თებერვლიდან ბათუმის მერიაში დიასპორებთან ურთიერთობის სპეციალისტის შტატი დაამატეს. კადრი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უფლებამოსილების ფარგლებში, კონკურსის გარეშე, ხელშეკრულებით დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა შორენა მირცხულავამ დაიკავა, რომელიც, როგორც აჭარის ტელევიზია "ტვ 25" იუწყება, წარსულში ჟურნალისტად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი იყო "ქართული ოცნების" აქტივისტი და ფოთის მერის თანაშემწე მედიასთან ურთიერთობის საკითხებში.
იხილეთ სიუჟეტი: ვინ არის ქალი, რომელსაც ადამიანის დაკბენასა და მანქანის დაჯახებაში ადანაშაულებენ?
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მირცხულავას სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი ინციდენტი. ფოთში მას ახასიათებენ როგორც კონფლიქტურ, შანტაჟისტსა და აგრესიულ პიროვნებას - ამას "ტვ 25"-თან საუბრისას მასთან კონფლიქტში მონაწილე მხარეებიც ადასტურებენ. მათივე თქმით, მირცხულავას ბრალი წაყენებული ქონდა ხულიგნობის მუხლითაც, არის ნასამართლევი და გათავისუფლდა ამნისტიის შედეგად. საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა შელაპარაკების ნიადაგზე მანქანით დაჯახება, ადამიანის დაკბენის ფაქტები და სხვა.
როგორც ტელეკომპანიასთან საუბარში ჟურნალისტი ლელა ებრალიძე ამბობს, ის დაზარალებულია.
"მე ვარ დაზარალებული. მან მე დამაჯახა მანქანა, ეს იყო გამიზნული, წინასწარი მუქარით განხორციელებული. ჩემი განცხადება დევს ფოთის პროკურატურაშიც და შსს-შიც. ჩემი შემთხვევა მისთვის პირველი არ არის, სხვათაშორის, ეს მესამე თუ მეოთხე ფაქტია. მას ეხერხება ათასნაირი პროვოკაცია და არის ადამიანი, რომელიც გააკეთებს ნებისმიერ ჩანაწერს და დააშანტაჟებს ამით ვინმეს", - ამბობს ჟურნალისტი ლელა ებრალიძე ტელეკომპანიასთან საუბარში.
თავად შორენა მირცხულავა მასზე გავრცელებულ ფაქტებს უარყოფს. აცხადებს, რომ პირადი კონფლიქტების საფუძველზე თავად მას ესხმოდნენ თავს. მისივე თქმით, ის არც ნასამართლევი არ არის.
"თითზე კბენის ფაქტები, თუ რაც იყო, იქნებოდა მაშინ ჩემზე გამამტყუნებელი განაჩენი. არანაირი ნასამართლეობა მე არ მაქვს და რაიმე ინციდენტი თუ იყო, ესეც იყო პროვოკაცია და მე ყველა შემთხვევაში გავმართლდი", - ამბობს მირცხულავა.