იმ ბრალდებების ფონზე, რაც ბოლო დროს საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მისამართით ისმის, ცხადია, მეტი ინტერესი ჩნდება, მართლაც, რეალურად ვინ არის ეს ქალბატონი, რომელზეც ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
როცა მასზე ერთ-ერთი მიტროპოლიტის და სხვადასხვა მედიასაშუალებებით ისმის ფრაზები - "რუხი კარდინალი", "საპატრიარქოში განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ქალი", ქალი, რომელიც მისი გარემოცვის წევრებს, "რამდენიმე სასულიერო პირს, დავალებების კარგად შემსრულებლებს ოქროს თევზს ეძახის", ჩნდება კითხვა რეალურად, ვინ არის შორენა თეთრუაშვილი. შევეცადეთ, მის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებისგან მოგვეპოვებინა, ვისაც თეთრუაშვილთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, ჰქონია და იცნობს.
პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია შორენა თეთრუაშვილს თითქმის 30 წელია იცნობს. ჟვანიას თქმით, შეუძლებელია მის აბსოლუტურ უფლებებსა და მმართველობაზე საუბარი და ამის მაგალითად რამდენიმე შემთხვევა მოჰყავს:
"ამ ადამიანმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში თქვა უარი საკუთარ თავზე. საერო პირია, მაგრამ ცხოვრობს მწირად. დაახლოებით 17-18 წელიწადზე მეტია, რაც თავისი ერთადერთი ბინა, რომელიც დედ-მამისგან დარჩა და რომელიც სპორტის სასახლის უკან მდებარეობს (პრაქტიკულად ქოხმახის მდგომარეობაში), მიატოვა და საპატრიარქოში დასახლდა. დიახ, ერთადერთი უძრავი ქონება - დედისგან და მამისგან დატოვებული სახლი, მრავალშვილიანი ნათესავის ოჯახს დაუთმო... თავისი მისაღები, რომელიც საპატრიარქოს ერთი პატარა ოთახია, 10 წლის განმავლობაში (მისი სამდივნოს ოთახი) გადატიხრული ჰქონდა "დეესპეთი", სადაც მხოლოდ საწოლი ეტეოდა. შორენას მთელი ქონება და ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ მისი ტანსაცმელია, მეტი არაფერი.
- საკუთარი ოჯახი არ აქვს?
- არასდროს ყოფილა დაოჯახებული. არის უწმინდესის სულიერი შვილი, ისევე როგორც მე და ბევრი სხვა ადამიანი. რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა-მეთქი, რომლის მსგავსი გარშემო სხვას არ აქვს, ასე არ არის, მაგრამ რა ენერგიაც აქვს, მთლიანად უწმინდესის სამუშაო გრაფიკს ახმარს. ის პატრიარქის ყოველდღიურ გრაფიკს ადგენს, ეხება წერილების მომზადება, კორესპონდენციის წარმართვა, კანცელარიის კონტროლი, უწმინდესთან შესული და მისგან გასული კორესპონდენციების მოგვარება. განათლებით ფილოლოგია, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, საპატრიარქოში მოსვლამდე და მერეც, სანამ საპატრიარქო შედარებით პატარა იყო და პირადად მას ნაკლები დატვირთვა ჰქონდა. მე საპატრიარქოში 1988 წელი მივედი და შორენა უკვე იქ იყო.
- ბოლო დღეების მანძილზე მისი არც ისე სახარბიელო პორტრეტი დაიხატა... რას გვეტყვით, მართლაც მკაცრი ქალბატონია?
- რაც შეეხება შორენას მიერ საპატრიარქოს კონტროლს, მოგახსენებთ იმას, რაც ჩემი მხრიდან, როგორც პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა შემიძლია ვთქვა - ამ ფონდში თითქმის 7-წლიანი მუშაობის მანძილზე, ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, შორენა ჩვენს საქმიანობაში ჩარეულიყოს, მითითების, სურვილის დონეზეც კი. ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში რომ ავწონ-დავწონო, ალბათ ხშირად ცილიც კი დამიწამებია მისთვის, რაც მიღიარებია მერე.
- რას გულისხმობთ?
- რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მცდარად და მკაცრადაც მოვქცევივარ. ამას იმის პასუხად გეუბნებით, როცა მკითხეთ, - არის თუ არა მკაცრი ქალბატონი? უფრო კონკრეტულად გეტყვით, რაც ჩვენს სამსახურებრივ ურთიერთობას დაგანახვებთ: დავუშვათ, უწმინდესთან რაღაც ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავ. ყოფილა შემთხვევა, რომ დღის 1-ელ საათზე ჩანიშნული შეხვედრა შორენას საღამოს 6-7-ზე გადაუტანია. რაზეც ცხადია, გვიკამათია, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამით იმას ვერ ვიტყვი, რომ მას განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. შორენას აქვს უფლება, უწმინდესის დაკავებულობის მიხედვით შეადგინოს პატრიარქის განრიგი. თუ პირველ საათზე ჩანიშნული შეხვედრა საღამოს გადაუტანია, ეს იმის გამო, რომ მოულოდნელად უფრო მნიშვნელოვანი სტუმარი მოსულა პატრიარქთან. საკმაოდ დატვირთულია უწმინდესის გრაფიკი, ალბათ უფრო რთული, ვიდრე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ან რომელიმე სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენლის.
ასე რომ, გრაფიკის ცვლილებებთან დაკავშირებით, ხშირად მომსვლია უთანხმოება, გავბრაზებულვარ, არადა, ეს მისი უფლებაა. მოკლედ და გულწრფელად რომ გითხრათ, მე უფრო შევჭრილვარ მის კომპეტენციაში, ვიდრე ის ჩემს კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მის აბსოლუტურ უფლებებსა და მმართველობაზე ვილაპარაკო... საბოლოოდ კი ასეთ რამეს გეტყვით, - არ იქნება შორენა? იქნება ნინო. არ იქნება ნინო? იქნება თამარი და ა.შ.
ადამინები, რომლებიც ამ დღეებში ამ ქალბატონთან დაკავშირებულ სხვადასხვაგვარ მოსაზრებებს ისმენენ და კითხულობენ (მათ შორის, ერთი მღვდელმთავრის მიერ გამოთქმულს), მინდა ვუთხრა: არ დაბრკოლდნენ, გააანალიზონ ზუსტად და კარგად ყველაფერი. გადაჭარბებული და მაღალფარდოვანი სიტყვებისგან თავს ვიკავებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს ადამიანი თავდადებულია თავის სულიერი მამისთვის.
- დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ქალბატონი შორენა ამაყი უნდა იყოს, რომ ერთგულებისთვის გაწირეს სასიკვდილოდ"...
- ის ფანატიკოსი არ არის. არის ერთგული ისე, როგორც საჭიროა და შეუძლია უწმინდესის სიყვარული. უბრალოდ, ჩვენ ხშირად ასაკის მიუხედავად, ანცი ბავშვებივით ვიქცევით, ხანდახან ვსარგებლობთ მისი განსაკუთრებული სიყვარულით ადამიანების მიმართ. ვსარგებლობთ მისი მიმტევებელი, ღრმა ქრისტიანული ღვთიური ბუნებით. საკუთარ თავზეც მოგახსენებთ, თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული პატივის გარდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც არის უწმინდესთან მსახურება და მის გვერდში ყოფნა. რამდენი ადამიანი ნატრობს, თუნდაც შორიდან იხილოს ის, მისი ლოცვა-კურთხევა შორიდან მაინც მიიღოს. ჩვენ ამით ყოველდღიურად განებივრებულები ვართ და ხანდახან არ ვაფასებთ...
არავინ და არაფერი მსჯის, როცა ვამბობ, რომ შორენა გადაგებულია მთლიანად გულით იმ საქმეზე, რასაც ემსახურება. ყოფილა შემთხვევა, ღამის 4 საათზე დაურეკავს, უკითხავს: - სად ხარ? მძინავს, შორენა და მაქვს ამის უფლება! თუმცა ის ამ დროს შეიძლება პატრიარქისთვის მეორე დღის გრაფიკს გეგმავდეს... თუმცა ბოლო პერიოდში მასთან შეთანხმების გარეშეც მქონია უწმინდესთან შეხვედრა.
- როგორ?
- უწმინდეს ჰყავს თანამეკელიე, არქიმანრიტი მამა დავით ჭინჭარაული, ასევე თავდადებული, პატიოსანი და ქრისტიანი ადამიანია, მასაც გადადებული აქვს თავი და ემსახურება პატრიარქს. სწორედ მასთან შეთანხმებით მოვხვედრილვარ პატრიარქთან და შორენას არც სცოდნია.
- როგორ ფიქრობთ, მეუფე პეტრემ რატომ გააკეთა საჯაროდ ის განცხადებები, რაც ყველამ ვიხილეთ და მოვისმინეთ?
- თქვენი მედიასაშუალება ყოველთვის იძლევა მიუკერძოებელ ინფორმაციას გონიერი ადამინებისთვის. ამიტომ, მივცეთ საზოდოებას იმის უფლება, თავად გააანალიზოს ყველაფერი. თქვენი მკითხველი საკმაოდ გონიერია. ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება, დიდი მარხვა იწყება და არ ჩავვარდეთ განკითხვაში. მოდი, ბოლო პერიოდის უმძიმესი ამბები ისე გადავიტანოთ, რომ არ დავაზიანოთ არც საზოგადოება და არც საფრთხე შეექმნას ჩვენს სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობას.
ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ შორენა თეთრუაშვილის მისამართით "რუსთავი 2"-ის ეთერში გააჟღერა, ეხება სულხან მოლაშვილის ოჯახისთვის ჩამორთმეულ სახლს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საპატრიარქოს გადასცა. მიტროპოლიტის თქმით, იქ მეძავები ცხოვრობდნენ და ამის შესახებ კარგად იცოდა შორენა თეთრუაშვილმა.
"სულხან მოლაშვილის დაკავების შემდეგ მის ოჯახს სახლი სამარცხვინოდ ჩამოართვეს და უზურფრუქტით გადაეცა საპატრიარქოს... სწორედ ქალბატონი შორენას ერთ-ერთი "ოქროს თევზის" დახმარებით, აქ ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც ვითომ სოფლის მეურნეობას ეწეოდა და თვითონ სულხანის თქმით, სინამდვილეში იქ ცხოვრობდნენ მეძავები გამოძახებით. სახლს კი ეწერა "საპატრიარქოს სახლი ნომერი 3" - განაცხადა მიტროპოლიტმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" დამფუძნებელმა კახა ჯანაშვილმა ფეისბუქის გვერდზე პოსტი და ფოტოები გაავრცელა. ჯანაშვილის თქმით, მოლაშვილის ყოფილ სახლში დედათა და ბავშვთა თავშესაფარია, რასაც მის მიერ გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს:
"საპატრიარქო სახლი ნომერი 3. ეს არის "მეძავებით" სავსე სახლი?! ფუიი, შენი ნამუსი რა ვთქვი, პეტრე. ეს არის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. ღმერთმა გაპატიოთ თქვენი უგნურება!" - წერს ფეისბუქში საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.
საინტერესო ინფორმაციას ახმაურებს თეოლოგი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლოესი ისტორიის მკვლევარი გიორგი ტიგინაშვილი. როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აღნიშნა, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. "როგორც ამბობენ, უნდა შედგენილიყო წერილი, რომელიც საზოგადოებას უწმინდესის გაყალბებული ხელმოწერით წარედგინებოდა მისი გარდაცვალების შემთხვევაში" - ამბობს ტიგინაშვილი.
თეოლოგს ვკითხეთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხმები შორენა თეთრუაშვილის "განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე" და რამდენად შესაძლებელია, ნამდვილად ფლობდეს ის მსგავს უფლებებს:
"ვფიქრობ, ქალბატონ შორენას დიდი ღვაწლი და დამსახურება მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე და ისიც ცხადია, რომ შეცდომებისგან დაზღვეული ვერ იქნებოდა, თუმცა როდესაც ამ პიროვნების გარშემო მუდმივად აპელირება ხდება, რომ თითქოს და, ის ეკლესიაში წარმოადგენს საფრთხის შემცველ ძალას, - ეს გაზვიადება და უტრირება მგონია, რადგანაც მისი უფლებამოსილება, ქმედებები ნაკარნახევია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ამიტომ, შეუძლებელია ამ ქალს ისეთი სუვერენული და დამოუკიდებელი პოზიციები და კადნიერება ჰქონდეს, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული, მმარველობითი) კათოლიკოს-პატრიარქის მიღმა მიიღოს. წარმოუდგენელია. ამას საპატრიარქოც ადასტურებს, რომ ეს ქალბატონი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნისონში მოქმედებს კათოლიკოს-პატრიარქთან, მის ნებასთან, შეხედულებასთან და განწყობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ის ამ შემთხვევაში ერთგვარი ფარია და მისი მისამართით გამოთქმული ყოველი პრეტენზია, უკმაყოფილება და კრიტიკა, ირიბად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის.
მეტსაც გეტყვით, ქალბატონ შორენას ჩემს პუბლიკაციებში ვაკრიტიკებდი, სადაც ვეხებოდი სისტემურ რეჟიმს, არამართლზომიერ მოქმედებას, რომელიც შეუფერებელია საეკლესიო ადმინისტრაციისთვის, მაგრამ ქალბატონი შორენას პიროვნული ღირსება, თავაზიანობა, კეთილგონიერება ხშირად წარმოჩენილა სხვადასხვა კონფრონტაციის, ანტაგონიზმისა და დაპირისპირებისას ეკლესიის წიაღში. შეფასებისას არაობიექტურობა არ შეიძლება. კრიტიკა პოზიტიური და ნეგატიური შეფასების კომბინირებას ნიშნავს და სწორედ აქედან გამომდინარე ვმსჯელობ. ამიტომ რაც მას დადებითი აქვს, ვამბობ...
მისი ყოვლად უსამღვდელოესობა, მიტროპოლიტ პეტრეს მიერ გამოთქმული ბრალდებები ქალბატონ შორენას მისამართით უსაფუძვლოა, რადგანაც კარგად ვიცით, როგორი წესით მოქმედებს და როგორ ვერტიკალზეა აგებული მმართველობითი ფორმაცია ეკლესიაში. ამიტომ, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, მეუფე პეტრეს შეკითხვები კათოლიკოს პატრიარქის მისამართით ჰქონოდა. ამ შემთხვევაში, საზოგადოებაში მეტ პატივისცემას დაიმსახურებს არა იმიტომ, რომ ეს კითხვები ლეგიტიმური და ლოგიკურია, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელი გამოჩნდებოდა. მაგრამ, როდესაც ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს ქალბატონ შორენაზე და ცხადია, იცის, ამ ყველაფრის უკან, რა პასუხისმგებლობა, რა ლოცვა-კურთხევაა, მმართველობაში რა სისტემური თანმიმდევრობა, მაშინ საკითხი სხვაგვარად ფასდება.
ქალბატონ შორენას არ აქვს ისეთი ძალაუფლება, როგორც კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც არეგულირებს, ემსახურება, ითვალისწინებს სამღვდელოების მოთხოვნებს.
- როგორც "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეთ, პატრიარქის გერმანიაში წასვლამდე საპატრიარქოდან გაქრა უწმინდესის ფაქსიმილე. როგორ ფიქრობთ, ვისი ხელი შეიძლება ერიოს ამაში?
- არარელევანტური საუბარი არ მჩვევია და ძალიან რთულია დამნაშავის იდენტიფიცირება, როდესაც ეს კონფიდენციალურ გარემოში ხდება, შესაბამისად, თავს შევიკავებ პერსონიფიცირებისგან, მაგრამ თუკი დავუშვებთ და ლოგიკურ სურათს დავსახავთ, ეს უნდა აწყობდეს იმას, ვინც გარეულია ლიკვიდაციის ჯგუფურ სამზადისში. შესაბამისად, მიჭირს ამაზე კონკრეტული მინიშნება, ეს გამოძიების პრეროგატივაა. ამ საკითხის ირგვლივ ლოგიკური ბმა უნდა წარმოიდგინონ. ეჭვი მაქვს, მაგრამ არასერიოზული იქნება ამის გაცხადება, რადგანაც ვერ დავადასტურებ. როგორც წესი, თუკი ამ სისტემასა და გარემოში მოქმედებს უსაფრთხოების სამსახური, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ეს მათ კისერზე იყოს. თუმცა, დაბეჯითებით ვერ დავამტკიცებ.
- ეს ფაქტი შეიძლება უკავშირდებოდეს ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის ვერსიას?
- რთულია და ესეც გამოძიების სფეროა და თან, ამაში ხელჩასაჭიდ ჯაჭვს ვერ გამოვკვეთავ.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE