"ბიძინა ივანიშვილები, რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეთ, მათსავით მოთხრილი ხეებივით მიდიან და მოდიან, საქართველო კი რჩება", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოსთან, ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, "საქართველო ვერ გაანადგურა საუკუნეების განმავლობაში ბევრმა აღა მაჰმად ხანმა, თემურ ლენგმა და ვერ იზამს ამას ვერც ბიძინა ივანიშვილი".
"შესაძლოა, ხე მოთხარო და გადარგო შენს ბაღში, მაგრამ ქვეყანას ვერ მოთხრი და ვერსად ვერ გადარგავ. თუ ამ 9 მოსამართლეს სურს შეასრულოს იმ ბარებისა და ნიჩბების როლი, რომლითაც ივანიშვილი მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან თხრის საქართველოს ძირფესვიანად, ეს იქნება მათი არჩევანი, მაგრამ მათი არჩევანი ძალიან მალე გახდება მათი განაჩენი", - განაცხადა გვარამიამ.
მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს შენობაში წყდება საქართველოს ბედი.
"დიახ, ეს 9 ადამიანი უბრალოდ 9 სახელი და გვარი არაა - უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე დღეს ან ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც ხელს მოაწერენ კანონიერებას, სამართლიანობას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლების დაცვას და ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, შეიტანს საკუთარ თავსაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით, ან მიიღებს უკანონო, უსამართლო, საკუთრების უფლების და სიტყვის თავისუფლების შემლახავ გადაწყვეტილებას, ამით დააყენებს რისკის წინაშე და შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მომავალს, და რაც მთავარია მათთვის, საკუთარ სახელებს შეიტანს შავი ასოებით ისტორიაში. ეს არის გადაუვალი", - განაცხადა გვარამიამ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაში რიგით მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უზენაეს სასამართლოსთან იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.