"პალიტრანიუსის" პოლიტიკური ტოქშოუს - "360 გრადუსის" წამყვანი - ემა ტუხიაშვილი 16 წელია, "პალიტრა ჯგუფის" ჟურნალისტი გახლავთ. "ძალიან მიხარია, რომ იმ ჟურნალში, სადაც ჟურნალისტიკაში ავიდგი ფეხი, რესპონდენტის ამპლუაში ვბრუნდები. მიმაჩნია, რომ ეს მართლაც გამორჩეულად კარგი ჟურნალია და მიხარია, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა", - გვითხრა ემამ, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს საქმეს უთმობს. პრესისა და ტელევიზიის გარდა, რადიოშიც მუშაობს. ის საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია.
- ბავშვობაში სატელევიზიო ჟურნალისტიკა ძალიან მომწონდა. "ჟურნალისტობანას" ხშირად ვთამაშობდი და სახელდახელოდ შექმნილი მიკროფონიც მქონდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მე-11 კლასის მოსწავლე საყმაწვილო გადაცემის წამყვანი ვიქნებოდი (გადაცემის წარმომადგენლებმა სკოლაში, "მანსანკანის" სცენაზე მნახეს და ჩემით დაინტერესდნენ). მაშინ მივხვდი, რომ ჟურნალისტის პროფესია უნდა ამერჩია... სწავლის პერიოდში მუშაობაზე არც მიფიქრია, შემდეგ შვილი შემეძინა და ბავშვის აღზრდით ვიყავი დაკავებული. მერე ჩემს ცხოვრებაში საინტერესო შემთხვევა მოხდა: წლების წინ, მეზობელმა ჟურნალი "გზა" შემომიტანა: განცხადებაა გამოქვეყნებული, თანამშრომელს ეძებენ და ხომ არ წახვიდოდიო? გასაუბრებაზე სხვა აპლიკანტებიც იყვნენ მისულები. ჟურნალის რედაქტორი მკაცრ, კრიტიკულ, ამბიციურ ადამიანად წარმომედგინა. უცებ, სანდომიანი სახის მამაკაცი გამოვიდა და თბილად მოგვესალმა. "გზის" მაშინდელი მთავარი რედაქტორი - ზურაბ აბაშიძე გახლდათ. ამ ადამიანმა დიდი "სკოლა" გამატარა, წარმატებული სასტარტო პირობები შემიქმნა... დავრჩი "პალიტრა ჯგუფში", სადაც უკვე 16 წელია, ვმუშაობ... არ ვიცი, ეს ჩემი დადებითი თვისებაა თუ ნაკლი, მაგრამ ყველა საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებ, ეგოისტურად მიყვარდება და ძალზე მტკივნეულად განვიცდი, როცა მას მართმევენ, თუნდაც, ეს ცვლილება ჩემთვის სასიკეთო იყოს. საყმაწვილო გადაცემის შემდეგ, წამყვანის ამპლუაში, ჩემი სატელევიზიო დებიუტი "ემას შოუში" შედგა. გარკვეული დროის მერე, ამ გადაცემამ საკუთარი თავი ამოწურა და დირექციამ მისი დახურვა გადაწყვიტა. ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცადე: 3 დღე საკუთარ შვილებს არ ველაპარაკებოდი. როცა მეკითხებოდნენ, რა მჭირდა, ისტერიკულ ტირილს ვიწყებდი. სამუშაოდ ეკონომიკური პორტალის რედაქტორად გადავედი და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ცვლილება იყო, რადგან უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე. ეს კიდევ ერთი ტრამპლინი იყო, რომ დღევანდელი პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანობამდე მოვსულიყავი, მაგრამ მაშინ "ემას შოუს" დახურვას მტკივნეულად აღვიქვამდი... პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანობა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. ჩემი პროდიუსერი - რუსა შელია ძალიან დამეხმარა. ის "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი გახლავთ და პოლიტიკურ თემებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ალბათ, მის გარეშე ჩვენი გადაცემა ასეთი ხარისხიანი არ იქნებოდა.
- რესპონდენტები ცდილობენ, წინასწარ მოგელაპარაკონ, რომ გარკვეული შეკითხვები ეთერში არ დაუსვა?
- სტუმრებმა იციან, რომ კონკრეტულ შეკითხვებს ვერ შევუთანხმებთ, მაგრამ ზოგჯერ შეკითხვების წინასწარ ცოდნის შესახებ მათი თხოვნა მართლა კარგი მიზეზით არის განპირობებული - უნდათ, უკეთ იყვნენ ინფორმირებულები და შეკითხვებს კვალიფიციური პასუხები გასცენ. იშვიათად იმასაც გვთხოვენ, რომ კონკრეტული შეკითხვა არ დავსვათ. თხოვნას იმის მიხედვით ვითვალისწინებთ, თუ რამდენად აქვს მას საფუძველი.
- რესპონდენტთან ურთიერთობა დაგძაბვიათ?
- ასეთი რესპონდენტების სია ოთხი ადამიანისგან შედგებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მათგანი შემოვირიგეთ. მიხარია, რომ წყენამ გაუარა. ჟურნალისტისა და რესპონდენტის ურთიერთობაში გაბუტვის, პირადი ემოციების განვრცობის ადგილი არ არის. ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა საჯარო პირია. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული. შესაძლოა, მეც ბევრი რამ არ მომწონდეს, მაგრამ მაქსიმალურად თავს ვიკავებ, რადგან საზოგადოებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის მედიატორი ვარ...
- მახსოვს, ერთ-ერთ სტილისტს ტელეწამყვანების ჩაცმულობის შესახებ ვესაუბრე. სტილისტს გარკვეული შენიშვნა შენს სამოსთან დაკავშირებითაც ჰქონდა...
- როგორც მახსოვს, სტილისტმა ჩემი ჩაცმულობის შესახებ თქვა, - ცოტა სითამამე არ აწყენდაო (იღიმის). ვფიქრობ, ეს მართალია, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია, ეთერში კომფორტულად ვიყო. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ტოქშოუს სტილი მკაცრად კონსერვატორულია. პიჯაკი და მაისური ამ გადაცემის ფორმატს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ჩემი გარეგნობა "წინ წამოწეული" არ უნდა იყოს...
- ეკრანს მიღმა ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?
- ძალიან თავისუფალს. აი, ახლა სპორტული ფეხსაცმელი, ტყავის შარვალი და უზარმაზარი ჟაკეტი მაცვია... სხვათა შორის, ჩემი გოგონა 18 წლის არის და ძალიან მიხარია, რომ გარდერობში ბევრი საერთო სამოსი გვაქვს. ასე რომ, ახალგაზრდულ სტილსაც სიამოვნებით ვირგებ. ეს ტყავის შარვალიც მისია (იცინის)...
- როგორც მითხარი, "პალიტრა ჯგუფში" მუშაობამდე ერთი შვილი უკვე გყავდა...
- დიახ, ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი. ჩემი უფროსი შვილი ჩემი საუკეთესო მეგობარია. მეტსაც გეტყვი: ზოგჯერ ის დედობასაც მიწევს, ყოველ დილით ჩემთან ერთად დგება, მასაუზმებს და შემდეგ, უნივერსიტეტში წასასვლელად ემზადება. სახლში დაბრუნებულსაც, დაღლილს ის მივლის. ანანო რომ გავაჩინე, მესამე კურსზე ვიყავი. მეორე შვილი - ნიკოლოზი 9-წლიანი პაუზის შემდეგ გამიჩნდა. მაშინ მივხვდი, დედობა რასაც ნიშნავს. პირველი შვილის შეძენისას თავადაც ბავშვი ვიყავი... ნიკოლოზს 2 დედა ჰყავს: მე და ანანო. 3 მარტს "დედის დღე" მეც მომილოცა და თავის დასაც (იცინის)...
- შენს დაძაბულ სამუშაო რეჟიმს მეუღლე როგორ ეგუება?
- როცა ჩემი მიზნების განხორციელება დავიწყე და ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები გადავდგი, სიყვარული, რომელიც მეუღლის მიმართ მქონდა, მნიშვნელოვნად გადანაწილდა საქმეზე. ჟურნალისტიკა ჩემი ერთ-ერთი დიდი სიყვარულია. საქმის კეთებისას დიდ სიამოვნებას ვიღებ. არ დავმალავ: ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრებაში რთული პერიოდიც იყო, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ალბათ, ის გახლდათ, რომ ჩემს საქმეს უამრავ დროს ვუთმობდი, მაგრამ ის პერიოდი გადავლახეთ, დავწყნარდით და ახლა ერთად ვართ. რაც მთავარია, მეუღლემ იცის, რომ ჟურნალისტიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია.
- სამსახურში როგორი ადამიანი ხარ?
- აზარტული. თანამშრომლებს ოჯახის წევრებად აღვიქვამ, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ერთმანეთთან დიდ დროს ვატარებთ, საერთო ინტერესები გვაქვს, ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, რაზეც სახლში რომ ვილაპარაკოთ, ვერავინ გაგვიგებს. ამიტომ აქ ჩემი ოჯახია. "პალიტრა ჯგუფში" იმაზე მეტ დროს ვატარებ, ვიდრე სახლში, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მიღწევები ჩემი შვილების სიმდიდრე, "ზურგი" და დიდი იმედია. საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერს მათთვის ვაკეთებ.
- მეუღლე არ ეჭვიანობს, როცა შინ გვიან ბრუნდები ან როცა რესპონდენტი შენთან ფლირტის წამოწყების ინიციატორია?
- სახლში გვიან რომ მივდივარ, ეს დღემდე არ სიამოვნებს. თუმცა, მივხვდი: ჯობია, მისი უკმაყოფილება არ შევიმჩნიო და მეორე დღეს აუცილებლად შემომირიგდება (იცინის)... რესპონდენტის მხრიდან ფლირტის ინიციატივას რაც შეეხება: ჟურნალისტებს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა გვიწევს და შესაძლოა, ვინმესგან ფლირტის წამოწყების ინიციატივაც წამოვიდეს. თუმცა, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვისთანაც ფლირტის სურვილი თავად მექნებოდა. ასე რომ, მეუღლეს ეჭვიანობის საბაბი არა აქვს.
- შეგიძლია, რთული ჟურნალისტური დავალება გაიხსენო?
- ეს ამბავი არ დამავიწყდება (ამაზე საჯაროდ არასოდეს მილაპარაკია): 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახლდათ, მცოცავი ოკუპაციის პირველი პრეცედენტები გაჩნდა. მქონდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ახალგორის შემდგომი სოფლების მითვისება ხდებოდა. თვაურელი სააგარაკო სოფელი იყო, რომელიც ოკუპანტებმა მიითვისეს, მაგრამ ამბავი გახმაურებული არ იყო. იმ სოფლეში ერთ-ერთი სახლის მფლობელებთან, ფოტოგრაფთან და ჩემს ერთ კოლეგასთან ერთად, სიტუაციის სანახავად წავედი. გზაზე ქართველების ბლოკ-საგუშაგო დაგვხვდა, ძირითადად, ადგილობრივი სამართალდამცველებით დაკომპლექტებული. როცა გვკითხეს, სად მივდიოდით, ტყუილის თქმა მოგვიხდა, - თითქოს ჩვენს სახლში, ნივთების გამოსატანად მივდიოდით. გვითხრეს, რომ სოფელში რუსი სამხედროები დადიოდნენ და ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხს არ აგებდნენ. სხვათა შორის, ჟურნალისტური იღბალი მაქვს - ქართულ საგუშაგოზე ჩემს თხოვნას ზერელედ შეხედეს და ე.წ. საზღვრის მიღმა გაგვიშვეს. პირადობის მოწმობები დაგვატოვებინეს, რომ სცოდნოდათ, რუსები ვის გაიტაცებდნენ... რაკი სააგარაკო სოფელი იყო, მცოცავი ოკუპაციის შემდეგ, იქ აღარავინ ცხოვრობდა. იქაურობა გავერანებული იყო. ზაფხულში, უზარმაზარ ბალახში, ჩუმად მივდიოდით, ირგვლივ გველები დაცოცავდნენ... ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, რომელიმე სახლიდან რუსი სამხედრო გამოსულიყო და ჩვენთვის ქეჩოში წაევლო ხელი. სასწაული იყო, რომ გადავრჩით!.. მოკლედ, იქიდან ფოტომასალა, რეპორტაჟი ჩამოვიტანე: ეს ექსკლუზიური ინფორმაცია იყო იმის შესახებ, რომ 2008 წლის შემდეგ, რაც რუსებმა ჩვენი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინეს, ისინი გარკვეულ ტერიტორიებს კიდევ ითვისებდნენ. შემდეგ, ვანო მერაბიშვილის პრესკონფერენცია მახსოვს, სადაც მან "მატყუარა" მიწოდა. თქვა, რომ ჩემ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო. ამაზე ჩემი რედაქციის ბუნებრივი რეაქცია გახლდათ, რომ ადგილზე ხელმეორედ უნდა ჩავსულიყავი და იქ არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ გადამეღო, ჩვენი სიმართლე დამემტკიცებინა. სახლის მეპატრონეები აღარ წამომყვნენ - შეეშინდათ. მხოლოდ მე და მძღოლი წავედით... ქართულ ბლოკ-საგუშაგოზე ადგილობრივი პოლიციელების ნაცვლად, უკვე სპეცრაზმელები დაგვხვდნენ. ალბათ, თითოეული 2 მეტრის სიმაღლის და არანაკლები სიგანის იყო. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ჩემს მძღოლს ქეჩოში ხელი ჩაავლო და გვერდით გაიყვანა. მახსოვს, მძღოლის გაფითრებული სახე... დაბრუნებულმა ხელკავი გამომდო და ფაქტობრივად, იმ ადგილიდან ძალით გამათრია, მანქანაში ჩამსვა და თბილისამდე ხმა არ ამოუღია. ვეკითხებოდი, - რა გითხრეს, რა მოხდა-მეთქი? 3 თვე არ მეუბნებოდა. მერე მითხრა, რომ თურმე, ძალიან ცუდი ძალადობით დაგვემუქრნენ... დღემდე იხსენებს, მაშინ თავი როგორ გადაირჩინა და მეც გადამარჩინა (იცინის).