სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. ამის შესახებ ოხანაშვილმა "რუსთავი 2"- ის გადაცემაში "პოსტსკრიპტუმი" განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ის საპატრიარქოში ვეღარ გაჩერდებოდა. "მივედი მის უწმინდესობასთნ, ვისაუბრეთ. ვთხოვე, რომ მოეცა ლოცვა-კურთხევა, წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. ვისაუბრეთ გარკვეული პერიოდი, დამთანხმდა და მე გავედი ამ სამსახურიდან. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. დრო ყველაფრის მკურნალია, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ამის გახსენებაც კი იქნება უმძიმესი. მე პატრიარქისთვის მხოლოდ დაცვა არ ვიყავი", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი თვლის, რომ საპატრიარქოში უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას შეეწირა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ყველაფრის უკან იდგეს პატრიარქის მდივან-რეფერანტი, ოხანაშვილი პასუხობს:
"დავადასტურებ, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა, თუმცა მე ჯერ კიდევ გარკვევის პროცესში ვარ და ვფიქრობ, წამოსვლით უკეთ დავინახავ, ვიდრე იქ ყოფნისას ვხედავდი. ჩემი სამსახური იყო ის ორგანო, რომელიც იყო აბსოლუტურად პატრიარის და სხვას არავის ექვემდებარებოდა საპატრიარქოში. ნებისმიერ საკითხს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვუთანხმებდი პატრიარქს და არავის სხვას. მე არავინ მჭირდებოდა პატრიარქთან ურთიერთობისთვის", - დასძინა ოხანაშვილმა.
ნოდარ მელაძის კითხვაზე, უთხრა თუ არა პატრიარქს მამა დავით ჭინჭარაულმა ოპერაციის წინ, რომ მამა გიორგი მამალაძე საწამლავით მიდიოდა მასთან გერმანიაში, ოხანაშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა. თუმცა, დაადასტურა, რომ პატრიარქს ნამდვილად ოპერაციამდე უთხრეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში მის მოსაწამლად მიდიოდა და ისიც უთხრეს, რომ მამა გიორგი მარტო არ მოქმედებდა.
"ჩემი გერმანიიდან გამოფრენა როცა გადაწყდა, მივედი მის უწმინდესობასთან და ვუთხარი, რომ მამა გიორგი მამალაძე დააკავეს, არის გაურკვევლობა და მე უნდა გავფრინდე. სულ ეს იყო, რაც მე მას ვუთხარი. ისეთი მძიმე ბრალდება იყო, ამას პატრიარქს ვერ ავუხსნიდი, იმიტომ რომ მას ოპერაციისთვის ამზადებდნენ. თუმცა, იმ დღესვე, მას პირდაპირ უთხრეს, რომ მამა გიორგი მამალაძე საწამლავით მიდიოდა მასთან გერმანიაში და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და ჩემთან ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით კითხვები", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
ოხანაშვილის თქმით, ვერ დაიჯერებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ვინმეს მოკვლაზე ეფიქრა. "ის არის უსამართლობის მსხვერპლი. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ დიდი ხნის წინ მომზადებული მზაკვრობა, რაც სამწუხაროდ, სისრულეში მოიყვანეს და დარწმუნებული ვარ ჩარეული არიან შიგნიდან, რის გარკვევის პროცესშიც ვარ", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია მსგავსი ბრძოლებისგან გათავისუფლდეს.
"მე როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბევრი რამე ვიცი, იმ საქმეებზე რაც იქ ხორციელდებოდა, ამაზე საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ, მაგრამ დადგება დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი. ეს ეხება ქონებებს, ფინანსებს, გარიგებებს..." - დასძინა ოხანაშვილმა "პოსტსკრიპტუმთან" საუბარში.