თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოში დღეს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში 15-20 გრადუსამდე იქნება.
დღეს საღამოდან კი ამინდი შეიცვლება და 26-27 თებერვალს საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
26-27 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-11 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 11-13 გრადუსამდე. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი.
თბილისში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. დღისით დროგამოშვებით ქარი გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-11 გრადუსია მოსალოდნელი.
27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა და ქვემო ქართლში, შესაძლებელია ყინვა - 0;-5 გრადუსი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი -10-15 გრადუსი იქნება.
28 თებერვალს საქართველოში კვლავ გამოიდარებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 13-18 გრადუსი იქნება.
28 თებერვალს თბილისში გამოიდარებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.