დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო ჯერ ვერ მოხერხდა. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.
"ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს დაკითხვა უნდა შემდგარიყო. ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით. გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან. გარკვეული დროის შემდეგ, მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. შესაბამისად, ის გაიყვანეს საკანში", - განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, მამა გიორგის დაბალი სიცხე და დაბალი წნევა აღენიშნებოდა. "მას აერია გულიც", - აღნიშნა ადვოკატმა.
სხვა ვერსია აქვს პროკურატურას. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, "ექიმმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით კვლავ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე... დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. ბევრი შეკითხვა გვქონდა დასასმელი და გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს - ასე ვიყავით შეთანხმებული თავად ადვოკატებთან და ბრალდებულთან. იმის გათვალისწინებითაც, რომ მიდიოდა ბრალდებები, თითქოს ჩვენ ვაჭიანურებდით პროცესებს, როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა პროკურორმა.