"მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში" - ასე გამოეხმაურა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.
ოხანაშვილის განცხადებით, ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას. მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
"მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს დილით განუცხადა, რომ რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია. "სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.