საათების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში ქაოსი და ძალადობა მძვინვარებდა ისე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებდა - მან თავად შეუწყო ხელი ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკერიას განცხადებით, ისეთი ძალადობა და ვანდალიზმი, რასაც ბათუმში ჰქონდა ადგილი, აზიანებს და საფრთხეს უქმნის თითოეულ მოქალაქეს და მთლიანად ქვეყანას, ასევე აზიანებს და ასუსტებს ხელისუფლების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოყენების უფლებას.
"პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ შეიძლება ნებისმიერ პროტესტში ან მით უმეტეს არეულობაში ხედავდეს საკუთარ პოლიტიკურ შანსს ან არ ყოფნიდეს მოთმინება, რომ გაერკვეს ვითარებაში, სანამ პოზიციას დააფიქსირებს. სწორედ ამიტომ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" არც ერთ ეტაპზე არანაირი სოლიდარობა არ გამოუხატავს ამ პროცესის მიმართ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ცალსახად არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის. ხუთი წელია ეს ხალხი ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს, პოლიტიკურ ძალადობას, ნერგავს ნიჰილიზმს დამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამცირებს პატრულს, აძლევს მას არალეგიტიმურ დავალებებს, რითაც ქმნის უფსკრულს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის. ამ ყველაფერმა მოგვიყვანა მძიმე ვითარებამდე. ამ ვითარებიდან გამოსავალი არის ერთადერთი - ბევრი მოქალაქის სამოქალაქო აქტიურობა და ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.