"ჩემი სხეული ჩემი საქმეა", - ამ ლოზუნგით, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზებით, 8 მარტს თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა, ქალთა სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით, ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.
თუმცა, მანამდე, ფილარმონიასთან მცირე ინციდენტი მოხდა. ფემინისტებს პოლიტიკური მოძრაობა "ქართული იდეის" წევრები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია პატრულმა განმუხტა, რომელმაც "ქართული იდეის" წარმომადგენლებს კანონის ენით აუხსნა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
პატრულის ასეთმა ქმედებამ ფეისბუქმომხმარებლები აღაფრთოვანა. თუ სამართალდამცველი ხშირად სოციალურ ქსელში კრიტიკისა და გაკიცხვის საგანი ხდება, ამჯერად პირიქით, ამ პოლიციელის ქმედებით მთელი ფეისბუქსაზოგადოება მოიხიბლა:
გიორგი ბერაია: ქართველი პროფესიონალი პოლიციელი ფემინისტების აქციაზე მოსულ გაუგებარი პრეტენზიების მქონე, აგრესიულ მოქალაქეს უხსნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების არსს, რწმენის მიუხედავად კანონის საყოველთაობას სახელმწიფოში და ასევე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას.
ირაკლი მაღრაძე: რა ელემენტარული რაღაცები გვიხარია, მაგრამ ამ ვიდეოს ბოლოში პატრული არის სიყვარული, გაგება, მეობა, ქართველობა და ყველაფერი კარგი. ბევრი ასე მოაზროვნე მხოლოდ პოლიციელი კი არა, მოქალაქე რომ გვყავდეს, გაცილებით წინ ვიქნებოდით. არა და რას ამბობს? მარტივ, ანბანურ ჭეშმარიტებას...რომლის მოსმენამ მაინც მაგრად გამახარა
ცვატა ბერძენიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს პოლიციელი გყავთ ოქრო და ბრილიანტი. ბევრი ასეთი მართლა კანონის დამცველი ამ ქვეყანას
ანა არგანიშვილი: ეს ყოჩაღი პოლიციელი... წაუკითხა კონსტიტუციის პრინციპები! გავიშალე წელში!... კიდევ ერთხელ ყოჩაღ შსს! ბევრ პოლიტიკოსზე კარგად იცის, იყენებს და სხვასაც უხსნის საქართველოს კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, შეკრების და მანიფესტაციის, გამოხატვის თავისუფლებას და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს.
მიშა მშვილდაძე: აი ეს ევალება პოლიციას, როცა სახელმწიფოს წარმომადგენელი იქცევა სწორად, პროვოკატორს პონტი აღარ აქვს
სალომე ბარკერი: ეს ვიდეო ჩართეთ, აიწიწკნეთ ნერვები ამ უკიდეგანო სირის სმენით, პერიოდულად დატკბით გოგოების მშვიდი და აუღელვებელი სახეებით (ყოჩაღ თქვენ, მე სისხლი ჩამექცეოდა ტვინში) და აი უკვე მოთმინების ამოწურვის ეტაპზე (და ამ ვიდეოს რაშიც უყურებთ იმ გაჯეტის დამტვრევა რომ მოგინდებათ ზუსტად მაგ დროს), სცენაზე შემოდის სამართალდამცველი, რომელიც არის ნამდვილი, წესიერი, კანონდამცველი პოლიციელი. სხვა თუ არაფერი, ტრენინგები მაინც ჩაატარებინეთ სხვა პოლიციელებისთვია
გუკა ქუტიძე: ამ პოლიციელის სურათი დაკიდეთ შსს-ს შესასვლელში, არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ დღევანდელ რალობაში ეს პოლიციელი არის განსაკუთრებული დაფასების ღირსი რათა გახდეს სამაგალითო, უბრალოდ შეასრულა მისი მოვალეობა და არ დაიწყო "სადღეგრძელოების" დალევა
ხათუნა სამნიძე: კარგი პოლიციელი!
ანა სუბელიანი: თურმე რა მარტივი ყოფილა ადეკვატურობა პოლიციელის მხრიდან და თურმე როგორი შედეგიანია ასეთი მუშაობა!
არჩილ მარშანია: იპოვეთ ეს პოლიციელი და დანიშნეთ პრემიერმინისტრად! ან სადმე მაღალ თანამდებობაზე... მოუსმინეთ "კაროჩე"!!!