თელავში მასწავლებელი "შატალოზე" წასულ ბავშვებს პოლიციით დაემუქრა - რაზე ედავებიან მშობლები პედაგოგს

თელავში მასწავლებელი "შატალოზე" წასულ ბავშვებს პოლიციით დაემუქრა - რაზე ედავებიან მშობლები პედაგოგს

თელავის მე-7 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა მშობლები ამავე სკოლის მასწავლებლის წინააღმდეგ ჩივიან. მშობლების ინფორმაციით, მოსწავლეები გაკვეთილიდან "შატალოზე" წავიდნენ, რის შემდეგაც მასწავლებელმა ბავშვებს დაურეკა, პოლიციით დაემუქრა და მათ სკოლაში დაბრუნება მოსთხოვა.

ერთ-ერთი ბავშვის მეურვე, ნათია მექუდიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ბავშვები სკოლაში დაბრუნდნენ, მათთან კლასის ხელმძღვანელის ლამზირა ციგროშვილის შვილი მივიდა და მოსწავლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, დღეს მშობლებს შეაქვთ განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე და ითხოვენ აღნიშნული კლასის დამრიგებლის დასჯას. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დირექცია მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, მშობლები მიმართავენ საგანმანათლებლო რესურსცენტრს ან სასამართლოს.

კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ამბობს რომ არ უნდა მის შვილებს სკოლაში პრობლემები შეექმნათ და სასწავლო წლის ბოლოს მათ სხვაგან გადაყვანას აპირებს:

"უფრო მეტ დეტალს თვითონ ბავშვი მოგწერთ, მაგრამ არ მინდა კიდევ უფრო გადაეკიდონ. სიმართლე გითხრათ მეშინია უკვე ბავშვებს პრობლემები არ შეექმნათ. წლის ბოლოს ბავშვების მაგ სკოლიდან გაყვანას ვაპირებ" - გვიპასუხა მშობელმა. რამდენიმე წუთში კი მისი შვილისგან, რომელიც ლამზირა ციგროშვილის სადამრიგებლო კლასში სწავლობს, ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ:

"მე ვარ ლამზირა ციგროშვილის სადამრიგებლო კლასიდან. სამშაბათს სკოლაში რომ მივდიოდი, კლასელებმა გამაჩერეს - სკოლაში არ შეხვიდე, შატალოზე წავიდეთ, სკოლაში არ არის არც ერთი ბავშვიო. სტადიონზე შევიკრიბეთ და წასვლას ვაპირებდით, როცა ჩემი კლასელის დედა მოვიდა და გვითხრა ლამზირა მასწავლებელმა თქვა თუ წავლენ, პოლიციაში დავრეკავ და ყველას დავაჭერინებო. დაელოდეთ და ვეტყვი რომ აქ მოვიდესო. მოვიდა ჩხუბი დაგვიწყო და გვითხრა რომ სკოლაში წავსულიყავით. კლასში დაგვსხა და უნამუსოებოო, აუტანელებოო, საზიზღრებოო და კიდე რაღაცეები გვეძახა. ჩემმა ერთმა კლასელმა უთხრა, გთხოვთ შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთო, ლამზირა მასწავლებელმა უპასუხა - შე უპატრონო, ხან სად დაეხეტები, ხან სადო. მას ბევრჯერ უთქვამს მსგავსი სიტყვები სხვა მოსწავლეებისთვისაც" - ამბობს მეცხრე კლასის მოსწავლე.

ფაქტს უარყოფს მშობლების და ბავშვების მიერ დადანაშაულებული მასწავლებელი. მეცხრე კლასის ხელმძღვანელის, ლამზირა ციგროშვილის განცხადებით, მან რამდენიმე მოსწავლის მშობელს მას შემდეგ დაურეკა, რაც აღმოაჩინა რომ პირველ გაკვეთილზე მთელი კლასი არ მივიდა და ბავშვების მოძებნაში დახმარება სთხოვა.

"როდესაც მშობელს დავურეკე, მან მითხრა რომ ათ წუთში მოძებნიდნენ ბავშვებს და ვუთხარი, რომ თუ ამ დროის გასვლის შემდეგ, ბავშვები კლასში არ იქნებოდნენ, შესაბამის ორგანოებს შევატყობინებდი, ამის შემდეგ ბავშვები კლასში მალევე დაბრუნდნენ" - ამბობს ციგროშვილი. AMBEBI.GE-ს კითხვაზე თუ ვინ იგულისხმა პედაგოგმა შესაბამის ორგანოებში, ის არ აკონკრეტებს.

ლამზირა ციგროშვილი ასევე უარყოფს მისი შვილის მხრიდან ბავშვების გინების ფაქტს: "ჩემმა შვილმა ისიც კი არ იცის, რომელ კლასში შევდივარ, რა გინებაზეა საუბარი, რატომ ცდილობთ ყველაფრის არასწორად წარმოჩენას, მოსწავლის ტყუილებს უჯერებთ და ჩემი სიმართლის არ გჯერათ?!" - გვითხრა ლამზირა ციგროშვილმა.

თელავის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მაია სილაგაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაციის გამო გაკვირვებულია, ის პედაგოგს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ მან ე.წ შატალოზე წასული ბავშვები სკოლაში დააბრუნა.

"ჩემი ინფორმაციით, არანაირი ზეწოლა არავისზე არ მომხდარა, საკითხში კიდევ უფრო კარგად გავერკვევი და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, გატარდება თუ არა რაიმე დისციპლინარული ღონისძიება რომელიმე თანამშრომლის მიმართ", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სილაგაძემ.

დღის პირველივე ნახევარში, სკოლაში მივიდა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილი, რომელმაც კომენტარი დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გაკეთა. მრელაშვილის თქმით, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდა, აუცილებლად უნდა დადგეს შესაბამისი სახდელი დამნაშავე პირის მიმართ:

"თუმცა, ინფორმაცია ამ დროისთვის გამოკვლევას საჭიროებს და უახლოეს მომავალში აღნიშნულზე სკოლის დისციპლინარული კომიტეტი იმსჯელებს" - აღნიშნა მრელაშვილმა.

ერეკლე ცოცანიძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ