მილიონი დოლარი ქართველი მფრინავის გამოსახსნელად - ახალი დეტალები კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის შესახებ

მილიონი დოლარი ქართველი მფრინავის გამოსახსნელად - ახალი დეტალები კონგოში დატყვევებული სოსო ოსურაულის შესახებ

თითქმის ერთი თვის შემდეგ, საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ადგილობრივ მეამბოხეთა მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაჭრილებსა და დატყვევებულებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეც არის. 30 იანვარს ჟურნალ "არსენალის" ჟურნალისტმა მოიპოვა ინფორმაცია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბრძოლო დავალების შესრულებისას არმიის კუთვნილი ორი Ми-24 ჩამოგდების შესახებ. როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" წყარო იტყობინებოდა, ერთს ბელორუსი, მეორეს კი - ქართული ეკიპაჟი მართავდა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფმა სხვა ქართველმა მფრინავებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივ მეამბოხეებთან მოლაპარაკებებს გაეროს სამშვიდობო ძალები ახორციელებენ, რომლებიც კონგოს ხელისუფლების პოზიციებს მეორე მხარეს აცნობს. მათი თქმით, მეორე მხარეს ბანდფორმირებები წარმოადგენენ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათ გამოსასყიდი თანხა მოითხოვეს...

"ისინი ჩვეულებრივი უკანონო ბანდფორმირებები არიან. გარკვეულ მათგანს სამხედრო წვრთნები გავლილი აქვთ და შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ... ამ ეტაპზე სხვა ვერაფერზე ვისაუბრებთ", - აცხადებენ ისინი, რომელთა თქმითაც, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ტყვე აიყვანეს, შესაბამისად გამოცდილება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს, თუმცა, მათთვის ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია...

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული საქართველოს მოქალაქე სამხედრო მფრინავი სოსო ოსურაულია (ფოტოზე ცენტრში), რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალები დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა. 2014 წელს ის სამსახურს დაუბრუნდა, თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის მარტში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან  კარგი შეთავაზების მიზეზით, დათხოვნის შესახებ განცხადება კვლავ დაწერა. რაც შეეხება დაჭრილს, ის ამჟამად სამშვიდობოს არის და მკურნალობას კონგოს ქალაქ გომაში გადის, რომელიც აფრიკაში მყოფი ქართველი მფრინავების თქმით, კონგოს ჩრდილოეთით მდებარეობს.

რაც შეეხება 27 იანვარს მომხდარ ფაქტს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, უგანდის საზღვართან ახლოს, ამ ქვეყნის ორმა Ми-24 ტიპის დამრტყმელმა შვეულმფრენმა განიცადა ავარია. თავდაპირველად, ეს ინფორმაცია ბელგიურმა და ფრანგულმა პრესამ გაავრცელა. მათი წყაროები იტყობინებოდნენ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი დამრტყმელი შვეულმფრენი მეამბოხეთა ჯგუფის აღმოსაჩენად კივუს პროვინციაში გაფრინდა.

ტყით დაფარული მთაგორიანი რელიეფის გასწვრივ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, რა დროსაც მათ ხმელეთიდან ცეცხლი გაუხსნეს. ერთი შვეულმფრენი მკვეთრი ანტისაზენიტო მანევრის დროს კუდის ხრახნით ხეებს წამოედო და მიწაზე დაეცა. მსგავს ვითარებაში განიცადა ავარია მეორე შვეულმფრენმაც, თუმცა, შესაძლოა, ისინი საბრძოლო დაზიანებების შედეგად ჩამოაგდეს...

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩამოგდებულ შვეულმფრენებს რუსები მართავდნენ, თუმცა მალევე დაზუსტდა, რომ შვეულმფრენების ეკიპაჟებში ბელორუსები და ქართველები იყვნენ. მალე გაირკვა, რომ 27 იანვრის საღამოს ორმა საძიებო შვეულმფრენმა, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მანდატით მოქმედ სამხრეთ­აფრიკულ სამშვიდობო ძალებს (MONUSCO) ეკუთვნოდნენ, ავარიის ადგილიდან ის ხუთი დაზარალებული გაიყვანა, რომლებიც "ბელორუსულ" შვეულმფრენში ისხდნენ.

იმავე წყაროს თქმით, მეამბოხეების მიერ ტყვედ იყო აყვანილი მეორე შვეულმფრენში მსხდომი ოთხი მფრინავიც, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ერთი მათგანი დაჭრილი იყო და ის გომას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე, - სოსო ოსურაული კი ამბოხებულებს ტყვედ ჰყავდათ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1960 წლამდე ბელგიის კოლონია იყო. 1971 წელს მას ზაირის რესპუბლიკა ეწოდა, თუმცა 1997 წლიდან ძველი სახელი დაუბრუნდა... წლებია კონგოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, - შეიარაღებული ძალები ანტიპარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებენ, რომელიც ძირითადად, ჩრდილოეთ კივუს პროვინციის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის (მოქალაქეების) მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. მათივე თქმით, უწყებისთვის არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ... "საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან, რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იმედია, ქართველი პილოტის კონგოელი ამბოხებულების ტყვეობიდან გამოხსნა მოხერხდება და ის ოჯახს მშვიდობიანად დაუბრუნდება.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე