საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ყველას პროვოკაციებისა და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების შემდეგ მოხდა "იმედის" დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები", - განაცხადა მარგველაშვილმა.