თორნიკე ყაჯრიშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემის - "თავისუფალი თემა" - ჟურნალისტია. მის მიერ მომზადებულმა სიუჟეტებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. თორნიკე დღესაც აქტიურად აშუქებს უბრალო ადამიანების ცხოვრებას და გულისხმიერი მაყურებლის წყალობით, ბევრი ადამიანის ბედი სასიკეთოდ იცვლება... გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის თორნიკე ყაჯრიშვილი უკეთ გაგვეცნო...
- ყოველთვის თეატრალურ უნივერსიტეტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ სკოლის დამთავრების მერე ვერ მოვახერხე: როცა ატესტატი ავიღე, თეატრალურში მისაღები გამოცდები უკვე დასრულებული იყო. წელი უქმად რომ არ დამეკარგა, საბუთები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევიტანე. ჟურნალისტიკამ ძალიან დამაინტერესა. უნივერსიტეტში სწავლა ისე დავასრულე, რომ თეატრალურში ჩაბარების სურვილი აღარ გამჩენია.ჩემი პირველი სამსახური ჟურნალი "გზა" იყო. კარგად მახსოვს, "გზის" მაშინდელი რედაქტორის - ზურაბ აბაშიძის პირველი მესიჯი, რომელიც 2007 წლის 2 იანვარს გამომიგზავნა: შენი პირველი სტატია დაიბეჭდა, გზა დამილოცია, კეთილი სურვილებითო... ჩემს ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო, როცა ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას ჩემი გვარ-სახელი ეწერა. "გზაში" 2 წელი ვიმუშავე. შემდეგ სხვა კომპანიაში გადავედი, 3 წლის წინ კი ისევ "პალიტრამედიაში" დავბრუნდი: ახლა სტატიებს გაზეთისთვის, ინტერნეტპორტალებისთვის ვწერ, ტელევიზიაში ვმუშაობ...
- ტელევიზიით რატომ დაინტერესდი?
- ტელევიზიაში მუშაობა ყოველთვის მაინტერესებდა. "პალიტრა მედიაში" მოსვლისას მითხრეს, რომ შემეძლო, საკუთარი თავი ყველგან მომესინჯა. ტელევიზიაში სიუჟეტების გაკეთება გადავწყვიტე. კარგად მახსოვს, ხელის პატარა კამერით ვმუშაობდი - ოპერატორიც მე ვიყავი, ჟურნალისტიც და მემონტაჟეც. ჩემი 2-3-წუთიანი სიუჟეტები "პალიტრა TV"-ის საიტზე ქვეყნდებოდა. შემდეგ გავიგე, რომ ჩვენს პროფესიონალ ოპერატორებს ჩემზე უთქვამთ: - ამ ბიჭს წერა გამოსდის, ტელევიზიაში მუშაობა კი - არაო. მაგრად "გამიტყდა", მაგრამ ამან დიდი სტიმული მომცა, საკუთარ თავზე უფრო მეტად მემუშავა... ვრცელი სიუჟეტების კეთება შარშანწინ, გადაცემა "ლურჯი ვაშლისთვის" დავიწყე. როგორც მეუბნებოდნენ, ნელ-ნელა "ვიზრდებოდი". ახლაც პროფესიულად ზრდის პროცესში ვარ - ყველა სიუჟეტზე მუშაობისას რაღაც ახალს ვსწავლობ...
- გადაცემა "თავისუფალი თემის" ჟურნალისტი როგორ გახდი?
- "პალიტრანიუსის" გამოჩენისთანავე, ამ გადაცემის შექმნის იდეაც გაჩნდა. "თავისუფალი თემა" ყველა სფეროს მოიცავდა, პოლიტიკის გარდა, პატარ-პატარა, 10-წუთიანი ფილმ-სიუჟეტების სახით. გადაცემის მიზანი იყო, მაყურებლისთვის გვეჩვენებინა უბრალო ადამიანების ცხოვრება და უკეთესობისკენ შეგვეცვალა. მეორე წელი დაიწყო, რაც ეს გადაცემა ეთერში გადის. ამ ხნის განმავლობაში, მართლაც ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალეთ. ახალი სატელევიზიო სეზონიდან, "თავისუფალი თემის" ფორმატი კონკრეტულ ჩარჩოებში ჩაჯდა - გადაცემა მხოლოდ სოციალურ თემებს ეძღვნება, რაც მსგავსი თემებისადმი მაყურებლის დიდმა ინტერესმა განაპირობა.
- "თავისუფალ თემაში" ყველაზე მეტი გამოხმაურება რომელ სიუჟეტს ჰქონდა?
- არასოდეს მავიწყდება მცხეთაში მცხოვრები ყალიონაშვილების ოჯახის შესახებ გადაღებული სიუჟეტი: რამდენიმე არასრულწლოვანი ბავშვი, მოხუც ბებიასა და მამიდასთან ერთად, მორყეულ, ფიცრულ სახლში ცხოვრობდა. სახლი წაქცევის პირას იყო მისული... რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა დაგვირეკა და ამ ოჯახის კოორდინატები გვთხოვა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც შეგვეხმიანენ. გასაჭირში მყოფ ოჯახს ხალხი საყოფაცხოვრებო ნივთებით, საკვებით, ფინანსურად დაეხმარა. საპირფარეშო, აბაზანა აუშენეს, სახლი გაუმაგრეს... სხვათა შორის, ამ ოჯახის დასახმარებლად ადამიანები დღემდე გვირეკავენ... არაერთი მსგავსი ამბის გახსენება შემიძლია, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
- როგორც ვიცი, ამერიკაშიც იმოგზაურე...
- ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი დღე იყო, როცა სამსახურში მისულს ჩემმა პროდიუსერმა - მაკა ლომიძემ მითხრა, - ამერიკაში მიდიხარო. თავიდან ყურებს არ დავუჯერე. როცა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მე მითხრა, ყველაზე მაგარი შეგრძნება დამეუფლა, რაც ამ 30 წლის განმავლობაში მქონია!.. ნიუ-იორკში 12 დღე გავატარე. თითოეული დღე შთამბეჭდავი იყო. 30 წელი ნიუ-იორკში შემისრულდა. ვხუმრობდით, - 30 წლის იუბილე ნიუ-იორკზე ნაკლებ ადგილას არ უნდა აღნიშნოო (იცინის). ძალიან მაგარი იყო!..
ამერიკიდან საკმაოდ კარგი რეპორტაჟები ჩამოვიტანე. დაახლოებით, 6 სიუჟეტი მოვამზადე. ყველა მათგანი ამერიკაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ეძღვნებოდა. ვეცადე, ამ სიუჟეტებით მეჩვენებინა ემიგრანტების ყოველდღიური ცხოვრება, საზრუნავი და რის ფასად უჯდებათ საქართველოში მყოფი საკუთარი ოჯახების რჩენა... ამერიკის გარდა, ავღანეთშიც გახლდით 28 აგვისტოს, სადაც ქართველი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფებიან. ყველაზე დაუვიწყარი 3 დღე მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გავატარე. ავღანეთიდან რეპორტაჟი ჩამოვიტანე, რომელიც როგორც მეუბნებიან, ძალიან კარგი გამოვიდა...
- ავღანეთში მარიამობის დღესასწაული როგორ აღნიშნეთ?
- ძალზე ემოციური იყო! წარმოიდგინეთ, ავღანეთში, ამერიკულ ბაზაში, ქართველი ჯარისკაცების მიერ ლოდებით აშენებული წმინდა გიორგის სახელობის ძალიან პატარა და ლამაზი ტაძარი დგას... ეს მარიამობის დღესასწაულის ყველაზე განსხვავებული ლიტანიობა იყო, რაც კი ოდესმე მინახავს... ავღანეთიდან ძალიან ამაყი ჩამოვედი, რადგან ასეთი მაგარი ჯარისკაცები გვყავს!
- განტვირთვისთვის რას აკეთებ?
- როგორც თეატრში, სპექტაკლის შემდეგ, შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებლების აპლოდისმენტების მიხედვით აფასებს, რამდენად კარგად ითამაშეს მსახიობებმა, თითქმის ასეა ჩემს შემთხვევაშიც: როდესაც გადაცემასა თუ სტატიას მაყურებლების, მკითხველების კარგი გამოხმაურება მოჰყვება, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, ამ დეროს დადებითი ემოციებით ვიმუხტები... რაკი მთლიანად პროფესიულ საქმიანობაში ვარ ჩართული, მეგობრებთან იშვიათად ვარ. ბოლო დროს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად ვმოგზაურობ - ზოგჯერ სამსახურის გამო, ზოგჯერ - მეგობრებთან ერთად. მშვიდ გარემოში მეგობრებთან ერთად ყოფნა ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა... საყიდლებზე სიარულით ვისვენებ. ძალიან მიყვარს ფეხსაცმელები. ამას წინათ, დავითვალე და აღმოჩნდა, რომ ზუსტად 33 წყვილი ფეხსაცმელი მაქვს.
- ყოფილა შემთხვევა, რომ მთელი ხელფასი ფეხსაცმელში დაგიხარჯავს?
- კი. მახსოვს, ერთხელ 3 წყვილი ფეხსაცმელი ვიყიდე. არ ვიცი, რამ გამაგიჟა... ძალიან მომეწონა... მერე 3 წყვილი ფეხსაცმლის გამო, მთელი თვე ძალიან ეკონომიურად ვიცხოვრე.
- პოპულარობას გრძნობ?
- პოპულარობის განცდა არ მაქვს, თუმცა ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად უკითხავთ - თორნიკე თქვენ ხართო? ბოლო დროს, ასეთი შემთხვევები გახშირდა. სასიამოვნოა, როცა ვიღაც შენს სიუჟეტს უყურებს და შემდეგ, ამის შესახებ პირადად გეუბნება...
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- მყავს შეყვარებული. ერთად კარგად ვართ.
- ჩვენივე სფეროს წარმომადგენელია?
- არა, მაგრამ სიუჟეტის გადაღებისას გავიცანი. შემდეგ დავმეგობრდით, მერე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა...
- შენს სამუშაო გრაფიკს როგორ ეგუება?
- გაგებით ეკიდება (იცინის), რადგან თავადაც მუშაობს, შრომის ფასი იცის. მაქსიმალურად ცდილობს კომფორტი შემიქმნას.
- ჟურნალისტები ხშირად დღესასწაულებზეც ვმუშაობთ. საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზების მოწყობას თუ ახერხებ?
- ახლახან, ვალენტინობის დღესასწაულზე, სვანეთში ვიყავი: სვანურ დღესასწაულს - ლამპრობას ვიღებდით. ვალენტინობა საყვარელ ადამიანთან ერთად ვერ გავატარე, მაგრამ როცა დავბრუნდი, სიურპრიზი მაინც გავუკეთე და დანაშაული ასე გამოვისყიდე (იღიმის).
- თორნიკე, ისეთ სფეროში მუშაობ, რომ კინემატოგრაფშიც უკეთ გაერკვეოდი, ამ სფეროში სანაცნობო წრეს გაიჩენდი... რეჟისურაში ძალის მოსინჯვაზე არ გიფიქრია?
- ჩემი ბავშვობის დროინდელი სურვილი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ბიძაშვილი რეჟისორი მყავს (თინათინ ყაჯრიშვილი). წარმოშობით სიღნაღიდან ვარ. როცა ბავშვობაში თბილისში ჩამოვდიოდი, თიკოს ოჯახს ვსტუმრობდი. მაშინ თიკო თეატრალურში სწავლობდა და ბავშვობიდან სპექტაკლებზე, გადაღებებზე დავყავდი. რეჟისორობის სურვილიც ალბათ ამიტომ გამიჩნდა. ფილმების გადაღებას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩემი ყველა სიუჟეტი პატარა, დოკუმენტური ფილმია. ასე რომ, გარკვეულწილად, ჩემი ბავშვობის სურვილი ავიხდინე... ამერიკაში ხელმეორედ სიამოვნებით გავემგზავრები: მინდა, იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადავიღო...
- მშობლიურ სიღნაღს ხშირად სტუმრობ?
- ხანდახან თვეები ისე გადის, რომ ვერ ვახერხებ წასვლას. თუ გადაღება კახეთში მაქვს, ზოგჯერ სახლში შევლასაც ვერ ვახერხებ, რადგან დროში ძალიან შეზღუდული ვარ. ერთი თვის წინ, სამუშაო გვიან დავასრულე. დედაჩემის დაბადების დღე დგებოდა. გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად კახეთში წავსულიყავი და დედაჩემისთვის დაბადების დღე მიმელოცა... დედას ტორტითა და სანთლებით დავადექით და გავაღვიძეთ. შოკში იყო (იღიმის)!..
- დასასრულ, რას გვეტყვი?
- იმას, რომ "პალიტრამედია" ჩემი მეორე სახლია. ვხუმრობ ხოლმე, - ხალათსა და ჩუსტებს მოვიტან და ბარემ, აქვე დავიძინებ-მეთქი (იცინის). სამსახურში ბევრ დროს ვატარებ. აქ ყველა ოჯახის წევრად მიმაჩნია. რაც მთავარია, გუნდურად ვმუშაობთ. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ყოველთვის ხარისხიან "პროდუქტს" ვქმნით...