიდაო, რომელიც იჭმევა და გემრიელიაო. სოფელ ირემაძეებში ვცხოვრობ, ჩემმა ქმარმა პირველმა ამოიტანა ყვავილის მსგავსი ნერგი. ეს ნერგი გაიზარდა და მოისხა პომიდვრები, კარგა ხანს ეჭვის თვალით ვუყურებდით, მერე გავსინჯეთ და მოგვეწონა. ბავშვობიდან ქალამნები მეცვა, მერე "კალოში" შემოვიდა, ისეთი კომფორტული და კარგი იყო, თან რთულად რომ იშოვებოდა, ვინახავდით და მხოლოდ სტუმრად წასვლის დროს ვიცვამდით. ახლა დაყრილია ნაირნაირი ფეხსაცმელი. ახლა ყველაფერი არის, ფულია საჭირო, მაგრამ ახლა სამსახურის შოვნაა ძნელი."

101 წლის თინა თაფლაძე სათვალის გარეშე ქსოვს

"7 შვილი გავზარდე, 6 გოგოს შემდეგ ბიჭის შეძენამ მთელი გვარი გააბედნიერა. 24 შვილიშვილი მყავს, 26 შვილთაშვილი და ოთხიც ბადიში (მეოთხე თაობა). 19 წლისა გავთხოვდი, სამი შვილი რომ გამიჩნდა, მერე ჩავაბარებინე ქმარს სასწავლებელში, პარტიული მუშაკი გახდა, ერთმანეთს მხარს ვუბამდით და გაგვქონდა უღელი. სამწუხაროდ, აგერ უკვე 40 წელია, ქმარი გარდამეცვალა.

ადრე გაჭირვება იყო, ფული რომც გქონოდა, ტანსაცმელს ვერ ნახავდი რომ გეყიდა. საღამოს ვრეცხავდი ბავშვის ტანსაცმელს, ვფენდი ღუმელთან, რომ დილამდე გამშრალიყო და გაღვიძებული ბავშვისთვის ჩამეცმია. ეს ტანსაცმელი გადადიოდა ბავშვიდან ბავშვზე - სანამ ბოლომდე არ გაიცრიცებოდა, მანამდე ვაცმევდით, არ იყო სხვა და რა გვექნა?! ახლა ერთ ბავშვს იმდენი ტანსაცმელი აქვს, ამით ძველ დროს 20 ბავშვს გაზრდიდი.

დაბა ხულოში ვცხოვრობ. ერთი საუკუნის ვარ და რომ დავიწუწუნო ფეხი მტკივა-მეთქი, მგონი არ იქნება სირცხვილი. სიარული ცოტა მიჭირს, მაგრამ მხედველობა მაქვს ძალიან კარგი. დილით ვდგები, ვჭამ, ფანჯარასთან ვჯდები და ვიწყებ ქსოვას. იმდენი შვილიშვილი, შვილთაშვილი და კიდევ ოთხი ბადიში მყავს, რომ მოსაწყენად არ მცალია, ვქსოვ ფერად-ფერად წინდებს და ვჩუქნი მათ..."

103 წლის ზექიე დავითაძეს მზითვის გუგუმით (სპილენძის წყლის ჭურჭელი) ყოველ დილით მოაქვს წყალი...

"2 შვილი, 16 შვილიშვილი, 4 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი მყავს. ბადიშის ბადიშს მოვესწარი და ძალიან გახარებული ვარ. შუახევში, სოფელ ნაღვარევში ვცხოვრობ.

წინა საუკუნე არ იყო კარგი საუკუნე, სიფუხრე (სიღარიბე) იყო - შაქარი, პურის ფქვილი არ იშოვებოდა, საცოდავად ვცხოვრობდით. ფულიც არ გვქონდა, ჩვენს ნაშრომს კომუნისტები ჭამდნენ. ახლა პენსია გვაქვს, 21-ე საუკუნე კარგია, ხალხში მეტი შეგნებაა, სიყვარულით გათხოვებაა, სიზენგილეა (სიმდიდრე), კომპიუტერია, შუქი სულ არის...

16 წლის მომიტაცეს... ლამაზი არ ვიყავი, მაგრამ მოვეწონე იმ კაცს და პატარა ბავშვი გამიტაცა. არ გავჩერდი, უკან წამოვედი და მერე სხვას გავყევი. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ახალგაზრდობის წლებით, მეუღლეც დიდი ხანია გარდაცვლილია. ჩემი მზითვიდან ფახირის გუგუმი (სპილენძის წყლის ჭურჭელი) დამრჩა, ყოველ დილით, წყალი შემომაქვს სახლში. ასე გადის ცხოვრება, პატარების ფერებაში..."

ფოტო: მარია ზოიძე (იხილეთ ფოტოპროექტის ყველა ფოტო ამ ბმულზე)

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი