რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში - უცხოელი სტუმრები ქართველი გიდების თვალით

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს საქართველოში - უცხოელი სტუმრები ქართველი გიდების თვალით

ჩვენს ქვეყანას ბოლო დროს ბევრი ტურისტი სტუმრობს, რომლებსაც მასპინძლობას უმეტესად ტურისტული კომპანიებისა თუ კერძო გიდები უწევენ. გიდი ტურგამცილებელია, ტურისტების თანმხლები პირი, რომელიც ამა თუ იმ ქალაქის, მხარის ღირშესანიშნაობების დათვალიერებისას უცხოელებს ეხმარება. საქართველოში არსებობს გიდების ასოციაცია, რომელიც სკმაო რაოდენობის პროფესიონალი გიდის გაერთიანებას წარმოადგენს. მათი მიზანია, სტუმრის მომსახურებისას ყველა წესის, ნორმის, ეტიკეტისა თუ სტანდარტის დაცვა. ამიტომაც არის, რომ ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთი მელაძე გიდებს ქვეყნის დიპლომატებსა და ელჩენს უწოდებს. 

ალბათ საინტერესოა, რა ინტერესები აქვთ საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რისი ნახვა სურთ და როგორ ხვდებიან მათ ჩვენს ქვეყანაში.

თემის ირგვლივ საუბარს ამ ასოციაციის პროფესიონალ გიდთან, გიორგი გვიშიანთან ვიწყებთ.

გიორგი სამ წელიწადზე მეტია, რაც გიდია. პროფესია ძალიან მოსწონს, რადგანაც უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა. "გიდი დიპლომატია, ტურისტი - ჩვენი ქვეყნის სტუმარი. ეს უკანასკნელი ჩვენს ქვეყანას ისეთი თვალით უყურებს, როგორადაც გიდი აწვდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსული სტუმარი ვის ხელში მოხვდება. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დღეს ყოველი მეორე, მძღოლიდან დაწყებული, თავის მატერიალურ მხარეზე უფრო ფიქრობს, ვიდრე საქართველოს იმიჯზე", - ამბობს გიორგი.

მისი თქმით, "აზიური ქვეყნებიდან ჩამოსულებს ცოტა სხვა ინტერესები აქვთ, პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსულებს - სხვა, - ჩვენი ისტორიით, კულტურით ინტერესდებიან. იაპონელებს, ჩინელებს, კორეელებს უმეტესად ქვეყნის ხედები, ბუნება იზიდავთ".

ჩემს კითხვაზე, რითი შეიძლება ტურისტი უკმაყოფილო იყოს, მპასუხობს, შეიძლება სასტუმრო, რესტორანი, ინფრასტრუქტურა არ მოეწონოს და სურვილი გამოთქვას, რომ ქვეყანაში ყველაფერი იმაზე უკეთ იყოს, ვიდრე ამჟამად არის. ჩვენი რესპონდენტი ტურებს როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უძღვება. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენს მოქალაქეებს ეროვნების გამო, ესა თუ ის სტუმარი გაულანძღავთ, ასეთ დროს გიორგი ცდილობს, მათ აუხსნას, რომ ტურისტები ქვეყნის სანახავად არიან ჩამოსულები. "ხოლო სტუმრებს კი თავიდანვე ვატყობინებ, რომ ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის ტოლერანტული იყო და არასდროს ჰქონია სხვადასხვა ეროვნების, ან ამა თუ იმ რელიგიური კონფესიის მიუღებლობა. აქ ბევრი ეროვნების ადამიანი, ერთმანეთის გვერდით, მუდამ ცხოვრობდა...

საერთოდ, ყველა ტურისტთან სხვადასხვა ურთიერთობა ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ გიდს არ აქვს უფლება, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს ქვეყნის სტუმართან, ვინაიდან ეს სამსახურებრივ მოვალებას სცდება, გარკვეული კატეგორიის ადამიანებთან მაინც ვმეგობრობ... სავრაუდოდ, 4.000-მდე ტურისტი მყოლია. ხანდახან კორპორატიული ტურები მაქვს ხოლმე და ავტობუსში შეიძლება 50 კაციც მეჯდეს. ამ დროს ვალდებული ვარ, ყველანაირი აუდიტორიის ინტერესი დავაკმაყოფილო და ყველას ყურადღება მოვიქციო...

ისეთი ფაქტებიც ხდება, როცა საკუთარ ქვეყნებში 30 წლის უნახავი ადამიანები ერთმანეთს საქართველოში ხვდებიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. ვინც ერთხელ ყოფილა, თითქმის უმრავლესობას აქ მეორედ ჩამოსვლის სურვილი უჩნდება. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გასული წლის 1-ელი მაისიდან უკვე მეოთხედ ჩამოვიდა აქ და მაისში მეხუთედ აპირებს ჩამობრძანებას.

ყველა ამბობს, რომ ტურიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მთავარია სწორი მიდგომა, განვითარება, ახალი პროექტების შექმნა.

მაგალითად, ვიცნობ ქალბატონს, რომელიც 2011 წელს პირველად მოხვდა საქართველოში და დღეისათვის 15-ჯერ გახლდათ აქ, - უკვე სახლსეძებს კახეთში ალაზნის ველის ხედით.

- საიდან არის?

- მოსკოვიდან. შარშანწინ აქ იყო უკრაინელი მოსწავლეების ჯგუფი, სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან ერთად, მანამდე ჩვენს ერთ-ერთ სკოლასთან ჰქონიათ მიმოწერა. დამეგობრებულები ერთმანეთს შეხვდნენ...მოეწონათ ხინკალი და ერთმა ბავშვმა მკითხა, - მოდი, სანაძლეოს დაგიდებთ, 35 უკრაინულ "ვარენიკს" ვერ შეჭამთო. შევჭამ-მეთქი, - ვუპასუხე. გავიდა დრო და ამ ბავშვებმა თავისთან მიმიწვიეს. ჩავედი, ლექცია ჩავუტარე და მერე სკოლის სასადილოში მოსწავლეებმა "ვარენიკები" საკუთარი ხელით მომიმზადეს. მოკლედ, 35 "ვარენიკი" ვერ შევჭამე, გაუხარდათ და წავაგე სანაძლეო.

* * *

პროფესიით ფსიქოლოგმა მაია ტაბიძემ გიდობა თავიდან ანაზღაურების გამო დაიწყო, რისთვისაც ტრენინგები გაიარა და გამოცდების ჩაბარებაც დასჭირდა, სერიოზულად შეამოწმეს, ამ მიმართულებით მუშაობა რომ დაეწყო. ტურისტები საქართველოში ყველა მიმართულებით დაჰყავდა.

"ლიდერი უნდა იყო, კონკრეტულ სიტუაციაში არ უნდა დაიბნე, გადაწყვეტილებები მუდმივად არ უნდა ცვალო და სტრესის ქვეშ მუშაობა შეძლო, რადგანაც შეიძლება. ჯგუფთან ერთად. მთაში მიდიოდე და უეცრად თავზე კლდე გადმოინგრეს. უნდა შეგეძლოს იმ მომენტის შესაბამისად, მოქნილად მოქმედება. ცხადია, ენების ცოდნაც გჭირდება. გიდობა ხელობაა, რომელსაც პრაქტიკაში სწავლობ... რაც მეტს მუშაობ, მეტი გამოცდილება გიგროვდება და საქმიანობა გიადვილდება", - ამბობს მაია ტაბიძე, რომელსაც ამ საქმეში საკმაოდ დიდი პრაქტიკა დაუგროვდა. მისი თქმით, გიდისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ლიდერი და კომუნიკაბელური.

"ჩვენთან ჩამოდიან მოხუცებიც, ერთხელ მახსოვს, ხანდაზმულმა ქალბატონმა სასტუმროს ოთახში, ყაზბეგში, ნეკნი მოიტეხა. არადა, იმავე დღეს ჯგუფის სხვა წევრები ტურზე უნდა წამეყვანა, მაგრამ ჩემს ფუნქციაში იყო, იმ ქალისთვის მიმეხედა, უნდა უზრუნველმეყო სპეციალური მანქანით კლინიკაში გადაყვანა, ვერ ინძრეოდა... ხომ ვამბობ, ასეთი ტიპის სიტუაციებში სწრაფად უნდა იმოქმედო და გადაწყვიტო, რა არის შენთვის იმ წუთისთვის პრიორიტეტული, რომ არავისგან საყვედური არ დაიმსახურო," - ამბობს მაია და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არ ისწავლება. სიტუაცია ზოგჯერ ძალიან დამღლელია, მაგრამ გიდს ევალება, ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოს, ყველას გაუცინოს: "მაშინაც კი, როცა ვიღაც მგზავრი შეიძლება ნერვებს უშლიდეს, არ აქვს უფლება, უხეშად მიმართოს".

ერთხელ ჩვენი რესპონდენტი ექსტრემალურ სიტუაციაშიც აღმოჩნდა, მიწისძვრა მოხდა, კლდემ შლა დაიწყო, რის გამოც უკან გამობრუნება მოუხდათ; რიკოთზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო კი გზაში დიდხანს შეფერხდნენ. ხოლო იმაზე, თუ რა მოთხოვნები აქვთ ძირითადად ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, აი, რას ამბობს: "ეს უფრო იმ კონკრეტულ კომპანიაზეა დამოკიდებული, ტურს ვინც უკვეთავს. მაგალითად, იაპონელ ტურისტებს უყვართ ბუნებისა და ყვავილების დათვალიერება, გერმანელებს მთაში სიარული სიამოვნებთ, აღმოსავლეთ ევროპელები ღვინის დეგუსტაციების ტურებზე დადიან. გააჩნია, როგორი ჯგუფია. ტურისტების უმრავლესობის ინტერესები ძირითადად არის - მთა, ქართული ღვინო, ტაძრები და ქვეყნის ისტორია.

ძალიან პრეტენზიული ტურისტები არ შემხვედრია. დიდი-დიდი პრეტენზია სასტუმროზე, რესტორანზე, სისუფთავეზე ჰქონდეთ, მაგრამ თუ აუხსნი, გააგებინებ, პრობლემა მაშინვე იხსნება. თუმცა მძღოლებთან დაკავშირებით კი მართლაც პრობლემაა. გიჟებივით ატარებენ, მანქანები ტრასებზე ერთმანეთს უსწრებენ, რასაც ტურისტები არ არიან მიჩვეულები, ეშინიათ და სწორიც არის, სიცოცხლისთვის საშიში რაღაცები არასდროს უნდა აკეთო! ასევე დაუშვებელია ტურისტს ერთ დღეში დაუგეგმო იმდენი ობიექტის მონახულება, რომ ვერ მოასწროს და დაიღალოს".

ქეთი მელაძე, საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი:

- 2000 წელს სერიოზული პრობლემა იყო ამ სფეროში. მოკლედ, სადღაც ვიღაცას ხომ უნდა ეფიქრა და მე აღმოვჩნდი ის ერთი: 2005 წელს გიდების პირველი სკოლა გავხსენი, პროგრამაც შევქმენი, სადაც თვითონ ვასწავლიდი, გვყავდა პედაგოგების არაჩვეულებრივი ჯგუფი. უკვე 12 წელია, წარმატებულად ვმუშაობთ და ვზრდით გიდებს. ძალიან მიყვარს ეს პროფესია და თვითონაც ვმასპინძლობ ხოლმე ჯგუფებს მაშინ, როდესაც მეგობრები ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოდიან...

გიდებს ქვეყნის ელჩებს ვუწოდებთ. ამ პროფესიის ადამიანი უნდა იყოს ლიდერი, კომუნიკაბელური, ენები უნდა იცოდეს, დიპლომატი უნდა იყოს, წარმოიდგინეთ, მსახიობი და რეჟისორიც...

ვინაიდან კულტურული გიდების ასოციაცია ვართ, ჩვენთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია ცოდნა-გამოცდილება, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

Georgian guides – ‘the ambassadors of the country’ talk about what tourists like and dislike

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი