ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი და აქციის სამი მონაწილე დაშავდა.
როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსმა მინდია კახიძემ განუცხადა, პოლიციელებს თვალისა და თავის არეში აქვთ დაზიანებები, მოქალაქეებს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ. ექვსივე მათგანი რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად დაზიანდნენ ახლომდებარე რესტორნებისაა და კაფეების თანამშრომლებიც. ამის შესახებ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა განაცხადა.
"პროცესები არაადეკვატურად განვითარდა. მართალია, მომიტინგეების ბრალიცაა, ქვების სროლა დაიწყეს, მაგრამ სპეცრაზმის მხრიდან წამოვიდა ცრემლსადენი გაზი. რესტორანში შემოვიდა გაზი და იქ მყოფი ადამიანები მოიწამლნენ. ბევრნი იყვნენ, მათ შორის ჟურნალისტებიც" - ამბობს მაუწყებელთან საუბრისას ბათუმელი მამაკაცი.
ამასვე ადასტურებს რესტორანში მომუშავე ქალი, რომლის თქმითაც ცრემლსადენი გაზის გამო შეუძლოდ ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. ადგილზე მყოფი პირების თქმით, "თვალები ეწვით" და "თავბრუ ეხვევათ".
საზოგადოებრივი მაუწყებელი დაშავებულთა კადრებსაც ავრცელებს, რომელთაც დახმარება აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა.
ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად დაზარალდნენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი და ჟურნალისტი. ბათუმელი კორესპონდენტის თქმით, ის იმ ადგილთან ახლოს იმყოფებოდა სადაც გაზის გაშვება მოხდა და გარკვეული პერიოდი სუნთქვა გართულებული ჰქონდათ. მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია გაზით მოწამლული ადამიანების შესახებ.
ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებულმა სპეცრაზმმა ცოტა ხნის წინ ცრემლსადენი გაზი მეორედ გამოიყენა. მომიტინგეების მისამართით გამოყენებული იყო რეზინის ტყვიებიც.