დიპლომატი, საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი და ამჟამად საქველმოქმედო ფონდ На Благо Одессы-ის ხელმძღვანელი - ეს ის ოფიციალური ცნობებია, რაც თემურ ნიშნიანიძის შესახებ ვიცით.
უკრაინის პროკურატურამ დიპლომატი 10 მარტს დაკითხვაზე დაიბარა. ნიშნიანიძე ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. პროკურატურაში განაცხადეს, რომ პეჩორის სასამართლოში მისთვის აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვენ.
თუმცა, უკრაინულ მედიაში ახალგაზრდა დიპლომატზე სხვა ბევრი საინტერესო ინფორმაციაც მოიპოვება.
თეიმურაზ ნიშნიანიძე 1979 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც უკრაინის შს აკადემია დაამთავრა.
მისი დიპლომატიური კარიერა სწორედ უკრაინაში 2007 წლიდან იწყება - დონეცკსა და ოდესაში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ატაშედ იწყებს მუშაობას. 2011-2013 წლებში კი კონსულის პოზიციას იკავებს. 2015 წელს ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის უშტატო მრჩეველი ხდება და სათავეში უდგება საქველმოქმედო ფონდს На Благо Одессы.
წარმატებული, მარტოხელა დიპლომატი არამარტო უკრაინული მედიის, არამედ უკრაინელი ქალების განსაკუთრებული ინტერესის საგანიც გახლავთ. მისი ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში პაპარაცების და მედიის ყურადღებას იმსახურებს. კულტურული ღონისძიებები, ოფიციალური მიღებები, კინოფესტივალები - წლების მანძილზე ნიშნიანიძე ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში ლამაზი ქალების გარემოცვაში.
38 წლის დიპლომატმა რამდენიმე წლის წინ გამოცემა NikLife-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან ხიბლავს უკრაინელი ქალები, რომლებიც "ისე თავშეკავებულები არ არიან, როგორც ქართველები".
"საერთო რწმენის მიუხედავად, უკრაინელებისგან განსხვავებით, ქართველი ქალები და კაცები, მეტად ტრადიციულები და უფრო ჩაკეტილები არიან. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპისკენ ისწრაფვის, მაინც დომინირებს მამაკაცი. უკრაინაში კი, რაც მე ძალიან მომწონს - ქალები დომინირებენ. აქ ბევრი ქალია პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე, სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, ეს დიდ სიმპატიებს იწვევს ჩემში. საქართველო მეტად ტრადიციული ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, ქართველი ქალები ბევრ ქცევაში მეტად თავშეკავებულნი არიან" - ამბობს გამოცემასთან რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ნიშნიანიძე.
38 წლის დიპლომატი უკვე 18 წელია უკრაინაში ცხოვრობს და როგორც niklife.com.ua წერს, ამ ხნის მანძილზე მან შესაბამისი მეორე ნახევარი ვერ იპოვა. "უკრაინაში დიდი ხანია ვცხოვრობ. აქ მივიღე განათლება და მთელი ჩემი სამსახურებრივი გამოცდილება სწორედ უკრაინას უკავშირდება. თუმცა, ჯერ დასაოჯეხებელი ვარ. ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ის..." - ყვება ნიშნიანიძე.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური კონსული დიდ დროს ატარებდა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც მისი ბევრი მეგობარი ცხოვრობს.