ბავშვისა თუ მოზრდილის მენიუში იოდის შემცველობა საგანგაშოა. მისი დეფიციტი კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ორგანიზმს. გვესაუბრება პედიატრი ელენე ერეკლიშვილი.
- რატომ არის სახიფათო იოდის დეფიციტი?
- იოდის ნაკლებობისას ორგანიზმში ისეთი დაავადებები ვითარდება, როგორებიცაა - ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, ინტელექტის დაქვეითება, ძვლების სისუსტე ახალშობილებში.
იოდის ნაკლებობის შევსება შესაძლებელია საკვების საშუალებით. რადგან ბავშვები ნაკლებად ეტანებიან ზღვის კომბოსტოს, შესაძლებელია მისი შეცვლა იმ ხილით, რომელიც ძალიან უყვართ - ასეთებია ფეიხოა, ხურმა, კარალიოკი. ისინი იოდის შემცველობით მოწინავენი არიან. განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვისპირა რეგიონებში მოყვანილი ეს ხილი.
კარალიოკი, ხურმა
1896 წელს მისი 12 ნერგი კავკასიაში იაპონიიდან შემოიტანეს. სამშობლოში დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი ლათინური სახელწოდება “ღმერთების საკვებს” ნიშნავს.
2-3 ცალი კარალიოკით მშიერი ადამიანის დანაყრებაა შესაძლებელი.
საკვები ნივთიერებების შემცველობით კარალიოკი ტოლს არ უდებს ლეღვსა და ყურძენს. ის იმდენად ტკბილია, რომ გაჭრილს ზედაპირზე შაქრის ნადები უჩნდება. ამ თვისების წყალობით მას დიდი სარგებლობა მოაქვს გულის მანკით დაავადებულთათვის. მის ნაყოფში შემავალ შაქარს ორგანიზმი გულის კუნთის საკვებად იყენებს.
გარდა ამისა, ის უხვად შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, აქვს შარდმდენი თვისება. ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობით ბევრ სხვა ხილს სჯობს. ზომიერად შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას და სხვა აუცილებელ ელემენტს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კარალიოკში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ციტრუსებში, ხოლო ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის წინამორბედი) - უფრო მეტი, ვიდრე სტაფილოში, დაბოლოს, ის ძალიან მდიდარია იოდით.
იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, ბავშვებმაც და მოზრდილებმაც ყოველდღე მიირთვან 1-2 ცალი ხურმა.
ხალხში გაბნეული რეცეპტების მიხედვით, გაციებისა და ხველისას სასარგებლოა ყელში ხურმის ან კარალიოკის წვენის გამოვლება - ერთი მწიფე ნაყოფის გამონაწურს უნდა დავუმატოთ სამი სადილის კოვზი თბილი წყალი.
ხურმის ან კარალიოკის ჩირის მოსამზადებლად საჭიროა ყინვადაუკრავი ნაყოფი. გათალეთ, ყუნწის ადგილას ძაფი გაუყარეთ, გამონასკვეთ და თბილ ადგილას ჩამოკიდეთ. 5-7 კვირის შემდეგ ჩირი მზად იქნება. გამომშრალი ნაყოფი სიმწკლარტეს კარგავს.