აუდიო და ვიდეო მასალების მიხედვით არ ჩანს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, - ამის შესახებ საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, იმ დამატებითი ინფორმაციის საშუალებით, რაც პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა მიიღეს, მსგავსი რამ არ იკვეთება.
"რაც მე კადრებში ვნახე, იქ მსგავსი რამ არ ჩანს, რომ ქალბატიონმა შორენამ სთხოვა მამა გიორგი მამალაძეს, რომ მას სჭირდებოდა ციანიდი", - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა და განმარტა, რომ მას ვიდეო და აუდიო მასალის სრული ვერსია ნანახი არ აქვს.
"რუსთავი 2"-ის წყაროს ინფორმაციით, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ ციანიდი პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის თხოვნით შეიძინა. ამავე წყაროს ცნობით, თეთრუაშვილმა მამალაძეს განუმარტა, რომ ნივთიერება ნაცნობი ხატმწერისთვის სურდა, თუმცა მამალაძემ მისი შოვნა ვერ შეძლო.
"რუსთავი 2" სანდო წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ საქმეში დართულია აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის ხმა: "შორენა მარილზე უნდა გავიდეს", თუმცა რა კონტექსტშია ფრაზა ნათქვამი, არხისთვის უცნობია.